"გიორგის ცოლთან უჩხუბია, ქორწილში რა გინდა, პატარა გყავს, სახლში დაეტიეო" - რატომ დაჭრა ბაბუამ შვილიშვილი - კვირის პალიტრა

"გიორგის ცოლთან უჩხუბია, ქორწილში რა გინდა, პატარა გყავს, სახლში დაეტიეო" - რატომ დაჭრა ბაბუამ შვილიშვილი

ოქტომბერში ორი ახალგაზრდა ქალი გამოასალმეს სიცოცხლეს, ხაშურში ნათია გოგალაძე ყოფილმა ქმარმა, ირაკლი დეკანოიძემ სადისტურად მოკლა, როგორც გაირკვა, ნათია ძალადობის მსხვერპლი იყო და მას მოკვლით ყოფილი ქმარი ადრეც ემუქრებოდა. რამდენიმე დღის წინ ასევე სადისტური მკვლელობა მოხდა ბოლნისში. 25 წლის აზერბაიჯანელი ქალი, ქმარმა სახლიდან გაიტყუა და სასაფლაოებთან ქამრით მოახრჩო. ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრს საუბრობენ კანონის კიდევ მეტად გამკაცრებაზე. თვლიან, რომ განზრახ მკვლელობისთვის ჩამდენები უფრო მეტად უნდა დაისაჯონ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ოჯახური ძალადობების მხრივ რომ ვითარება საგანგაშოა, ამას არსებული სტატისტიკაც ადასტურებს. 2019 წელს აგვისტოს თვემდე სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქართველოში სულ 851 შემაკავებელი ორდერი გაიცა. 625 მამაკაცს მიანიჭეს მოძალადის სტატუსი, როგორც ჩანს, ქალებიც ძალადობენ ოჯახის წევრებზე და 141 ქალს აქვს წელს მოძალადის სტატუსი.Yფიზიკური ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, სულ 65 შემთხვევაში მიმართა პოლიციას მსხვერპლმა დახმარებისთვის, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობის 324 შემთხვევაა რეგისტრირებული თბილისში. ძალადობის მხრივ მეორე ადგილის ტანაბრად ინაწილებს აჭარა და ქვემო ქართლი, თითოეულ რეგიონში ფიზიკური ძალადობის 34 -34 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო აჭარაში ფსიქოლოგიურის ძალადობის- 83 ფაქტი, აჭარაში სექსუალური ძალადობის ერთი და ეკონომიური ძალადობის 3 ფაქტია რეგისტრირებული. მომდევნო ადგილზეა იმერეთი, სადაც ოჯახში ფიზიკური ძალადობის 27 ფაქტზეა საქმე აღძრული. ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობის 58 შემთხვევაზე. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოჯახის წევრზე ეკონომიური ძალადობის სულ 24 ფაქტია რეგისტრირებული, სექსუალური ძალადობის - 5, იძულების - 9 შემთხვევა. მსხვერპლის სტატუსი სულ 665 ქალს და 123 მამაკაცს მიენიჭა".

ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

20 ოქტომბერს ღამით კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულდა. ამჯერად დაპირისპირება ბაბუასა და შვილიშვილს შორის ზუგდიდის სოფელ დარჩელში მოხდა. 27 წლის შვილიშვილის დაჭრისთვის ბრალდებულის სკამზე მისი მოხუცი ბაბუა ზის. 8 წლის იაშა არანანიას იმის ახსნა მოუწევს, რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ შვილიშვილი. გიორგი არნანია სიკვდილს გადაურჩა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ბაბუასა და შვილიშვილის ჩხუბის ხმა გაიგონეს მეზობლებმაც. რომ მიხვდნენ, გიორგი უკვე დაჭრილი იყო. "ხმაურზე გარეთ გავედით. რომ მივედით, გიორგი იძახდა, დაჭრილი ვარო, მაგრამ არ უთქვამს, ბაბუამისმა რომ დაჭრა. მალე "სასწრაფოც" მოვიდა და გადაიყვანეს. პოლიციაც მოვიდა. იაშას შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია. თავისი ფეხით გაჰყვა პოლიციას. როგორც გავიგეთ, იაშა შვილიშვილს ნათესავის ქორწილში წასვლის უფლებას არ აძლევდა და ჩხუბი ამის გამო მოხდა. გიორგი სამუშაოდან მოსულა და მომზადება დაუწყია ქორწილში წასასვლელად. ეტყობა მისი ცოლიც ემზადებოდა. - შენ სად მოეთრევი, პატარა გყავს და სახლში დაეტიეო, - უთქვამს. ამის გამო ცოლ-ქმარს უჩხუბია, ბაბუაც ჩარეულა, შვილიშვილთან უჩხუბია, მერე დანა აიღო და დაჭრა. რატომ მივიდა საქმე აქამდე, არ ვიცით. იაშა ნორმალური კაცია, ნორმალურ ოჯახი აქვთ", - ამბობს მეზობელი.

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა