რა გზით შემოდის ნარკოტიკი საქართველოში - კვირის პალიტრა

რა გზით შემოდის ნარკოტიკი საქართველოში

"ნარკოტრეფიკინგის 35 მარშრუტი სამხრეთ კავკასიაზე გადის"

რამდენიმე დღის წინ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებაც ამოიღეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 11 შეკვრა ჰეროინი და 20.970 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს. დაკავებულების დანაშაული 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამართალდამცავებმა 26,2 კგ ჰეროინი, 2 კგ კოკაინი, 13700 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 23,1 კგ""მდმა", 9,8 კგ ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1კგ და 600 გ ფსიქოტროპული პრეპარატები ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 113 პირი. კვლავ ამოუხსნელია, რა გზით შემოდის ნარკოტიკი საქართველოში, როგორ აღწევს გამსაღებლებამდე და რა მეთოდები უნდა დავუპირისპიროთ ამ პრობლემას, რომელსაც ნარკოტრეფიკინგი ჰქვია.

გიორგი ღლონტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, კრიმინოლოგიის პროფესორი:

- საქართველოში ნარკოტიკი შემოდის, აქ მას არ აწარმოებენ (ჩვენთან მხოლოდ მარიხუანას კულტივაციას ეწევიან და ისიც ქოთნებში ან ბაღებში მოჰყავთ). აზერბაიჯანელები ჰეროინით ვაჭრობენ, რომლის მთავარი მწარმოებელ-გამავრცელებელი ავღანეთია. ჰეროინი ავღანეთიდან ჯერ აზერბაიჯანში, იქიდან კი საქართველოში ხვდება, თუმცა საქართველოსა და აზერბაიჯანში ეს საშუალება იმ ხარისხის არ არის, როგორიც ადგილზე.

საქართველოში შემოტანილი მძიმე ნარკოტიკების 80% მარიხუანაა, მეორე ადგილზეა ჰეროინი (რომელიც, ძირითადად, ღარიბ ქვეყნებში შედის), მესამეზე - კოკაინი. ის ყველაზე ნაკლები ოდენობით შემოდის, რადგან ძვირი და ელიტური ნარკოტიკია.

კოკაინის მწარმოებელი ლათინური ამერიკაა, მარიხუანა კი ყველგან არის - ავღანეთში, შუა აზიაში და შეიძლება აქაც აწარმოო. დანარჩენი - კლუბური სინთეტიკური ნარკოტიკები, "ექსტაზი" იქნება თუ სხვა, ევროპიდან შემოდის და მას უფრო ახალგაზრდა თაობა ეტანება.

არსებობს ნარკოტრეფიკინგის რამდენიმე მარშრუტი, რომელთაგან 35 სამხრეთ კავკასიაზე გადის, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოზე. საერთაშორისო ნარკობიზნესი ნარკოტიკების გადასაზიდად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც იყენებს.

ჩვენთან ნარკოტიკი ყველაზე მარტივად აზერბაიჯანიდან ხვდება, დაფასოებული შემოდის და ბარიგები ავრცელებენ. ნებისმიერმა ნარკომანმა იცის, სად არის ეს წერტილები, ვინ არიან ბარიგები და მათი გამოვლენა არც ისე დიდი პრობლემაა. წლებია, რაც ფონიჭალა ნარკომანებისა და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ბუდეა. აქ ნარკოტიკების ღია ბაზარია.

სინთეტიკური, ანუ კლუბური ნარკოტიკები, ძირითადად, ევროპიდან სხვადასხვა ხერხით შემოაქვთ, ზოგი ფოსტით იგზავნება - ინტერნეტით გამოწერილი შეკვეთები ამანათებით მოდის. კლუბური ნარკოტიკი ჩინეთიდანაც ჩამოდის. სხვათა შორის, მას ჩინეთი აწარმოებს და ევროპაშიც იქიდან მიდის. საბჭოთა დროსაც იყო წერტილები, სადაც ნარკოტიკი იშოვებოდა - მარნეულში, ლაგოდეხის, გარდაბნის, კასპის რაიონებში, ცხინვალში, პანკისის ხეობაში, სადაც ჩეჩნეთიდან შემოდიოდა ოპიუმი.

- რატომ ვერ ხერხდება საზღვრებზე ნარკოტიკის გაკონტროლება? - გაკონტროლება რთულია, ათასობით ადამიანი შემოდის და გადის და უნდა გაჩხრიკო. ბევრი ავტომანქანით გადმოდის და ნარკოტიკს სპეციალურ სამალავებში ათავსებს, შემოდიან სატვირთო მანქანებიც და იოლი შესაძლებელია, ნარკოტიკი სხვა ტვირთს შემოაყოლონ. გამსაღებლებთანაც რთულია ბრძოლა, რადგან ნარკოტიკს უმეტესად ქალები, მრავალშვილიანი დედები ასაღებენ და მათ რომ დაიჭერ, პრობლემები იწყება. კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ისინი დიდხანს არ რჩებიან საპატიმროში, ამნისტიით გათავისუფლებაც უწევთ.

როცა ფონიჭალაში პოლიციელი შედის, ეს უმალ ყველამ იცის. ეს თავისებური დასახლებაა, ვიწრო ქუჩებით, სახლები გალავნებითა და რკინის ჭიშკრებით არის დაცული და შემტვრევა, შესვლა და ჩხრეკა ძნელდება. ამასობაში სწრაფად ანადგურებენ ნარკოტიკს, მაგალითად, ტუალეტში ჩაუშვებენ, ზოგს მიწაში აქვს ჩამარხული. არადა, მტკიცებულება თუ არა გაქვს, გამსაღებელს ვერ დაიჭერ. ჩვენზე მაღალგანვითარებული ქვეყნები ვერ ახერხებენ შემოტანის გაკონტროლებას და ჩვენ, მით უმეტეს. ამას სხვა მიდგომები, კონტროლი და დიდი ფული სჭირდება, ასევე გაწვრთნილი ძაღლები, სპეციალური მოწყობილობები, სკანერები და სხვა ათასი რამ უნდა. სახმელეთო საზღვრებისგან განსხვავებით, აეროპორტებს მეტ-ნაკლებად აკონტროლებენ.

- ხშირად მომხმარებელი გამავრცელებელიც არის. თუ შეიცვალა ამ პრობლემის მიმართ მიდგომა?

- მსოფლიოში უკვე სხვანაირი მეთოდებით ცდილობენ ამ პრობლემასთან ბრძოლას. ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში უკვე გადაწყვიტეს, რომ მძიმე ნარკოტიკი უფასოდ გასცენ - მომხმარებელი დღეში ერთხელ მიდის და იღებს თავის დოზას. ვინც ოფიციალურად ფორმდება, მანქანის მართვის, გარკვეულ საჯარო სამსახურში მუშაობის და სხვა უფლებას ართმევენ, სამაგიეროდ, საშუალებას აძლევენ მიიღონ მძიმე ნარკოტიკი, როგორც სამკურნალო დოზა. გადაწყვიტეს ასე "ემსახურონ" მძიმე ნარკომანებს, რადგან მომხმარებელი გამავრცელებელიც არ გახდეს.

ამ საქმეს რეპრესიები ვერ უშველის. მაქვს სტატისტიკა და ვხედავ, რომ ყოველწლიურად ნარკომანების ერთი და იგივე რაოდენობა რეგისტრირდება.

სააკაშვილის დროს ნარკოტიკების დიდი დოზით შეძენა-შენახვის 10 ათასამდე საქმე იყო, გასამართლებული კი 6-7 ათასი კაცია. ახლა ასეთი საქმე 4-5 ათასია, ხოლო გასამართლებული რამდენიმე ასეული კაცი. კონტრაბანდის მუხლით ბოლო წლებში 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

- რა მიგაჩნიათ ეფექტიანად იმისათვის, რომ აღიკვეთოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკომომხმარებელთა რიცხვი? - სასჯელის გაზრდას აზრი არა აქვს. კანონმდებლობა ისედაც მკაცრია - 10-დან 20 წლამდე პატიმრობა განზრახ მკვლელობის მუხლის ტოლფასია. ნარკობიზნესისგან იმდენად დიდია მოგება, ზოგიერთი ყველაფერს კადრულობს.

ამ პრობლემასთან საბრძოლველად აუცილებლად მიმაჩნია სკოლებში პროპაგანდის გაძლიერება, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და რეალიზატორებთან დაუნდობელი ბრძოლა. ყველამ, მათ შორის პოლიციამაც, კარგად იცის, სად ვრცელდება ნარკოტიკი. ამიტომაც ის ადგილები მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, ასეთი დაწესებულებები უნდა დაჯარიმდნენ ან დაიხუროს.

აუცილებელია საზღვარზე კონტროლის გაძლიერება და საბაჟოების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა. პრობლემა ის არის, რომ ეს დიდ ფულთანაა დაკავშირებული და არც პროფესიონალები ჰყავთ. რა საჭიროა მუდმივი როტაციები შსს-ში? რამდენი მინისტრი შეიცვალა უწყებაში? ხალხი მოსვლას ვერ ასწრებს და სხვა სტრუქტურაში მიდის. ამასთან, ისინი პოლიტიკოსები არიან და ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება არა აქვთ.

შსს-ში ადრე გამოცდილი ოფიცრები და პროფესიონალები მუშაობდნენ. ახლა? არც ერთ მინისტრს არ გააჩნდა პრობლემის ღრმა ცოდნა, მათი მოადგილეები კი გოგონები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. სისტემა ცუდად არის აწყობილი და ამიტომაც მისი ეფექტიანობაც დაბალია.

ისიც უნდა ითქვას, რომ ნარკომანია რთული პრობლემაა და სულ იქნება. მეტასტაზივითაა, ერთი ადგილიდან ამოიღებ, მეორეში გაჩნდება. როდესაც არის მომხმარებელი, მიმწოდებელიც არის.

დეკრიმინალიზაციას დიდი გავლენა არ მოუხდენია ნარკომომხმარებელთა რიცხვის ზრდაზე და ციხეებში პატიმრების რაოდენობაც რადიკალურად შემცირდა. ეს იმას ამტკიცებს, რომ მკაცრი პოლიტიკა შედეგს არ იძლევა.

"ბოლო 2 წლის განმავლობაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 243 კაცია დაკავებული"

მამუკა ჭელიძე, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი:

- ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისა და ნანოტექნოლოგიების გამოყენების მზარდმა დინამიკამ შექმნა ისეთი ახალი ფსიქოაქტიური თუ სინთეტიკური ნარკოტიკები, რომელთა აღმოჩენა დღითი დღე რთულდება. პრობლემა ისიც არის, რომ დრო სჭირდება ახალსინთეზირებული ნარკოტიკების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას. ყოველივე ეს სირთულეებს გვიქმნის.

- ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენი ნარკორეალიზატორი გამოავლინეთ? - თითქმის არ დარჩენილა რეგიონი, სადაც არ ვამხილეთ მათი დანაშაულებრივი საქმიანობა. ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა რაოდენობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში 243 კაცი შეადგინა.

- რომელი მარშრუტებით შემოედინება ნარკოტიკები საქართველოში და რატომ არის ასეთი რთული საზღვრებზე მათი გაკონტროლება? - საქართველოს საზღვრები უზრუნველყოფილია სკანირების თანამედროვე აპარატებითა და ტვირთის თუ მგზავრების შემოწმების თანამედროვე სისტემებით.

საქართველოს პოლიციის ატაშეების მეშვეობით ვთანამშრომლობთ როგორც მეზობელ, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აშშ-თან. მაგალითად, 2018 წელს გერმანელ სამართალდამცავებთან თანამშრომლობით ამოვიღეთ 9 კილოგრამი ჰაშიში, რომელიც მოქალაქემ ნეპალიდან ინტერნეტით გამოიწერა. საბაჟო დეპარტამენტთან ერთობლივი მუშაობით გამოვლენილია ნარკოტიკების შემოტანის არაერთი შემთხვევა. მაგალითად, თებერვალში ამოვიღეთ 1 კილოგრამი კოკაინი, რომელიც საქართველოში საფოსტო გზავნილით შემოვიდა. ამ საქმეზე 2 პირი დავაკავეთ.

- სპეციალისტების ნაწილი გამოსავალს კანონის გამკაცრებაში ხედავს. - კანონმდებლობა ამ მხრივ საკმაოდ მკაცრია, ცალკეულ შემთხვევაში ის 10-20 წელს და უვადო პატიმრობასაც ითვალისწინებს. ჩვენი უწყება მუდმივად აკვირდება მიმდინარე პროცესებს და აანალიზებს ცალკეულ შემთხვევებს, რის საფუძველზეც საჭიროების შემთხვევაში ხდება საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რათა უზრუნველვყოთ პოლიციის მუშაობის მაქსიმალური ეფექტიანობა და იმავდროულად, ადამიანის ძირითადი უფლებები საჭიროზე მეტად არ შეიზღუდოს.