"ქალი ჭიჭიაშვილის დაჯგუფებაში იყო შეგზავნილი და მისი მოკვლა სცადა - საჭმელში საწამლავი გაურია" - რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჭიჭიაშვილის გასვენებაში მომხდარი ინციდენტი?
"ქალი ჭიჭიაშვილის დაჯგუფებაში იყო შეგზავნილი და მისი მოკვლა სცადა - საჭმელში საწამლავი გაურია" - რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჭიჭიაშვილის გასვენებაში მომხდარი ინციდენტი?
უკრაინაში სპეცოპერაციისას მოკლული კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი 8 ოქტომბერს საქართველოში დაკრძალეს. ახმეტის ერთ-ერთ რესტორანთან, სადაც ქელეხი გაიმართა, ინციდენტი მოხდა - ახმეტის მკვიდრმა ქალმა მ.ქ.- მ ჭირისუფლებს ავტომანქანა დააჯახა. ქელეხში მყოფი ჭიჭიაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ქალმა განზრახ ჩაიდინა დანაშაული, თუმცა რა მოტივით, არ იციან. სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებული არ არის, თუმცა შსს-ში დაიბარეს და გამოკითხეს.

ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ორივე მთგანს მკურნალობის კურსი უტარდება. ერთ-ერთი დაშავებული,
38 წლის ქალბატონი ახმეტიდან იმავე ღამით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავში, ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, მას მოტეხილობები და სხეულზე ესკორიაციები აღენიშნება. რაც შეეხება მეორეს - მამაკაც პაციენტს, მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისში გადმოყვანა გახდა აუცილებელი. შსს-ს ინფორმაციით, საქმე ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლითაა აღძრული. ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებას და
დამნაშავის დასჯას მოითხოვს.

შოთა ჭიჭიაშვილის ბიძა ელდარ ჭიჭიაშვილი ინციდენტის დეტალებს იხსენებს და ეჭვობს, რომ ქალბატონმა მის ნათესავებს მიზანმიმართულად დააჯახა ავტომანქანა.

- არც ვიცი ვინაა ეს ქალბატონი. რესტორნის წინ ვიდექით, სადაც სუფრა იყო გაშლილი, ხალხი იშლებოდა, რა დროსაც ეს ქალბატონი მოგვიახლოვდა, ჯერ ჭირისუფლებს აგინა, მერე ჩაჯდა ავტომანქანაში და მიზანმიმართულად შემოვარდა ხალხში. ორი ადამიანი დაშავდა, ისე დაეჯახა, 5 მეტრზე გადაისროლა ისინი. კაცს გადახსნილი ჰქონდა ფეხი, მუხლშია გადამტვრეული, თბილისში წაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს. თელავის კლინიკაში ჩემი რძალია - ძმის შვილის ცოლი. არ ვიცი, ეს ქალი მისი ინიციატივით მოვიდა, თუ შემოგდებულია, ვიღაცის მოგზავნილი პროვოკატორი.

- გვარით თუ ვიმსჯელებთ, ქალბატონი პანკისელია, რა ჯავრი სჭირდა ასეთი, იქნებ ეს წარსულს უკავშირდება?
- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. პანკისელი კია, მაგრამ ახმეტაში ცხოვრობს, მას არ ვიცნობ, გავიკითხე და მითხრეს, რომ ერთი უზნეო და გარეწარი ქალია, რომელიც ყოველ წუთში მამაკაცზე უარესად იგინება. რა ვიცი, რა არ მოეწონა. ეს ქალი ხალხში შემოვარდა, ჯერ გინება დაიწყო, თქვენ ვინა ხართ, თქვენი დედაც და თქვენი მიცვალებულისაცო. ბუნებრივია, ხალხსაც ჰქონდა რეაქცია, მერე გატრიალდა, ჩაჯდა მის ავტომანქანაში და ხალხის მასაში შემოვარდა. ყველამ დაინახა, რომ მან განზრახ დააჯახა ჩვენს ნათესავებს ავტომანქანა, რა ავტოსაგზაო შემთხვევა? ან რა გამოძიება, ეს ქალბატონი გამოკითხეს და სახლში გაუშვეს. თურმე ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ, ალბათ ჯარიმას გადაიხდის და დამთავრდება ყველაფერი. პოლიციაში დაკითხვაზე ვიყავი, ის ქალბატონი მოვიკითხე, დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ მითხრეს, გაუშვესო. ეჭვი გვაქვს, ეს ქალი აშკარად მოგზავნილი იყო. ვიდრე გამოძიება სიმართლეს არ დაადგენს, არაფრის მტკიცება არ შემიძლია, თუმცა მეც და თვითმხილველებსაც გვაქვს ეჭვი, რომ ეს დანაშაული მან მიზანმიმართულად ჩაიდინა.

kvirispalitra.ge-ს პანკისელი წყარო უყვება, რომ მომხდარი შესაძლოა წლების წინ პანკისში შოთა ჭიჭიაშვილის სახელთან დაკავშირებულ მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს.

"2000 წელს, პანკისში ქალი მოკლეს, ვინმე ნ.ქ., რომელიც შოთა ჭიჭიაშვილის დაჯგუფებაში იყო შეგზავნილი და მისი მოწამლვა სცადა - საჭმელში საწამლავი გაურია. კრიმინალური ავტორიტეტი მოწამვლას გადაურჩა, შეიტყო ეს ამბავი, რის მერეც ნ.ქ. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ნახეს. თუ სწორად მახსოვს, ჭიჭიაშვილმა ეს დანაშაული აღიარა კიდეც. მ.ქ. მოკლული ქალის ნათესავია და მისი აგრესიის და შურისძიების ასე გამოხატვის ფორმაც, სავარაუდოდ, ამ კრიმინალურ ისტორიას უნდა უკავშირდებოდეს".


(სპეციალურად საიტისთვის)

შოთას ნათესავი
11 ოქტომბერი 2019 13:51
შოთას თავი დაანებეთ, ჩვენ, მის ოჯახის წევრებს და ნათესავებს სასტიკად არ მოგვწონს რასაც მასზე წერთ, გარდაცვლილის სულს პატივი ეცით, და მოეშვით ქექვას.
ვისაც რაიმე კითხვა თუ გაგაჩნიათ, შოთას ინტერვიუ წაიკითხეთ სადაც მან თავად, ამომწურავად გასცა ყველაფერს პასუხი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები