"ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს" - რატომ გააძევა მოსამართლემ ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან - კვირის პალიტრა

"ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს" - რატომ გააძევა მოსამართლემ ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან

ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს, - ასე მიმართა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი კერატიშვილს ბრალდებულმა დეპუტატმა ნიკა მელიამ.

თავდაპირველად მოსამართლემ ნიკა მელია რამდენჯერმე გააფრთხილა, ცალკეული რეპლიკებისგან თავი შეეკავებინა, თუმცა საბოლოო ჯამში, მან დეპუტატის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა, გაეთვალისწინებინა მისი ადვოკატის შუამდგომლობა. კერძოდ კი, დაცვის მხარემ სხდომაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ემსჯელა. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განმარტებით, შუამდგომლობას დართული აქვს იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ხელმოწერები, რომლებიც მელიას თავდებში უდგებიან. ადვოკატის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენის პროცესი, ნიკა მელიას თავდებში მყოფი დეპუტატები კანდიდატების გასაუბრების პროცესს უნდა დაესწრონ, ამიტომ სასამართლო სხდომაზე სრულად დასწრებას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, ადვოკატმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, უმჯობესი იქნება, თუ სასამართლო, პირველ რიგში, იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე ან ალტერნატიული სახით შეცვლაზე. მოსამართლე გიორგი კერატიშვილის განცხადებით, ის ვერ გადაუხვევს პროცედურულ წესებს, თუმცა გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას და თუ საჭირო გახდება სასამართლო პროცესს ჩანიშნავს ისეთ დროს, როცა მელიას თავდებში მყოფი დეპუტატები სხდომაზე დასწრებას შეძლებენ.

ნიკა მელიამ სწორედ ამ შუამდგომლობის გათვალისწინება სთხოვა მოსამართლეს, რაზეც მოსამართლემ აღნიშნა, რომ ამის თაობაზე შესაბამისი პასუხი გასცა ადვოკატს. ნიკა მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ მას ურეკავენ და ისე იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ასე არ არის, "მაშინ დაიფიცოს", რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ მას არავინ ურეკავს და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

"გაგაძევებთ სხდომის დარბაზიდან. ეს არ არის სხდომის დარბაზი, სადაც ფიცს დებს მოსამართლე. მე არავინ მირეკავს, გაჩუმდით", - მიმართა მოსამართლემ მელიას.

თავის მხრივ, მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ჩაქუჩი დაურტყას "ჩუნჩალაძეს, მურუსიძეს და თადუმაძეს". ამის შემდეგ მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ბრალდებული ნიკა მელია სხდომის დარბაზიდან გააძევა.

"ინტერპრესნიუსი"