"ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა" - ილია ჯიშკარიანის პირველი კომენტარი მასთან დაკავშირებულ სკანდალზე - კვირის პალიტრა

"ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა" - ილია ჯიშკარიანის პირველი კომენტარი მასთან დაკავშირებულ სკანდალზე

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ თანაშემწის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

ჯიშკარიანს "ინტერპრესნიუსი" ექსკლუზიურად ესაუბრა. როგორც საავადმყოფოში მყოფმა დეპუტატმა სააგენტოს განუცხადა, მისთვის ბრალის წარდგენა შოკისმომგვრელი იყო. ამასთან, ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას იწყებს.

"ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ.

კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.

სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამმრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ", - განაცხადა კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს გუშინ, 8 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

"ინტერპრესნიუსი"