შემზარავი სტატისტიკა - კვირის პალიტრა

შემზარავი სტატისტიკა

გამოდიან მსახიობები, სპორტსმენები, ჟურნალისტები და ბევრს ლაპარაკობენ სუიციდზე, რომელიც დეზინფორმაციულად ბრუნდება. თითქოს ადამიანები რეალური ცხოვრების ამსახველი კინოკალეიდოსკოპის მაყურებლები ვხდებით. ეს კინოა ტელევიზია, ინტერნეტი, ამ კინოში ვცხოვრობთ და ვთამაშობთ...

2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში კი 219-მა კაცმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

რა ფაქტორები განსაზღვრავს ადამიანში ამ ქმედებას და რა უნდა გაკეთდეს, რომ ისინი მძიმე პრობლემას ასცდნენ, ფსიქოლოგები გვესაუბრებიან.

ზურა მხეიძე, ფსიქოლოგი: "რეალურად სუიციდის ფორმულა ცხოვრებისგან გაქცევაა. ამისთვის სხვა გზებიც არსებობს - ნარკოტიკი, ალკოჰოლი და ა.შ. ეს ილუზორულ რეალობაში გადასვლის მცდელობაა.

ადამიანი ვერ ახერხებს გაუმკლავდეს კონკრეტულ პრობლემას, ამის დასაძლევად გზას ვერ პოულობს და შედეგად ფსიქიკა დისონანსურ მდგომარეობაშია. ეს იმდენად შემაწუხებელია, რომ პრობლემას სუიციდით აღწევს თავს.

თუ ადამიანს თვითმკვლელობა აქვს განზრახული, ყურადსაღებია რამდენიმე ქცევა - შეწყვეტა იმ საქმიანობის, რაც ერთ დროს ძალიან უყვარდა; ასეთ დროს იწყებენ ძვირფასი ნივთების გაჩუქებას; არ უყვართ ვალით წასვლა, ვგულისხმობ მორალურ ვალს - 5 წლის წინ რაღაც რომ გაწყენინე, მაპატიეო; ნახევრად ხუმრობით იწყებენ თვითმკვლელობაზე ლაპარაკს".

მეგი გოგოხია, ფსიქოლოგი: "ადამიანში არსებობს 2 ინსტინქტი - სიცოცხლის და სიკვდილის. სწორედ სიკვდილის ინსტინქტის ხარჯზე კვდება ადამიანი. ფსიქოანალიტიკური გაგებით, ნარცისიზმი, აგრესიულობა და მაზოხიზმი თვითგანადგურებისკენ მიმართული განწყობები და ინსტინქტებია.

უწინ არსებობდა სტატისტიკის ინსტიტუტი, რომელიც იკვლევდა ფაქტებს, მაგალითად, სუიციდზე ან აგრესიულობის მატებაზე და აბსოლუტური სიზუსტით დებდა კორელაციებს. ასეთი ინსტიტუცია მოისპო. დღეს გამოდიან მსახიობები, სპორტსმენები, ჟურნალისტები და ბევრს ლაპარაკობენ სუიციდზე, რომელიც დეზინფორმაციულად ბრუნდება. პირდაპირ ეკრანიდან იღვრება ბოროტება, რომელსაც საზოგადოებაში ემპათია მინიმუმამდე დაჰყავს. თითქოს ადამიანები რეალური ცხოვრების ამსახველი კინოკალეიდოსკოპის მაყურებლები ვხდებით. ეს კინოა ტელევიზია, ინტერნეტი, ამ კინოში ვცხოვრობთ და ვთამაშობთ. განსაკუთრებით ბავშვები თამაშობენ. ზრდასრულში სიკვდილის ინსტინქტის ამოქმედების ალბათობა მინიმალურია, მაგრამ, ვთქვათ, 16 წლის ბავშვთან ეს იმუშავებს.

სკოლამ აღმზრდელობითი ფუნქცია დაკარგა. გაპრაგმატულდა სამყარო - ბავშვებს ძიძები ზრდიან, ანუ ემოციური კონტაქტი წყდება შვილებთან.

სუიციდური გამოხატვის 2 ძირითადი ფორმა არსებობსL: წინასწარ დაგეგმილი და აფექტური. ახლახან ყმაწვილი დაიღუპა და დედამ საპასუხო რეაქციად თავი მოიკლა. რამდენიმე წლის წინ დედას 9 თვის ბავშვი გადმოუვარდა ფანჯრიდან და ნახევარ საათში თვითონაც გადმოხტა. ასეთ დროს შოკDში არიან და მარტო არ უნდა დავტოვოთ... ბულინგის მსხვერპლ ბიჭსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, მას მეგობრების, ოჯახის წევრების მხარდაჭერა სჭირდება. ბავშვს ყოველთვის უნდა ჰყავდეს ადამიანი, ვისთანაც სრულად გაიხსნება. სიყვარული არ არის მარტო "ჩავაცვი, ვაჭამე და რეპეტიტორი ავუყვანე". ხანდახან შვილს ხმაზე ვატყობთ ტელეფონით საუბრისას, რომ რაღაც უჭირს, თუმცა, არ უნდა ჩავაცივდეთ, გინდა თუ არა, მომიყევი, რა გჭირსო... მასთან მეგობრული კავშირი არ უნდა გავწყვიტოთ. ზოგჯერ ბავშვი თავად მოდის, რაღაცას გიყვება, შესაძლოა ეს ხანდახან შემაწუხებელია, მაგრამ უნდა მოვუსმინოთ".

ანა აბაშიძე, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი: "როდესაც სუიციდზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დავივიწყოთ წინა პერიოდიც. როდესაც ბავშვი იღებს მისი სიცოცხლისთვის მავნე გადაწყვეტილებას, ამას წინა პირობად ძალადობრივი ქმედებები ახლავს - ან უფროსი ძალადობს მასზე ან თანატოლები. ბავშვი ეძებს გამოსავალს და ვერ პოულობს. უყურადღებობა, როცა ის შველას ითხოვს, მისი ღირსების დამთრგუნველია, მისი პირადი "მეს" გამანადგურებელი. არის შემთხვევები, როცა ონლაინსივრცით ძალადობენ მასზე. შეიძლება ეს იყოს ონლაინბულინგი, ონლაინპედოფილია ან ონლაინთამაშები. სუიციდის პრევენციისთვის ბავშვის ემოციური უსაფრთხოება მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ უსუსტესი სახელმწიფო მექანიზმები გვაქვს. გვქონია შემთხვევები, როცა დახმარება უთხოვიათ, ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა და რა გავაკეთოო. ჩვენ ვაკავშირებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც დონორული მხარდაჭერით თერაპიული ჩარევების საშუალება აქვთ, მაგრამ მხოლოდ მესამე სექტორის იმედად ვერ იქნება სახელმწიფო. მას უნდა ჰქონდეს სუიციდის პრევენციის პროგრამა".

გიორგი ჩენდლერი, ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორი: - ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით, 20 მილიონამდე შემთხვევა კი არასასიკვდილო შედეგით მთავრდება. არ შეიძლება აფექტის მდგომარეობაში ნახევარი საათის განმავლობაში იყოს. ის დაახლოებით 5 წუთს ან ოდნავ დიდხანს გრძელდება. გარემო ფაქტორებიც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ნორვეგიაში, შვედეთში, სადაც ადამიანი უზრუნველყოფილია ყველაფრით, უამინდობა განაპირობებს სუიციდის მაღალ მაჩვენებელს.

- აღმოსავლეთში რა ხდება მიზეზი, ვთქვათ, კორეაში? - იქ ვიღაცამ შეიძლება იმის გამო მოიკლას თავი, რომ ქვეყნის მეთაურს სიცხე აქვს. როგორც ფსიქიატრი, გერმანიაშიც ვმუშაობ და ფსიქოთერაპიულ დაწესებულებებში, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს, ბევრი ბენეფიციარი ჰყავთ. იქ ელემენტარულ რამეზე შეიძლება განუვითარდეთ დეპრესია. მაგალითად, იმის გამო, რომ რამდენიმე წუთით ელექტროენერგია გაითიშა - საყოფაცხოვრებო პრობლემების ამტანობა არა აქვთ.

- რა უნდა გაკეთდეს საქართველოში სუიციდის პრევენციისთვის? - პაციენტებთან ურთიერთობისთვის სწორად გაწერილი გეგმა გვჭირდება: 1. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადამიანების სოციალური სტატუსის გასაუმჯობესებლად; 2. უნდა ჩამოყალიბდეს არაკომერციული ფსიქიატრიული დაწესებულებები.