"ილია ჯიშკარიანს გაუპატიურება არ უცდია, მაგრამ..." - რას ამბობს საკრებულოს დეპუტატის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ილია ჯიშკარიანს გაუპატიურება არ უცდია, მაგრამ..." - რას ამბობს საკრებულოს დეპუტატის ადვოკატი?

ბრალის დადგენილებაში საუბარია, რომ ილია ჯიშკარიანს გაუპატიურება არ უცდია, მაგრამ სხვა ძალადობას ჰქონდა ადგილი. რამ შეუშალა ხელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ თუ რამე განზრახვა ჰქონდა, ეს სისრულეში მოეყვანა? - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს დეპუტატის, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

როგორც კუბლაშვილი აცხადებს, ის ბრალის დადგენილებას გაეცნო, რომელიც ერთი ადამიანის ჩვენებაზეა დაყრდნობილი.

"ბრალის დადგენილებაში საუბარია, თითქოს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იმ ქალბატონს კისერში აკოცა, შემდეგ კი ჩაეხუტა. თუმცა, არ წერია, რამ შეუშალა ხელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ თუ რამე განზრახვა ჰქონდა, ეს განეხორციელებინა. საოცარი ის არის, რომ თურმე, ადამიანზე იძალადა და გაუპატიურება არ უცდია, ანუ მოტივი არ ჰქონია.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ცხოვრებიდან ერთი ფაქტი მაინც მომიყვანონ, როცა მან თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ილია ჯიშკარიანს აბრალებენ იმას, რაც თავად ჩაიდინეს. ამ გოგომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაუწყო აფექტურ მდგომარეობაში საუბარი, თუ რატომ არ უმატებდა ხელფასს. ის ხელფასის მომატებას ხშირად სთხოვდა. ასევე სთხოვდა სხვადასხვა სამსახურებში რეკომენდაციის გაწევას. რეკომენდაციის გაწევის მიუხედავად, მან გასაუბრებები წარმატებით ვერ გაიარა, რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აბრალებდა.

მხოლოდ ერთი პირის ჩვენებას ეყრდნობა ბრალი. დასჯილი და დაზარალებული ჩემი მხარეა", - განაცხადა კუბლაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, ილია ჯიშკარიანი მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ დააზარალა.

"ბრალს გავეცანით და ამის საპასუხოდ ვაცხადებ: დროა, ჩვენ მოგვისმინონ და ვიდრე წინასწარ დასკვნებს გამოიტანენ, მეორე მხარის განმარტებებსაც გაეცნონ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ და მისი ამ საკითხისადმი დამოკიდებულებამ დააზარალა, რომელმაც უფრო მაღლა დააყენა პიროვნული შეხედულებები, როგორც მამაკაცის და თავის ოპონენტს არ გაუთანაბრდა, რომელსაც შეუძლია ყველაფერი ისაუბროს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ, საავადმყოფიში გააცნეს. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. რაც შეეხება თამთა თოდაძეს, რომელიც ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

"ინტერპრესნიუსი"