"ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია განმეორებით ყაჩაღობაზე, სიცრუეა" - კვირის პალიტრა

"ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია განმეორებით ყაჩაღობაზე, სიცრუეა"

"არ ვიცი, რა მოხდა მის ცხოვრებასა და ცნობიერებაში"

2010 წლის 24 ნოემბერს ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა ყაზბეგის გამზირზე #43-ში მდებარე ლომბარდზე ყაჩაღურად თავდასხმის ფაქტზე დააკავეს არმაზ ხარძიანი. გამოძიების ინფორმაციით, არმაზ ხარძიანი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული შეიჭრა ლომბარდში, საფანტიანი იარაღი გაისროლა, 2.005 ლარი, 130 ევრო და 490 აშშ დოლარი გაიტაცა და შემდეგ მიმალვა სცადა. ინციდენტს შეესწრნენ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლები, რომელთაც არმაზ ხარძიანი დააკავეს და თანხა და პისტოლეტი ჩამოართვეს.

ამ ამბავმა გაგვაოგნა, - ჩვენი კოლეგა არმაზ ხარძიანი მედიასახლ "პალიტრის" სხვადასხვა გამოცემაში მუშაობდა: გაზეთ "ყველა სიახლეში" სატირულ-იუმორისტულ რუბრიკა "ჩაროზ(გ)ს" უძღვებოდა, გაზეთ "კვირის პალიტრაში" კი რუბრიკა "ავტოსალონთან" თანამშრომლობდა.  მედიასახლ "პალიტრის" გარდა არმაზ ხარძიანი ჟურნალ "თბილისელებსა" და სხვა გამოცემებშიც იბეჭდებოდა.

"კვირის პალიტრის" მედიასახლში მას იცნობდნენ როგორც მოწესრიგებულ და ნიჭიერ ჟურნალისტს.

ირაკლი გაბრიჭიძე, არმაზ ხარძიანის ადვოკატი: - არმაზმა დანაშაული აღიარა. სამწუხაროდ, ეს ფაქტი მოხდა, მაგრამ როგორც აცხადებენ, განმეორებითი ყაჩაღობა ნამდვილად არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ტელევიზიებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მან 20 სექტემბერს იგივე ლომბარდი დააყაჩაღა. ეს სიცრუეა და ეს ხარძიანს არც ბრალად აქვს წაყენებული.

თამაზ ცერცვაძე, გაზეთ "ყველა სიახლის" მთავარი რედაქტორი: - 24 ნოემბერს, საღამოს 6 საათისთვის, არმაზი დამეთხოვა. მითხრა, თუ აღარ გჭირდები, წავალო. ოთხშაბათი იყო, ამ დღეს გაზეთი სტამბაში მიდის დასაბეჭდად და საქმეში ვიყავით ჩართული. გაზეთის კეთება რომ დავასრულეთ და არმაზი არ  გამოჩნდა, შევწუხდით. უკვე გვიანი იყო, არმაზის ოჯახმაც  დაგვირეკა, აღმოჩნდა, რომ არც სახლში მისულიყო.

როდესაც მისი ოჯახის წევრები რედაქციაში მოვიდნენ, სწორედ მაშინ დაურეკეს მის მეუღლეს პოლიციიდან, გამომძიებელმა შეატყობინა, რომ არმაზი დაკავებული იყო. ღამის 3-4 საათი იქნებოდა, პოლიციის განყოფილებაში რომ მივედით. გვითხრეს, არმაზი ყაჩაღობის გამო დავაკავეთო. ვიფიქრე, ალბათ, სახელი და გვარი ემთხვევა და სხვა არმაზ ხარძიანი ჰყავთ დაკავებული-მეთქი. როცა დადასტურდა, რომ ყაჩაღობაში ბრალდებული პირი მართლაც არმაზი იყო, შოკში ჩავვარდი, გაოცებისაგან აღარ  ვიცოდი, რა მექნა.

არმაზს დიდი ხანია ვიცნობ, ფაქტობრივად, ჩემს ხელშია გაზრდილი. მე მას ვიცნობდი როგორც ძალიან წესიერ, ერთგულ და უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს. არ ვიცი, რა მოხდა ასეთი მის ცხოვრებასა და ცნობიერებაში, არ ვიცი, რამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. იყო ძალზე ნიჭიერი  ჟურნალისტი, მას თვალდახუჭული ვენდობოდი. წინასწარ პატიმრობას რომ უფარდებდნენ, სასამართლო პროცესს დავესწარი.

არმაზმა თქვა, ჩემთვის ახლა ყველაზე დიდი სასჯელი ის არის, რომ ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების წინაშე სასამართლოში ვდგავარო.

ჩვენ დავუკავშირდით ჟურნალ "თბილისელებსაც", სადაც არმაზ ხარძიანი სპორტულ გვერდს უძღვებოდა.

ზაალ ცინაძე, ჟურნალ "თბილისელების" პასუხისმგებელი რედაქტორი: "შოკში ვარ, რადგან არმაზს ვიცნობდი როგორც ერუდირებულ, განათლებულ და სანდო პიროვნებას. ძალზე გულისხმიერი იყო, ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა. თუკი ვინმეზე შეიძლებოდა კარგი მეთქვა, ეს არმაზი იყო. ხუთი წელია ერთად ვმუშაობთ და შენიშვნა არასოდეს დაუმსახურებია. არ ვიცი, რა მოხდა, რა გასაჭირი დაადგა ასეთი, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. გაოგნებული და დაზაფრული ვარ".

არმაზ ხარძიანი განათლებით იურისტია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩვენ დავუკავშირდით მის მეუღლეს, დიანა ხარძიანს, რომელმაც განაცხადა, რომ თავადაც გაოგნებულია და არაფერი იცის.

P.S. ეს ისტორია დანაშაულთან ერთად დიდი ადამიანური ტრაგედიაც არის. ჩვენ შემდგომში შევეცდებით გავარკვიოთ, რა გახდა ამის რეალური მიზეზი და იყო თუ არა დაკავშირებული ეს დანაშაული ვალებთან.