ნუ მოიკლავ თავს და ნუ მოკლავ მეზობელს! - კვირის პალიტრა

ნუ მოიკლავ თავს და ნუ მოკლავ მეზობელს!

მკვლელი წყლის გამაცხელებლები და გამათბობლები

დილის 9 საათზე, თბილისში, გურამიშვილის 34 ნომერში საშინელი აფეთქების ხმა გაისმა და 16-სართულიან კორპუსში მეოთხე სართული მთლიანად ჩამოინგრა

19 ოქტომბერს, დილის 9 საათზე, თბილისში, გურამიშვილის 34 ნომერში საშინელი აფეთქების ხმა გაისმა და 16-სართულიან კორპუსში მეოთხე სართული მთლიანად ჩამოინგრა. ძლიერმა აფეთქებამ კორპუსის რამდენიმე სართულიც დააზიანა, ასევე ჩაიმსხვრა მიმდებარე კორპუსებში მინები, დაზიანდა ავტომობილებიც. 4 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ერთი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას სხეულის 60% აქვს დამწვარი.

ჩვენი ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი 39 წლის იოსებ ჯავახიშვილია, სწორედ მის ბინაში მოხდა აფეთქება. მეზობლების თქმით, ის მარტო ცხოვრობდა. მუშაობდა და ხშირად სახლიდან გასული იყო. "თბილისი ენერჯის" თანამშრომლებმა მას ცოტა ხნის წინ ჩაუხსნეს წყლის გამაცხელებელი. როგორც ჩანს, ისევ შეაერთა ხელსაწყო. როგორც "თბილისი ენერჯის" თანამშრომელი ამბობს, გადასამოწმებლად იმ ბინაში არაერთხელ მივიდნენ, მაგრამ კარი არავინ გააღო, ხოლო როცა ურეკავდნენ, მამაკაცი პასუხობდა, რომ ის იმ მისამართზე არ ცხოვრობდა.

ფაქტია, დაუდევრობას უმძიმესი შედეგი მოჰყვა. მამაკაცი ახლა სიკვდილს ებრძვის. აფეთქების გამო მისი მეზობლებიც დაშავდნენ. კიდევ 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს - ორი მათგანი მინის ჩამსხვრევის გამო დაშავდა, ხოლო მესამე, ქვედა სართულზე მცხოვრები ქალი, ჩანგრეული ბეტონის ფილის დაცემით.

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური შემთხვევის ადგილზე მივიდა: "როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, ამ ოჯახს რამდენიმე თვის წინ ჩაუჭრეს გამაცხელებელი. ექსპერტიზა დაადგენს, ისევ შეაერთა და ამან გამოიწვია თუ არა აფეთქება... შესამოწმებლად კარს ვერ შევუნგრევდით, არ გვაქვს უფლება, იძულებით დავათვალიეროთ გამათბობელი თუ გაზქურა".

გამოძიება სს კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

"თბილისი ენერჯი" მოსახლეობას მუდმივად აფრთხილებს, რომ დაამონტაჟონ მხოლოდ დახურული წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები და გაზის გამათბობლები. როგორც შევიტყვეთ, ღია ტიპის წყლის გამაცხელებლის ფასი ბაზრობებზე 130-დან 250 ლარამდე მერყეობს, იაფია, მაგრამ უნდა იცოდეთ, თუ მას სახლში დაამონტაჟებთ, ამით როგორც თქვენს სიცოცხლეს, ასევე ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნით. დახურული წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები 250-დან 500 ლარამდე ღირს. გამათბობელიც შეგიძლიათ შეიძინოთ 500 ლარად, ოღონდ გახსოვდეთ, მხოლოდ სპეციალისტს უნდა დაამონტაჟებინოთ, რადგან არასწორმა მონტაჟმა შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგიყვანოთ. თუ ბინაში დეტექტორსაც დაამონტაჟებთ, ამით უფრო მეტად დაიცავთ თქვენს სიცოცხლეს.

გია არაბიძე, ენერგეტიკოსი: - სახელმწიფო ვერ შევა ყველას ოჯახში და ვერ გადაკეტავს გაზის ონკანს. დღევანდელი კანონმდებლობით ასეთ დროს მე, სახლის პატრონი ვარ პასუხისმგებელი. არ ვიცი, არის თუ არა საქართველოში დარჩენილი ადამიანი, რომელმაც არ იცის, როგორ უნდა მოიხმაროს გაზის დანადგარი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი ხელსაწყოს მიერთება გაზზე, რომელიც ექსპლუატაციისთვის უვარგისია. არა მაქვს საფუძველი, რომ არ დავუჯერო "თბილისი ენერჯის" თანამშრომელს, რომელმაც განაცხადა, რომ იმ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული ხელსაწყო ჩაჭრეს და მერე მობინადრემ თვითნებურად მიაერთა. ბუნებრივია, გაზის დაგროვებამ დახურულ სივრცეში აფეთქება გამოიწვია. გაზის კონცენტრაცია, მინიმუმ, 5-15% იქნებოდა. უფრო დიდი კონცენტრაცია რომ ყოფილიყო, მთლიანად დაანგრევდა კორპუსს. თუ მოსახლეობამ ამ პრობლემას ისე არ შეხედა, როგორც პოტენციურ საშიშროებას, ასეთი ტრაგედიები ყოველთვის დატრიალდება. პარლამენტში უკვე შევიდა რეგულაციების ის კანონი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ მე, გაზის მომხმარებელს, მეტი პასუხისმგებლობა დამეკისროს, თუ რაღაც დავარღვიე. დღეს კი მეც და თქვენც საშიშროების წინაშე ვდგავართ, რადგან არ ვიცით, ჩვენი ზედა ან ქვედა სართულების ან წინა თუ უკანა კორპუსის მობინადრეები რას მოიმოქმედებენ.

