"მას შვილებიც არ ჰყვარებია, თორემ ბავშვებს დედას არ მოუკლავდა"
"მას შვილებიც არ ჰყვარებია, თორემ ბავშვებს დედას არ მოუკლავდა"
ფოტო:მოკლული ნათია გოგალაძე
ხაშურში მომხდარ შემზარავ მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე პოლიციამ დააკავა. შეგახსენებთ, რომ მან ყოფილი მეუღლე, 31 წლის ნათია გოგალაძე 11 ოქტომბერს სადისტურად მოკლა. იგი თამარ მეფის ქუჩაზე ყოფილ მეუღლეს დილის 11 საათზე შეიარაღებული სამსახურში მიუვარდა, ოთახში ჯერ ხელყუმბარა შეუგდო და როცა ნახა, ის არ აფეთქდა, სროლა ატეხა, შეშინებულმა ქალმა გაქცევა შეძლო, თუმცა მოძალადემ ის დაიჭირა და იარაღის კონდახით სასტიკად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალს დაზიანებები ძირითადად თავში ჰქონდა და დასისხლიანებული სასწრაფოს ბრიგადამ ხაშურის
რეფერალურ საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანა. ექიმები ამბობდნენ, რომ პაციენტი უგონო, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, ასევე ძალიან დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. სამწუხაროდ ახალგაზრდა ქალი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა მას მიაგნეს და წუხელ
დააკავეს. აღიარებს თუ არა დანაშაულს ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე, ეს მალე გაირკვევა. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული ცოლის მკვლელობის მიზეზად შვილებთან ურთიერთობაში ხელის შეშლას ასახელებს. ამბობს, რომ ნათია მას შვილების ნახვას უკრძალავდა და ამიტომ მოკლა ყოფილი ცოლი. თუმცა ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმებიან მოკლულის ოჯახის წევრები. ისინი თვლიან, რომ მკვლელობა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით ჩაიდინა, რადგან მას ცოლთან განქორწინება არ სურდა.

როგორც ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, ნათია გოგალაძე მეუღლეს 6 წლის წინ გაშორდა, მათ ტრაგედიის დღეს, 4 საათზე, სასამართლო პროცესი უნდა ჰქონდათ და ისინი ოფიციალურად უნდა განქორწინებულიყვნენ.

"როგორც ჩანს, მისმა ყოფილმა ქმარმა ვერ აიტანა ასეთი ბედნიერი რომ იყო ნათია თავის შვილებთან. ეტყობა განქორწინებაც არ უნდოდა და ასე სადისტურად იმიტომ გაუსწორდა",- ამბობს ნათესავი.

პოლიცია საქმეში მაშინათვე ჩაერთო. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ გამნაღმველები, რათა იქიდან ამოეღოთ ის ხელყუმბარა, რომელიც დამნაშავემ ცოლს ესროლა. მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციაც კი მოხდა. 5 საათი გრძელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, შემთხვევის ადგილზე იპოვეს გასროლილი მასრები და საქმეს ნივთმტკიცებად დაერთო. ექსპერტიზა ჩატარდება და მალე გაირკვევა რა იარაღიდან ისროდა დამნაშავე. როგორც ექიმები ტომოგრაფიაზე დაყრდნობით ამბობდნენ, ახალგაზრდა ქალს სხეულზე ცეცხლნასროლი ჭრილობა არ აღენიშნებოდა, როგორც ჩანს, ის მოძალადის ტყვიებს დაუსხლტა, თუმცა სამწუხაროდ ვერ დაუსხლტა ხელიდან მოძალადე ყოფილ ქმარს, რომელმაც თურმე იმ იარაღის კონდახით გაუჩეჩქვა ქალს თავი, რომლიდანაც ტყვიებს ესროდა.

ახალგაზრდა ქალის, ნათია გოგალაძის ინტერესებს ადვოკატი მაია პირველაშვილი იცავდა. ნათიას ის წინა დღეს ტელეფონით ესაუბრა. შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს, 4 საათზე სასამართლოში შეხვდებოდნენ ერთმანეთს, სადაც მოსამართლეს ცოლ-ქმრის განქორწინების საკითხი უნდა გადაეწყვიტა. იმ დროს როცა ნათია სიკვდილს ებრძოდა, სასამართლო სხდომა გაიხსნა. სხდომას დაესწრო როგორც ნათიას ადვოკატი, ასევე მისი ყოფილი მეუღლის ადვოკატი. ადვოკატმა მაია პირველაშვილმა მომხდარის გამო სასამართლო პროცესის გადადება მოითხოვა, იმ იმედით, რომ მსხვერპლი სიკვდილს გადაურჩებოდა. სხდომა მოსამართლემ 25 ოქტომბერს ჩანიშნა, თუმცა პროცესიდან გამოსულმა ადვოკატმა სულ მალე შეიტყო, რომ ნათია გოგალაძე გარდაიცვალა.

მაია პირველაშვილი, ნათია გოგალაძის ადვოკატი:
- რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ, იმის მიუხედავად, რომ 6 წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. ქმარი არ აძლევდა გოგოს გასაქანს, არ იყო თანახმა სამოქალაქო წესით, რეესტრში მოეხდინათ განქორწინება. ამიტომ ნათია იძულებული გახდა სასამართლოში შეეტანა საჩივარი და ამ გზით მომხდარიყო განქორწინება, თან სურდა სასამართლოს ალიმენტი დაენიშნა მისი 2 არასრულწლოვანი ბავშვისთვის, რადგან მამა თავის შვილებზე არ ზრუნავდა. იმ დღეს იყო პირველი სხდომა ჩანიშნული, პირველად უნდა შევხვედროდით ყველანი ერთმანეთს პროცესზე. პროცესი აქამდე არ გახსნილა.

