ცხინვალის ციხის ამბოხი
ცხინვალის ციხის ამბოხი
"2 ოქტომბერს, შუაღამეს, ომონის სპეცრაზმი შევარდა ხელკეტებით, პატიმრები კამერებიდან გამოათრიეს და სასადილოში შეათრიეს. გვარიანად ნაცემებს, საჭმელი ძირს დაუყარეს და უბრძანეს, ჭამეთ, თორემ აქედან ცოცხლები ვერ გახვალთო. ვიღაცებს შეეშინდათ და უჭამიათ. ზოგმა პროტესტის ნიშნად მაგიდა ააყ­ირავა და ჭურჭელი დალეწა, რასაც უარესი რეაქცია მოჰყვა - მათ ისე სასტიკად სცემეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს. შემდეგ დასისხლიანებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი უკვე
დაიღუპა, რამდენიმეს შესაძლოა, კიდურების ამპუტაცია დასჭირდეს... "


ცხინვალის ციხეში რუსული სტანდარტების შემოღებას - ამანათებისა და პაემნების შემცირებას პატიმრების უკიდურესი პროტესტი მოჰყვა.­ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში ორი ქართველი იხდის სასჯელს. ლაშა ხეთერელი, რომელიც ცხინვალში ხშირად­ ჩადიოდა ბებია-ბაბუის სანახავად­, 25 აგვისტოს რუსმა "მესაზღვრეებმა" ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. კიდევ ერთი ქართველი, ახალგორელი ნუკრი ნებიერიძე, 2018
წლის აგვისტოში მეზობელი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს... საქმეში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. თუმცა არც აღნიშნული უწყება და არც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო პაპუნაშვილზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც სახელმ­წიფო უსაფრთხოების სამსახურში გვითხრეს, არც ხეთერელზე უძალადიათ.
27 სექტემბერს ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს. უფრო ადრე სამოქალაქო აქტივისტმა ფატიმა მარგიევამ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პატიმრებმა "შიმშილით წამებისთვის" შიმშილობა დაიწყეს. 3 ოქტომბერს, გვიან ღამით, ცხინვალის ციხეში ომონი შევიდა და მოშიმშილე პატიმრებს სასტიკად გაუსწორდა - ძალით აჭამეს. შედეგად, რამდენიმე მათგანმა თვითმკვლელობა სცადა. ე.წ. იუსტიციის მინისტრ ზალინა ლალიევას თქმით, "ცხინვალის შრომა-გასწორების კოლონიის არც ერთ პატიმარს შიმშილობის გამოცხადების შესახებ ციხის ადმინისტრაციისთვის წერილობით არ უცნობებია, რაც დარღვევაა". არსებული ინფორმაციით, ციხეში შევარდნისას ე.წ. მინისტრი თან ახლდა სპეცრაზმს.

"კვირის პალიტრას" ცხინვალის ციხის ოსი პატიმრის ცოლი საპატიმროში არსებული არაადამიანური პირობების შესახებ უყვება და ირწმუნება, რომ სასტიკად ნაცემი მისი ქმარი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს...
- დაახლოებით ერთი თვის წინ ე. წ. სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტრო სასჯელაღსრულების საკითხებში რუსეთის­ წესდებაზე გადავიდა, რაც ციხის რეჟიმის გამკაცრებას ნიშნავს. თუ მანამდე ყოველდღე 4 საათამდე დაშვებული იყო პაემნები და ამანათების შეგზავნა, ახლა ამის შესაძლებლობა მხოლოდ ორ თვეში ერთხელ მოგვეცემა.

იქიდან გამოსულები მხოლოდ რამდენიმე თვეს ძლებენ, რადგან დაავადებული აქვთ ფილტვები, ღვიძლი... ახლა ამას შიმშილით სიკვდილიც დაემატა. რუსეთის დაფინანსებული პროგრამით თითქოს გაარემონტეს სასადილო და საკნები, სინამდვილეში, მხოლოდ კედლები შეღებეს და ის თანხა შეჭამეს. ახალი კანონით, ციხეში საკვებზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და ეს ნიშნავს, რომ ამბოხებულებს ბრალი დაუმძიმდებათ.
ჩემი ქმარი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს - ძველი ავტოფარეხის რკინის­ კარი იპოვა და სახლში წამოიღო, ჯართში უნდოდა ჩაბარება. რამდენიმე დღეში მილიცია მოგვადგა, თურმე ვიღაც მაღალჩინოსნის ყოფილა. 3 წელი აქვს მისჯილი.

ისედაც ჯოჯოხეთურ პირობებში იყვნენ, წყალი არ ჰქონდათ, საჭმელზე რომ არაფერი ვთქვათ... საკვები ყოველ მეორე დღეს მიგვქონდა და პატიმრები ერთმანეთს უნაწილებდნენ...

- ციხეში საკვები არ მზადდება?
- ციხეში სულ ორი ქალი მუშაობს, ისინი არიან მზარეულებიც და დამლაგებ­ლებიც. კიდევ ერთი კაცი ჰყავთ, ე.წ. დამ­ხმარე, რომელიც, იმავდროულად, ვიღაცებზე ინფორმაციას აგროვებს. საკვები ძირითადად, ლობიო, წიწიბურა, სოიაა და იმასაც ყოველდღე ვერ აჭმევენ.Y ზამთარში საშინლად ცივა, ზაფხულში კი უჰაერობისგან იხრჩობიან. უამრავი ადამიანი უმძიმესი დაავადებით იტანჯება. სოროებივით საკნებში საქონელივით არიან შეყრილი, საწოლიც კი არა აქვს ყველას და მორიგეობით იძინებენ...

- სამედიცინო პერსონალი ჰყავთ?
- ერთი ექიმი ჰყავდათ, აზა აბაევა, რომელიც ისედაც იშვიათად დადი­ოდა, რადგან, პრაქტიკულად, უხელფასოდ მუშაობდა, ამ ამბების შემდეგ კი უთქვამს, ამდენი უბედურის ყურება არ შემიძლიაო.
ერთ პატიმარს გაუპროტესტებია, ასე ღორულად ცხოვრება აღარ შემიძლიაო და სხვებიც აჰყოლიან - 27 სექტემბერს დაიწყეს შიმშილობა, მაგრამ რამდენიმე­ დღის განმავლობაში მათთან არავინ მისულა. შემდეგ ჩვენ, ოჯახის წევრებმა, მივაწოდეთ ჟურნალისტებს გაფი­ცვის­ შესახებ ინფორმაცია და ეს ამბავი გახმაურდა. ამის შემდეგ მოშიმშილე­ები ცალ-ცალკე საკნებში გაიყვანეს და მობ­ილურები ჩამოართვეს. ვიღაცებმა მაინც შეძლეს ახლობ­ლებთან დაკავშირება და საბოლ­ოოდ, ყველა პატიმარმა­ შიმშილობა გამო­აცხადა... ჯერ ოჯახებს შემოგვითვალეს, შეწყვიტონ შიმშილობაო, მაგრამ პატ­იმრებმა უარი განაცხადეს. 2 ოქტომბერს, შუაღამეს, ომონი შევარდა, პატიმრები სასადილოში შეათრიეს, თან ურტყამდნენ. სასტიკად ნაცემებს, საჭმელი ძირს დაუყარეს და უბრძანეს, ჭამეთ, თორემ აქედან ცოცხლები ვერ გახვალთო. ვიღაცებს შეეშინდათ და უჭამიათ. ზოგმა პროტესტის ნიშნად მაგიდა ააყ­ირავა და ჭურჭელი დალეწა, რასაც უარესი რეაქცია მოჰყვა - პატიმრები ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს. შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი უკვე დაიღუპა, რამდენიმეს შესაძლოა კიდურების ამპუტაცია დასჭირდეს. იქ სასჯელს ორი ქართველიც იხდის,­ მათი ჯანმრთელობის შესახებ არაფერი ვიცი.

ლალი პაპასკირი
ნათია
31 ოქტომბერი 2019 21:27
აქაც ეგრე ექცეოდნენ და რა მოიგეს ახლა თვითონ ზიან ციხეებში მხოლოდ ცოტა უკეთეს პირობებში
ვინც!!!
25 ოქტომბერი 2019 14:46
ვინც დამწყვდეულ, ბორკილებდადებულ ადამიანს არაადამიანურად ექცევა ღმერთი დასჯის!!!!!!!!!!!!!!ძრწოდეთ!!!!!!!!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები