"მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ 6 წელი შეუფარდეს... ყოველდღე ავდივარ შვილის საფლავზე"
18-10-2019
"მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ 6 წელი შეუფარდეს... ყოველდღე ავდივარ შვილის საფლავზე"
კასპში არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული 7 თვის ბავშვის მამა ცოლის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისთვის მხოლოდ 6-წლიანი პატიმრობის შეფარდება საკმარისი არ იყო.

"ინტერპრესნიუსი" მოკლული 7 თვის ჩვილის მამას ესაუბრა. როგორც სააგენტოს მიშო დვალიშვილმა განუცხადა, ის მეუღლის უფრო მკაცრად დასჯას ელოდა.

"ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ 6 წელი შეუფარდეს. ველოდი, რომ უფრო მეტი სიმკაცრით დაისჯებოდა. გასაგებია, რომ არასრულწლოვანია და შესაძლოა, ამის გამო არ
შეუფარდეს უფრო მკაცრი სასჯელი, მაგრამ მგონი, კანონში ისიც წერია, 3 წელს მიუღწეველ ბავშვს თავის დაცვა რომ არ შეუძლია და როცა ასეთს კლავ, უფრო მკაცრად უნდა დაისაჯო. ჩვენ ვერ ვნახეთ, რომ თუნდაც ამ ფაქტის გამო ის მკაცრად დასჯილიყო. შვილს რომ კლავ და განზრახ მკვლელობა რომ არის,
ამაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი", - აცხადებს დვალიშვილი.

მისივე განმარტებით, შვილის მკვლელობის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და დროის უმეტეს ნაწილს საფლავზე ატარებს.

"21 წლის ვარ, მეც საკმაოდ პატარა ვარ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ფაქტი გადავიტანო. მძიმე კი არა, უმძიმესია. ყოველდღე ავდივარ შვილის საფლავზე და მაქსიმალურად ვცდილობ, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, თუმცა, ეს არ გამომდის, ძალიან რთულია, ყურადღების სხვა რამეზე გადატანა", - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ საუბრობს მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ერმილე ჭეიშვილი.

როგორც ცნობილია, შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

ლალი
19 ოქტომბერი 2019 16:34
მეც ვეთანხმები ბავშვის მამას. თუ არ დაისაჯა არასრულწლოვანი შესაბამისად, როცა საქმე ეხება განზრახ მკვლელობაში, მაშინ ყველა არასრულწლოვანი იგივეს ჩაიდენს. მაშინ ვიძახოთ, რო ჯერ პატარაა და არ შეიძლება დიდი სასჯელის მიცემა და ის კი შეიძლება კლავდა უსუსრ, დაუცველ ბავშვს თან შვილს? თუ არ უნდოდა, დაეთხოვა ბავშვი და წასულიყო, რაღას კლავდა. ვინც ამხელა დანაშაულს სჩადის, პასუხიც უნდა აგოს სრულყოფილად.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?