წავკისში მომხდარი უმძიმესი ორმაგი მკვლელობა ქსნის კოლონიაში გარჩევის მიზეზი გახდა? - ვისგან ან რისგან მიიღო დაზიანებები პატიმარმა ყურაშვილმა?
წავკისში მომხდარი უმძიმესი ორმაგი მკვლელობა ქსნის კოლონიაში გარჩევის მიზეზი გახდა? - ვისგან ან რისგან მიიღო დაზიანებები პატიმარმა ყურაშვილმა?
ფოტო:მოკლული დათო და ლექსო ფეიქრიშვილები
ქსნის დაწესებულებაში მყოფი პატიმარი, ანრი ყურაშვილი სხვადასხვა სახის დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში მოხვდა. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და ექიმებმა ასევე ტვინის შერყევის დიაგნოზიც დაუსვეს. ღუდუშაურის კლინიკაში იგი ორი დღე იწვა. ჩვენი ინფორმაციით, მსჯავრდადებული უკვე ციხეში დააბრუნეს. კლინიკაში პაციენტის მდგომარეობაზე კომენტარს არ აკეთებენ. არსებული ინფორმაციით, დაზიანებები პატიმარმა ქსნის კოლონიაში მიიღო, როგორც ამბობენ, პატიმრებს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა, სწორედ კრიმინალური გარჩევის დროს ჯგუფურად გაუსწორდნენ ყურაშვილს სხვა პატიმრები. ამ ჩხუბის დროს ისე დაშავდა ანრი
ყურაშვილი, რომ კლინიკაში მისი გადაყვანა გახდა საჭირო. როგორც შევიტყვეთ, ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. დაიკითხა კიდეც დაშავებული პატიმარი.

როგორ გავრკვიეთ, ის არ ადასტურებს ციხეში მისი ცემის ფაქტს, თავის ჩვენებაში ამბობს, რომ ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და დაზიანებები მაშინ მიიღო. რამდენად სარწმუნო იქნება გამოძიებისთვის პატიმრის
ეს ჩვენება და რა მტკიცებულებების მოგროვება მოხერხდება, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

როგორც ამბობენ, დაშავებული პატიმარი მომხდარ ინციდენტს მალავს. თავად უწყებაშიც იგივე ვერსიაზე საუბრობენ. პატიმრის ოჯახში ამბობენ, რომ ინფორმაცია მიაწოდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან, რომ გადმოვარდა საწოლიდან იგი და მსუბუქად დაშავდა. მსჯავრდადებულ ანრი ყურაშვილს ჯერ ადვოკატი არ შეხვედრია. ამიტომ ჯერჯერობით მომხდარის დეტალებზე მისი ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი არ საუბრობს. თუმცა ადასტურებს იმას, რომ ყურაშვილი კლინიკაში ნამდვილად იყო გადაყვანილი.

ანრი ყურაშვილს 3 წელი აქვს მისჯილი. ის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გაასამართლეს და ფიგურირებს წავკისში მომხდარ უმძიმეს დანაშაულში. მაშინ ანრი ყურაშვილის მეგობარმა გიორგი აბულაძემ ლექსო ფეიქრიშვილი და მისი ბიძაშვილი დათო ფეიქრიშვილი მოკლა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ ბიჭების მკვლელობის საქმის გარჩევა მოხდა საკანში, რა დროსაც ყურაშვილს სასტიკად სცემეს.

შეგახსენებთ, უმძიმესი დანაშაული წავკისში 2018 წლის დეკმბერში მოხდა. მაშინ უმნიშვნელო საბაბით დაწყებული კამათი ორი ადამიანის მკვლელობით და ორის დაჭრით დამთავრდა.

გამოძიების თქმით, იმ დღეს დაბა წავკისში ნიკოლოზ აბულაძე "მერსედესის" მარკის ავტომობილით მოძრაობდა, მას თან ახლდა ვაჟი ალექსანდრე და შეეჯახა "ტოიოტას" მარკის ავტომანქანას, რომელშიც ლექსო ფეიქრიშვილი და მისი ცოლ-შვილი ისხდნენ, ხოლო ავტომანქანას ლექსოს ნათესავი, გიორგი სუბელიანი მართავდა. შეჯახების დროს "ტოიოტას" უკანა ხედვის სარკე დაზიანდა, ბიჭებმა ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.

მათ მამა-შვილი შეუთანხმდა, რომ მეორე დღეს შეხვდებოდნენ და ფულს მოიტანდნენ. როცა მეორე დღეს აბულაძეები არ გამოჩნდნენ, ნიკოლოზ აბულაძეს დაურეკეს და ჰკითხეს არ მოსვლის მიზეზი, როგორც ამბობდნენ, სწორედ ამ სატელეფონო ზარმა გააღიზიანა აბულაძე.

