რა გახდა ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მიზეზი - კვირის პალიტრა

რა გახდა ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მიზეზი

"არ ვიცი, ბავშვებს რატომ არ უნდოდათ მამასთან ყოფნა"

ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობა გახსნილია - დამნაშავე, 32 წლის ირაკლი დეკანოიძე დააკავეს. ბრალდებული ყოფილ მეუღლეს, ნათია გოგალაძეს, სამსახურში მიუვარდა, ოთახში ჯერ ხელყუმბარა შეუგდო და როცა არ აფეთქდა, ქალი დაიჭირა და ავტომატის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

ნათია გოგალაძე ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელი რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ პირადი ჩხრეკისას 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ამოიღო.

ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული ამბობს, რომ ცოლი შვილების ნახვას უკრძალავდა და ამიტომაც მოკლა. ამ ვერსიას არ ეთანხმებიან ნათია გოგალაძის ოჯახის წევრები. მათი თქმით, მკვლელობა ბრალდებულმა შურისძიების გამო ჩაიდინა, რადგან ცოლთან განქორწინება არ სურდა. ნათია გოგალაძე მეუღლეს 6 წლის წინ გაშორდა, ტრაგედიის დღეს, 4 საათზე, სასამართლო პროცესი უნდა ჰქონოდათ. ისინი ოფიციალურად უნდა განქორწინებულიყვნენ.

ოჯახის ახლობელი: - ნათია 11 წლის და 9 წლის შვილებს ზრდიდა. მეუღლესთან განქორწინების შემდგომ ხაშურში, მშობლების სახლში ცხოვრობდა. ნათიას იტალიაში ყოფნისას ბავშვები მამასთან იყვნენ. გოგომ გაიგო, რომ ქმარი ბავშვებს ცუდად ეპყრობოდა. ჩამოვიდა და შვილები წაიყვანა.

ლარისა ჩადუნელი, ირაკლი დეკანოიძის ადვოკატი: - ირაკლი თანახმა იყო განქორწინებაზე. მომხდარს ბავშვებთან ურთიერთობის აკრძალვას ვუკავშირებ. ისინი 2 წელი იყვნენ მამასთან, როცა დედა საზღვარგარეთ იყო. მეზობლები ამბობენ, შვილებს არაფერი აკლდათო. ბუნებრივია, ასეთ მამას შვილები რომ წაართვეს, ნერვიულობდა, სასამართლოში შეგებებული სარჩელიც შეიტანა შვილების ნახვის დღეების განსაზღვრის მოთხოვნით. სასამართლო გადაუწყვეტდა ამ საკითხს. ყოფილი მეუღლე ეუბნებოდა, შვილებს გვარს გადავუკეთებ და საზღვარგარეთ წავიყვანო. არ ვიცი, ბავშვებს რა ჩააგონეს, რატომ არ უნდოდათ მამასთან ყოფნა.

- ნათია იტალიაში რომ იყო, შვილებს დედასთან კონტაქტს რატომ უკრძალავდა? ამბობენ, ტელეფონებიც დაუმტვრიაო. - გამორიცხულია, ბავშვებს შეეძლოთ მეგობრის ტელეფონით ან კომპიუტერით დაჰკავშირებოდნენ დედას. ირაკლის 4 დღით ადრე ვესაუბრე, უწყება მომიტანა, მითხრა, ბავშვები მენატრება, მამაჩემი ძალიან უყვარდათ და ახლა რომ ნახულობენ, ხმას არ სცემენო. მეზობლები ირაკლის წყნარ და გაწონასწორებულ ადამიანად ახასიათებენ. მისი ყოფილი ცოლი იტალიიდან აპრილში ჩამოვიდა და ბავშვები ისე წაიყვანა სკოლიდან, ქმარს არც უთხრა. აქედან დაიწყო მათი კონფლიქტი.

- ცოლი რატომ იყო იძულებული სასამართლოს გზით მოეთხოვა ალიმენტის დაკისრება, მამა შვილებს არ ეხმარებოდა?

- ალიმენტის დაკლებას ითხოვდა, რადგან არ მუშაობს. ალიმენტზე უარი არ უთქვამს, ამბობდა, თითო ბავშვზე 50 ლარს გადავიხდიო.

მაია პირველაშვილი, ნათია გოგალაძის ადვოკატი: - ქმარი განქორწინებაზე არ თანხმდებოდა, ამიტომ ნათიამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, თან სურდა ალიმენტი დაენიშნა.

- ქმარი განქორწინების წინააღმდეგი იყო? - შესაგებელში წერდა, რომ თანახმა იყო, სინამდვილეში კი, ალბათ, წინააღმდეგი იყო. რაც შეეხება ალიმენტს, მცირე თანხის დაკისრებას სთხოვდა სასამართლოს, მეტის საშუალება არა მაქვსო. ასევე ითხოვდა, ბავშვები 4 დღე ჩემთან იყვნენ და 3 დღე დედასთანო. ყოველ შაბათ-კვირას მამა ვერ წაიყვანდა ბავშვებს, რადგან დედასაც სურდა უქმეებზე შვილებთან ყოფნა. ნათიას ადრეც ვუთხარი, შვილებს მამასთან ურთიერთობა არ დაუშალო-მეთქი. მითხრა, ბავშვები ამბობენ უარს და რა ვქნაო. წინადღეს ირაკლი დეკანოიძე სკოლაში მისულა და უმცროს ბიჭს ტირილი დაუწყია, ამიტომ ნათიას მასწავლებელმა დაურეკა, სასწრაფოდ მოდიო.

იმის მიუხედავად, რომ მისი ადვოკატი ვიყავი, ქმრის მუქარაზე არაფერი უთქვამს. რომ ეთქვა, დამცავ ორდერს გამოვაცემინებდი პოლიციას. ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ გავიგე ოჯახის წევრებისგან, რომ ადრე თურმე ნათიას მშობლების სახლშიც კი იჭრებოდა. ერთად ცხოვრების დროსაც სცემდა, შვილებზეც ძალადობდა. ნათია იტალიაში რომ წავიდა, ბავშვები დედასთან დატოვა, მაგრამ ქმარს წაუყვანია. ნათიამ ორივე შვილს მობილურები გამოუგზავნა, რომ საუბრის საშუალება ჰქონოდა, მაგრამ მამამ ტელეფონებიც დაუმსხვრია.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. დამნაშავეს მოუწევს შვილებისთვის ახსნა, რატომ მოუკლა დედა.