ყველას ახსოვს დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედია. ამისთვის ცოტა ხნის წინ გაასამართლეს "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები და პატიმრობაც მიუსაჯეს. თუ პრობლემის წარმოშობის მიზეზი ვერ იპოვეს, მაგრამ ხალხი ეუბნებოდა, რომ გაზის სუნი იყო, უნდა გამოერთოთ გაზი კორპუსში. გამოიკვეთა ბრალეულობა და ისინი დაისაჯნენ, მაგრამ მე არ მინახავს დასჯილი მეზობელი, რომლის დაუდევრობას მოჰყვა აფეთქება და უდანაშაულო მეზობლების, ბავშვის და მისი ოჯახის წევრების დაღუპვა. მოსახლეობამაც უნდა იკისროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. როგორც ვიცი, საექსპლუატაციო პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც ტარდება ღონისძიებები. 2 კვირაში დაიწყება ტექნიკურ უნივერსიტეტში კადრების მომზადება და მივცემთ სერტიფიკატსაც.

- სტატისტიკა საგანგაშოა, 5000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისევ შეაერთა საშიში ხელსაწყო. - ეს ტერორისტული აქტის ტოლფასია. მიდიხარ ისეთ რაღაცაზე, რომლმაც შენ და სხვაც შეიძლება დაღუპოს. ყველას მივმართავ - ნუ დააყენებთ მკვლელ გამაცხელებლებსა და გამათბობლებს სახლში! ასევე, სანამ აიღებთ ხელში ასანთს, მიხვალთ გაზქურასთან და მოუკიდებთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაქვთ ყველაფერი მწყობრში?

როცა კონცენტრაცია 5%-ს აღწევს, უკვე ფეთქებადსაშიშია და შესაძლებელია აფეთქება. ყველაზე კრიტიკული სიტუაციაა 9%-ის დროს, ამ დროს სულ მცირე რამემაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება. თუ ცოტა მეტიც დაგროვდა, მაშინ შეიძლება თვითაფეთქებაც მოხდეს.

წესად უნდა აქციოთ - გაზქურაზე თუნდაც წყლის ადუღების შემდგომ რამდენიმე წუთით გამოაღეთ ფანჯარა და ოთახი გაანიავეთ. არც იმის გარკვევაა რთული, გროვდება თუ არა ბინაში გაზი: ღრუბელს წაუსვით საპონი, ააქაფეთ და წაუსვით იმ ადგილებს, საიდანაც ბუნებრივ აირს რთავთ. თუ ბუშტუკები გაჩნდა, სასწრაფოდ გადაკეტეთ ცენტრალური მილი. სასწრაფოდ გააღეთ ყველა ფანჯარა, კარი, გაანიავეთ ოთახები და მაშინვე დარეკეთ ცხელ ხაზზე.

ახალი რეგულაციები

1-ლი ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოწყობილობების მოხმარებაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. თუ ობიექტზე (მათ შორის საცხოვრებელ ადგილას) არსებული გაზდანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს დაუყოვნებლივ დემონტაჟზე ან/და აშკარაა ამ ხელსაწყოთი თვითნებური სარგებლობა, გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომელი ვალდებული იქნება პოლიციას აცნობოს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოების შესახებ. გამკაცრებული რეგულაცია აბონენტებისთვის ჯარიმის დაკისრებასაც ითვალისწინებს - ფიზიკური პირები 50 ლარით, იურიდიული და საჯარო დაწესებულებები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან. დარღვევების განმეორებით ჩადენა, ასევე გამორთული გაზმომარაგების თვითნებურად აღდგენა ან ბუნებრივი გაზის შიდა ქსელზე ისეთი ხელსაწყოს აღდგენა, რომელიც გაუმართაობის გამო ჩახსნილი/გამორთული იყო, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას კი 1500 ლარის ოდენობით.

დაგვირეკეთ, შეგვატყობინეთ არსებული საფრთხეების შესახებ

ნათია მიქიაშვილი, "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი: "შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად ჩახსნილი დანადგარების რიცხვი 7 000-ს სცილდებოდა. ერთ-ერთ რაიონში ხელმეორე შემოწმება ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ 5000-მდე აბონენტმა ხელმეორედ კუსტარულად შეაერთა დანადგარი. მივმართავთ ყველა აბონენტს - თქვენ ხართ პასუხისმგებელი არა მარტო საკუთარ სიცოცხლეზე, არამედ გარშემო მყოფებისა და მეზობლების სიცოცხლეზეც. ასე რომ, დაგვირეკეთ, შეგვატყობინეთ არსებული საფრთხეების შესახებ."

თეა ხურცილავა