"თემირლანის დედა და ჩატაევის მეუღლე ნათესავები არიან" - რას ამბობდა სუს-ის მაღალჩინოსანი, რომელიც პანკისის სპეცოპერაციის თაობაზე დაკითხეს? - კვირის პალიტრა

"თემირლანის დედა და ჩატაევის მეუღლე ნათესავები არიან" - რას ამბობდა სუს-ის მაღალჩინოსანი, რომელიც პანკისის სპეცოპერაციის თაობაზე დაკითხეს?

გავრცელებული ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა.

სააგენტოს ინფორმაციით, გომალეურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.

შეგახსენებთ, რომ პანკისში სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, 2017 წელის დეკემბერში ჩატარდა. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტასთან" გასული წლის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიმაკაძემ ისაუბრა, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

სპეცოპერაცია პანკისში

- 26 დეკემბერს ერთდროულად პანკისის ხეობასა და თბილისში კიდევ ერთი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. თქვენ დააკავეთ ჩატაევის ხელშემწყობი პირები. აღმოჩნდა, რომ ისინი იმდენად "უწყინარი" ადამიანები იყვნენ (ქვისმთლელი, ხელოსანი, სტუდენტი, მეურნე და ა.შ.), ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ მსოფლიო ტერორისტს მათთან რაიმე კავშირი ჰქონოდა. როგორ გავიდა გამოძიება ამ პირებზე?

- მტკიცებულებებში, რომლებიც ბინიდან ამოვიღეთ, იყო ჩანაწერები, რის საფუძველზეც მტკიცდებოდა, რომ რამდენიმე პირი დაკავშირებული იყო ჩატაევის ჯგუფთან. ერთი თვის განმავლობაში ჩვენმა თანამშრომლებმა ბევრი ღამე გაათენეს და დიდი ჯაფა გასწიეს ამ პირების დასადგენად. მოვიპოვეთ მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეოკამერებიდან, ასევე ფულადი გზავნილები. განსაზღვრულ თანხას დაკავებულ პირებს ერთდროულად უგზავნიდნენ. ერთ-ერთი გამომგზავნი პირის იდენტიფიცირება ახლახან მოხერხდა - ის ჩატაევის ძმის ცოლი (ჩატაევის ძმაც "ხალიფატის" მებრძოლია) ზარემა მურზაფეროვაა. ის სპეცოპერაციამდე 4-5 თვის განმავლობაში რამდენიმე გადმორიცხვას აკეთებს ერთდროულად ხიზირ მარგოშვილთან, ტოლიკ ბერძენიშვილსა და თემირლან მაჩალიკაშვილთან.

- სოლიდური თანხები იგზავნებოდა?

- არა, დიდი თანხები ნამდვილად არ იყო. ყველამ კარგად იცის, როცა დიდი თანხა ირიცხება, საეჭვოა, ბანკი აჩერებს ტრანზაქციას და საქმეში მონიტორინგის სამსახური ერთვება, მოწმდება თანხის წარმომავლობა და ა.შ. მსოფლიოში უკვე ცნობილია, რომ ტერორიზმის დაფინანსების დიდი წილი სწორედ საბანკო გადარიცხვებზე მოდის. ბოლო დროს "ხალიფატმა" ძალიან დახვეწა ფულადი გადარიცხვების მექანიზმი, სპეციალურად არჩევენ ისეთ პირებს, რომლებიც არასდროს მოხვედრილან სპეცსამსახურების თვალთახედვის არეალში, სუფთა წარსული აქვთ და ყურადღებას არ მიიქცევენ. გადმორიცხვებს აკეთებდნენ ასევე სხვა პირებიც, რომელთა იდენტიფიცირებაზეც ვმუშაობთ. ვინაიდან ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, დახმარებისთვის პარტნიორებს მივმართეთ. დაკავებული პირების სახელზე თანხებს რიცხავდა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ლიკვიდირებული იბრაჰიმ ადაშევის მეუღლე აზა არცუევაც.

გარდა ამისა, ბინა ვარკეთილში, სადაც ჩატაევის ჩამოსვლამდე სოლტაჰმედოვი და შოაიფ ბორზიევი ცხოვრობდნენ, მაჩალიკაშვილმა და მარგოშვილმა დაიქირავეს. მარგოშვილს, რომელსაც თბილისში სამსახურიც კი არ გააჩნდა, გაუგებარია, რაში სჭირდებოდა თვეების განმავლობაში ბინის დაქირავება? საფუძვლიანი მტკიცებულებები გვქონდა მაჩალიკაშვილზეც, მათ შორის, იმდროინდელი სატელეფონო ზარები, როდესაც ჩატაევი და მისი ჯგუფის წევრები საქართველოში შემოდიან, მის სახელზე გაფორმებული სიმბარათები, მამამისის სახელზე გაფორმებული სიმბარათები, ტელეფონები, რომლებსაც ისინი კონსპირაციისთვის ერთმანეთში ხშირად ცვლიდნენ, ფულადი გზავნილები და ა.შ.

გარდა ამისა, იკვეთება, რომ ჯგუფის ყველა წევრი, მაგალითად, გორნაკაშვილი, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ბინა გააქირავა, დაკავშირებულია ჩატაევთან, ასევე იდოიძეც, რომელიც თურქეთში ჩავიდა. ისიც უნდა ითქვას, რომ მათ თურქეთში ჩასვლის ნამდვილი მიზეზი არ იცოდნენ, თუმცა, როცა იქ ჩატაევი ნახეს, ვალდებული იყვნენ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განეცხადებინათ. არც ერთ დაკავებულ პირს არც სპეცოპერაციამდე და არც მის შემდეგ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოუთქვამს. გარდა იმისა, რომ მათ ჩატაევი ერთად ჩამოიყვანეს, სპეცოპერაციის შემდგომაც განაგრძობდნენ ურთიერთობას. მაგალითად, ერთმანეთს უგზავნიდნენ ცხედრების ფოტოებს. ასევე გვაქვს ვიდეომასალა, რომელიც იმ ბინაშია გადაღებული, და ბევრი სხვა მტკიცებულებაც, რომლებზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. ვიმეორებ, ეს არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოში წარვადგინეთ და ამის საფუძველზე მივიღეთ მოსამართლის განჩინება. სწორედ განჩინებით შევედით ბინების გასაჩხრეკად. ასე რომ, გავრცელებული აზრი, თითქოს ჩვენ 26 დეკემბერს, პანკისის სპეცოპერაციის დროს, სადღაც არასწორად შევედით, სიცრუეა!

საბედისწერო გასროლა

- დანარჩენებისგან განსხვავებით, თემირლან მაჩალიკაშვილს სასამართლოში თავის მართლების შესაძლებლობა არ მიეცა, ის 26 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს და მამამისი დღემდე ქუჩაში ეძებს სამართალს. მოგვიანებით, მედიაში გაჩნდა ვიდეოკამერიდან ამოღებული ფირი, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციისას მოკლულ პირებთან ერთად ტელეფონების მაღაზიაში ჩანს. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ამ ფირით და მედიაში აქა-იქ ფრაგმენტულად გასაჯაროებული მტკიცებულებებით მაჩალიკაშვილის კავშირი ტერორიზმის ხელშემწყობ ჯგუფთან ნაკლებად დამაჯერებელია. რატომ არ ასაჯაროებს გამოძიება მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებს, თუ მართლაც აქვს, როდესაც მაჩალიკაშვილის ეპიზოდის ტრაგიკულად დასრულების გამო საზოგადოების ინტერესი ჯერაც არ განელებულა?

- კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი - ერთი თვის განმავლობაში უამრავი მტკიცებულება შევაგროვეთ, რომ ეს პირები დაგვეკავებინა. საფუძვლიანი მტკიცებულებები რომ არ გვქონოდა, სასამართლო არ მიიღებდა ბინების ჩხრეკის განჩინებას. მტკიცებულებების განსაზღვრულ ნაწილზე უკვე ვისაუბრე, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო მაჩალიკაშვილის სახელზე გამოგზავნილი ფულადი გზავნილები, მობილური ტელეფონის საგარანტიო ფურცლები, ასევე ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე განხორციელებული ზარი. ასევე კოლეგების დახმარებით მოვახერხეთ სატელეფონო მიმოწერის აღდგენა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ თანაუგრძნობს მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს და თითქოს ისიც მზად არის გარკვეულ ეტაპზე მსგავსი ქმედება თავადაც ჩაიდინოს. დღესაც ვმუშაობთ. საქმე დახურული არ არის, აგვისტოში ჩვენ ჩატაევის ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დავაკავეთ...

- რუსლან შავაძე?

- დიახ. სპეცოპერაციის შემდეგ ის ტყეში იმალებოდა და როგორც კი გამოვიდა, იმ დღესვე დავაკავეთ...

- პანკისის სპეცოპერაციის დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნახევრად მძინარე მაჩალიკაშვილს იმიტომ ესროლეს, რომ ხელში ხელყუმბარა ეკავა და შესაძლოა აემოქმედებინა. ოჯახის წევრების თქმით, ხელყუმბარა სახლში არავის უნახავს და ის თემირლანს "ჩაუდეს". მოგვიანებით ადვოკატებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც გარკვევით წერია, რომ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, რამაც უფრო გაამყარა "ჩადების" ვერსია. და მაინც, რა მოხდა 26 დეკემბერს მაჩალიკაშვილების ოჯახში?

- გამოძიება არ დასრულებულა, ამიტომ პასუხისგან თავს შევიკავებ.

- რატომ არ აღმოჩნდა თითის ანაბეჭდები ხელყუმბარაზე?

- ხელყუმბარაზე ნანახი თითის ანაბეჭდი მართლაც არ იყო საკმარისი პირის იდენტიფიცირებისთვის, თუმცა იმავე ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ხელყუმბარაზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, რომელიც მაჩალიკაშვილის იდენტურია...

- ანუ?

- ხელყუმბარაზე დაფიქსირებულია მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი. როგორც უკვე გითხარით, გამოძიება დასრულებული არ არის და ამიტომ საქმესთან დაკავშირებით, კითხვას ვერ ვუპასუხებ.

- რადგან თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალი არ წაუყენეს, შესაბამისად ის უდანაშაულოა. რატომ არ წაუყენეს, მით უმეტეს, როგორც თქვენ ამბობთ, მისი ბრალეულობის მტკიცებულებები გქონიათ?

- როდესაც პირს ბრალს წაუყენებენ, ის უნდა აცნობიერებდეს და საღ გონებაზე იყოს. თემირლან მაჩალიკაშვილი სასამართლოს განჩინებით დააკავეს. ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენა და გაცნობა მაშინ შეიძლება, როცა დაკავებული პირი აღიქვამს და აცნობიერებს ბრალდებას, ასევე იცის ის უფლებები, რომლებიც ბრალდებულს აქვს. აქედან გამომდინარე, თუკი ადამიანი უგონოდ არის, ფაქტობრივად, ბრალს ვერ წაუყენებ, ასევე ვერ წაუყენებდნენ ბრალს გარდაცვალების შემდგომ, ვინაიდან ეს გარემოება უკვე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია.

- მაჩალიკაშვილები აცხადებენ, რომ ჩატაევთან მათ ოჯახს არანაირი კავშირი არ ჰქონია, შესაბამისად, არც თემირლანს.

- ნახავდით პრესაშიც და მეც გიდასტურებთ, რომ არა მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდათ, თემირლანის დედა და ჩატაევის მეუღლე ნათესავები არიან.

- არაერთხელ ითქვა, რომ სპეცოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სუს-ის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი. მაჩალიკაშვილების განცხადებით, ის ნახეს სპეცოპერაციის შემდგომ სახლში..

- ეს ტყუილია. არათუ გოგაშვილი, მეც კი არ ვყოფილვარ იმ დღეს პანკისში. დაკავების სპეცოპერაციებს სამსახურის პირველი პირები არ ესწრებიან. როგორ ფიქრობთ, ჩემი ხელმძღვანელები იქ რომ ყოფილიყვნენ, მე თბილისში ვიქნებოდი?

- ვინ იყო მთავარი დამაკავშირებელი რგოლი ჯგუფსა და ჩატაევს შორის, ანატოლი ბერძენიშვილი?

- ანატოლი ბერძენიშვილი ვერ იქნებოდა. იმ დროისთვის ეს იყო ორი პირი - ხიზირ მარგოშვილი და რუსლან ალდამოვი. ორივეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩატაევთან. მოგეხსენებათ, ალდამოვი ერთხანს ავსტრიაში ცხოვრობდა და ჩატაევს სწორედ იქ დაუახლოვდა. თავის მხრივ, მარგოშვილი ჩატაევს მაშინ დაუმეგობრდა, როცა ის საქართველოში ცხოვრობდა. ამ ორ პირზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან აქტიურობდნენ - ალდამოვს ურთიერთობა ჰქონდა ჩოფანაშვილთან, გორნაკაშვილსა და იდოიძესთან, მარგოშვილს კი მაჩალიკაშვილსა და ბერძენიშვილთან. იხილეთ სრულად