2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 19:50 წუთზე, ნიკოლოზ აბულაძე თავის ორ შვილთან, გიორგისა და ალექსანდრესთან ერთად, ანრი ყურაშვილის "ტოიოტა პრიუსით" ტაბახმელადან წავკისში მივიდა საქმის გასარჩევად და ისინი ბიჭებს სოსო დორეულის სახლთან შეხვდნენ. სისხლიანი დაპირისპირება თინა წავკისელის ქუჩის 58 ნომერთან მოხდა. გამოძიების მტკიცებით, ლექსო ფეიქრიშვილს ახლდა მისი ბიძაშვილი დათო ფეიქრიშვილი, დათოს მეგობარი რუსლან ზანთარაია და სოსო დორეული. ამ დროს ლექსო ფეიქრიშვილთან აგრესიულად ნიკოლოზ აბულაძე მივიდა და ეს ორი პირი შელაპარაკდა, რა დროსაც ნიკოლოზ აბულაძემ ლექსოს დაარტყა. ამის შემდეგ მან შებოჭა ლექსო ფეიქრიშვილი, ხოლო მისმა შვილმა გიორგიმ ისარგებლა მომენტით, ამოიღო დანა და ლექსო ფეიქრიშვილს პირდაპირ გულ-მკერდში დაარტყა. მომხდარში ჩაერთვნენ ბიჭები, გიორგი აბულაძე ახლა მომარჯვებული დანით მიუბრუნდა სხვებს, ჯერ დათოს დაარტყა. შემდეგ კი იმ ბიჭებს, რომლებიც მოძალადეების მოგერიებას ცდილობდნენ. დანით დაიჭრნენ რუსლან ზანთარაია და სოსო დორეული. დავითი და ლექსო მიყენებული ჭრილობებით დაიღუპნენ, რუსლანი და სოსო საავადმყოფოში გადაიყვანეს და დიდხანს მკურნალობდნენ.

შემდეგ დამნაშავეები ანრი ყურაშვილის მანქანით მიიმალნენ. გიორგი აბულაძემ და ანრი ყურაშვილმა იმავე დღეს დატოვეს თბილისი. პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ ისინი სარფის გავლით ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ. გიორგი აბულაძე დაკავების დროს თავისი ქმედების გამართლებას ცდილობდა, - მამაჩემს ურტყამდნენ, იგი ძირს დაგდებული დავინახე და ამის შემდეგ დავარტყი დანა ლექსო ფეიქრიშვილს და სხვებსო. ისიც ფაქტი იყო, რომ დახოცილ ბიჭებს არანაირი იარაღი არ ჰქონდათ, გიორგი აბულაძე კი იქ შეიარაღებული მივიდა და თავადაც ამბობდა, რომ ჭრილობები ბიჭებს მან მიაყენა.

ანრი ყურაშვილის ადვოკატი კი ცდილობდა გაემართლებინა მისი დასაცავი. ირწმუნებოდა, ყურაშვილს არც ჩხუბში მიუღია მონაწილეობა, არც ვინმეს დაჭრა უნახავს და არც დაჭრილებიო. თუმცა ანრის მანქანაშია აღმოჩენილი სისხლის კვალი, მანქანაში ჩაისვა მან ადამიანები, რომლებსაც სისხლიანი ტანსაცმელი ეცვათ. ის ვერ გაექცა პასუხისმგებლობას და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 3 წელი მიუსაჯეს. მართალია ძალოვნებმა დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული გიორგი აბულაძის მამაც - ნიკოლოზ აბულაძე, მაგრამ ადვოკატებმა მისი ამ საქმეში აბულაძის გამართლება შეძლეს და ის დღეს თავისუფალია. როგორც ამბობენ, მან ქვეყანა დატოვა. თუმცა პატიმრობაში რჩება ამ დრომდე უმძიმესი ბრალდებით დაკავებული გიორგი აბულაძე, რომელიც მამამ იმ დღეს საქმის გასარჩევად წაიყვანა. მას მკვლელობისთვის და ადამიანების დაჭრისთვის 20 წელი აქვს მისჯილი და სამარტოო საკანში იხდის სასჯელს.

უკავშირდება თუ არა ციხეში მომხდარი ინციდენტი ლექსო და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობას, თუ სხვა მიზეზით მოუხდა კონფლიქტი თანამესაკნეებთან ანრი ყურაშვილს, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს. ალბათ გამოძიება ყველა ვერსიაზე იმუშავებს, მათ შორის თავად ბრალდებულის ჩვენებაზე, რომ ის გადმოვარდა საწოლიდან. ეს ვერსია რამდენად სარწმუნოა, ამას ყველაზე მეტად პასუხს ექსპერტიზა გასცემს. სავარაუდოდ, ანრი ყურაშვილს უკვე ჩაუტარდებოდა ექსპერტიზა და დაზიანების ხარისხი სწორედ ამ დასკვნით გაირკვევა.


(სპეციალურად საიტისთვის)
ნანა
20 ოქტომბერი 2019 01:46
მამაც ასეთი უნდა-გაქუსლა ქვეყნიდან
...
19 ოქტომბერი 2019 14:02
ამნისტია შეეხება და გამოვა რა ტრაგედიას ქმნით.
...
18 ოქტომბერი 2019 11:57
2 კაცი მოკლა,2 დაჭრა და მარტო 20 წელი?

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა