ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს სმიტების ოჯახის ახლობლებმა წერილი გამოუგზავნეს - კვირის პალიტრა

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს სმიტების ოჯახის ახლობლებმა წერილი გამოუგზავნეს

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს გარდაცვლილთა ოჯახმა წერილი გამოუგზავნა.

როგორც კობაურის ადვოკატებმა "მთავარის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათთვის წერილის შინაარსი უცნობია, რადგან პენინტენციური დაწესებულების სოციალურმა სამსახურმა კობაურისთვის გაცნობის შემდეგ წერილი უკან წაიღო.

"კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ კითხვებს, რომელიც სმიტების ახლობლებს აქვთ, თუმცა აღნიშნული წერილის გაცნობის საშუალება ადვოკატებს არ მოგვეცა, რადგან პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა სამსახურმა გააცნო და წაიღო უკან, თითქოსდა სასამართლოზე წარდგენის მიზნით, თუმცა სასამართლო პროცესები ამ საქმეზე უკვე დასრულებულია. ჩვენ დავწერეთ განცხადება აღნიშნული წერილის გამოთხოვებაზე. მნიშვნელოვანია, ჩვენც გავეცნოთ ამ წერილს, რადგან სმიტების ახლობლებთან გასაუბრების საშუალება არ მოგვცემია", -განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

ადვოკატების თქმითვე, კობაურის საქმეზე განაჩენს ისინი სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

"ჩვენ ვამზადებთ საჩივარს სტრასბურგის სასამართლოსთვის. გვაქვს მოლოდინი, რომ ევროსასამართლო იმსჯელებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და დაადგენს კონკრეტული ნორმების დარღვევის ფაქტს", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

"ინტერპრესნიუსი"