- შესაგებელი ალბათ შემოიტანა სასამართლოში მისმა ყოფილმა ქმარმა, წინააღმდეგი იყო ის განქორწინების? მკვლელობა ამის გამო მოხდა?
- მანაც შემოიტანა შესაგებელი. იქ წერს, რომ თანახმაა განქორწინების. მოსამართლემ სხდომა რომ გახსნა გაკვირვებულმა თქვა კიდეც, აქ წერია განქორწინებაზე თანახმა რომ იყო და რატომ მოკლაო. ახლა ვფიქრობ, ეს მამაკაცური ჟესტის გამო გააკეთა, ქალი ითხოვდა განქორწინებას და მანაც ვითომ არ დაიხია უკან, დაწერა რომ თითქოს თვითონ თანახმა იყო, სინამდვილეში თურმე წინააღმდეგი იყო ამის. ახლა ნათესავები ამბობენ, გოგოს მოსვენებას არ აძლევდაო. ძალიან შეძრულები ვართ მომხდარით. არადა მის შესაგებელში წერია, თანახმაა განქორწინების, რაც შეეხება ალიმენტს, ითხოვდა მცირე თანხის გადახდა დაეკისრებინა მისთვის სასამართლოს, უთითებდა საშუალება არ მაქვსო. ასევე ითხოვდა შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას, ბავშვების ნახვის დღეებს, 4 დღე ჩემთან იყვნენ ბავშვები და 3 დღე დედასთანო, ჩვენ კი ვთხოვდით სასამართლოს არსებული პრაქტიკით ეხელმძღვანელა. ყოველ შაბათ-კვირას მამა ვერ წაიყვანს ბავშვებს, რადგან დედასაც სურდა დასვენების დღეებში შვილები სადმე გასასეირნებლად წაეყვანა. ვთავაზობდით კვირა გამოტოვებით, პარასკევიდან კვირამდე ყოფილიყვნენ ბავშვები მამასთან. ეს პრაქტიკა დანერგილია. თანახმა იყო ნათია ამაზე და მით უფრო ამ ფონზე გაუგებარია რატომ ჩაიდინა ასეთი უმძიმესი დანაშაული.
მკვლელობაში ბრალდებული, ირაკლი დეკანოიძე
- ითქვა, შვილების ნახვის გამო ჰქონდათ კონფლიქტი, დედა არ ანახებდა შვილებსო...
- ბავშვები თვითონ არ მიდიოდნენ მამასთან. ნათიას ვუთხარი, შვილებს მამასთან ურთიერთობა არ დაუშალო-მეთქი. მითხრა, ბავშვები ამბობდნენ უარს და რა ვქნაო. ბავშვები ელაპარაკებოდნენ, მაგრამ თავის სახლში არ მიყვებოდნენ. ტყუილია რომ ნათია არ აძლევდა შვილების ნახვის საშუალებას. ათასი რამ ითქმევა ახლა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. წინა დღეს თურმე ირაკლი დეკანოიძე სკოლაში მივიდა შვილებთან, მათ ქალ-ვაჟი ყავთ, უმცროს ბიჭს დაუწყია ტირილი, ნათიასთან მასწავლებელს დაურეკავს, ბავშვი ტირის და სასწრაფოდ მოდიო. ეს ამბავი წინა საღამოს მიამბო, ნათიას საღამოს დავურეკე იმის გასარკვევად წამოვიდოდა პროცესზე, თუ მე მარტო მივსულიყავი. მითხრა, რომ მოვიდოდა, მაგრამ მანამდე მას ასე სასტიკად გაუსწორდა დამნაშავე. მას შვილებიც არ ჰყვარებია, თორემ ბავშვებს დედას არ მოუკლავდა. საშინელ დღეში არიან ბავშვები, დედა ისე უყვარდათ, რომ მის გარეშე ვერ ძლებდნენ. სულ კუდში დასდევდნენ. საოცრად კარგი დედაშვილობა ჰქონდათ. ფიზიკურად, სულიერად, ყველაფრით შემკობილი გოგო იყო ნათია. შეშინებული, დაფეთებული კი ჩანდა, ეტყობა ყოფილი ქმარი ემუქრებოდა და გარეთაც ვეღარ გამოდიოდა ნორმალურად. იმდენად თავშეკავებული იყო, იმის მიუხედავად რომ მისი ადვოკატი ვიყავი, მუქარებზე მას ჩემთან არ უსაუბრია. რომ ეთქვა, სხვა ზომებს მივმართავდი. დამცავ ორდერს გამოვაცემინებდი პოლიციას. ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ გავიგე ოჯახის წევრებისგან, რომ საშინელ დღეში აგდებდა მას ყოფილი ქმარი. ადრე თურმე ნათიას მშობლების სახლშიც კი იჭრებოდა, მინებიც ჩაამსხვრია თურმე მათ სახლში, სულ კონფლიქტები იყო. ერთად ცხოვრების დროსაც ფიზიკურადაც უსწორდებოდა ცოლს, ამიტომ გახდა იძულებული 2 შვილთან ერთად ქმრის სახლიდან წამოსულიყო. კარგი ცხოვრებიდან არავინ გამორბის, ეს ხომ ცალსახაა.

- ვრცელდება ინფორმაცია, მისი ყოფილი ქმარი შვილებზე ძალადობდაო, მართალია?
- ამას ამბობენ. ნათია ერთი პერიოდი ძალიან ცოტა ხნით იტალიაში იყო წასული. ძმის სახლში როდემდე ვიცხოვრო, იქნებ ჩემი შვილებისთვის ბინის საყიდელი ფული ვიშოვოო. ბავშვები დედასთან დაუტოვებია, მაგრამ ქმარი მოვიდა და წაიყვანა შვილები, მას მერე მათთან მიახლოების საშუალებას ბებიას არ აძლევდა. ნათიამ ორივე შვილს მობილურები გამოუგზავნა, რომ მონატრებულთან საუბრის საშუალება ჰქონოდა, მაგრამ მამა შვილებს დედასთან საუბარს უკრძალავდა. ტელეფონებიც დაუმსხვრია, დედას რომ არ დაკონტაქტებოდნენ. ვერ გაუძლო ნათიამ ამდენს და შვილების გამო მალე დაბრუნდა უკან, ბავშვები თავისი მშობლების სახლში წამოიყვანა და იქ ცხოვრობდნენ ერთად. ალბათ ბავშვები ამ ყველაფერს იტყვიან, როცა ფსიქოლოგი ჩაერთვება საქმეში და მათ გამოკითხავენ.

სასამართლოს უნდა ემსჯელა მშობლებისთვის შვილების ნახვის დღეების განსაზღვრაზე, ტრაგედია რომც არ მომხდარიყო ამ პროცესში სოცმუშაკი მაინც ჩაერთვებოდა. ჯერ პროცესები არ იყო დაწყებული. იმ ფონზე, როცა სასამართლოში იყო საქმე, გაუგებარია, რატომ ჩაიდინა მან ეს უმძიმესი დანაშაული. შვილების წაყვანის გამო თუ მოკლა, ამაში არ არის ლოგიკა, ამას ხომ მოსამართლე გადაწყვეტდა და მას კანონით ექნებოდა შვილების ნახვის საშუალება. სიცოცხლით სავსე, ულამაზესი გოგო მოკლა.
სულ რაღაც 2 დღის გახსნილი ჰქონდა ნათიას მეორადების მაღაზია, ძმამ გაუხსნა, რომ შემოსავალი გასჩენოდა და იქ დატრიალდა ეს ამბავი. რატომ გაწირა ასეთი კარგი გოგო, ამაზე პასუხი მე არ მაქვს.

ბრალდებულის ოჯახის წევრები მედიასთან არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, დეკანოიძეების ოჯახი ადრე ახალციხის სოფელ აგარაში ცხოვრობდა. 16 წლის წინ ირაკლი დეკანოიძის მამამ თანასოფლელი ურთიერთშელაპარაკების დროს მოკლა. ბრალდებული მაშინ დაიჭირეს, მაგრამ ოჯახი იძულებული გახდა სოფელი დაეტოვებინა და ისინი საცხოვრებლად ხაშურში გადმოვიდნენ. 14 წელი გაატარა თურმე ირაკლის მამამ ციხეში, მას მერე ისიც თავის ოჯახთან ერთად ხაშურში ცხოვრობს. ახლა კი მისმა შვილმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული და საკუთარ შვილებს დედა მოუკლა.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

(სპეციალურად საიტისთვის)

მარინა
13 ოქტომბერი 2019 20:12
საბოლოოდ რა იქნება იცით? მიუსჯიან მაგ არაკაცს გარკვეულ წლებს. მივა ციხეში და ჟარგონზე რომ ვთქვათ, იქ დაიწყებს პრავის კაჩავს. წამოტკივდება თითი და ქვეყანას შეძრავს, ძვირადღირებულ მკურნალობას უსირცხვილოდ მოითხოვს, მორალის კითხვას დაგიწყებს სამართლიანობაზე.აბა გაბედე და რამეზე შენიშვნა მიეცი. მერე იქნება უდოოო, შეწყალებაო, ბრასლეტიო და ნახევარ ვადაში შეიძლება გათავისუფლდეს. აქვს აზრი ახლა ვითომ სამართლის აღსრულებას?. ასეთ დანაშაულებებზე მუდმივი პატიმრობაც კი მცირე სასჯელია.
ნინო
12 ოქტომბერი 2019 12:20
გამარჯობათ როდის მოხდა ეს ამბავი მეც გაგაცნობთ ერთ ამბავს მევარ საგარეჯოელი საგარეჯოში ერთ კაცს ქონდა ხორცი გასაყიდი ამკაცს ვალი არუყვარდა და მივიდა მეორეკაცი და ამკაცმაუთხრა ხორცი მინდა ვალზეო იმკაცმაარმისცა და მოკლა ადგილზევე მერემეორეკაცმათოფი დაიცადა მოიკლათავი მგამყიდველს ერქვა წიწაკა და მევალეს შოთა დარბაისელი

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?