"ბევრი კანონი ჩინჩალაძისა და მურუსიძის კაბინეტში იწერებოდა, მაგრამ წულუკიანის უწყებას შემოჰქონდა როგორც რეფორმა" - კვირის პალიტრა

"ბევრი კანონი ჩინჩალაძისა და მურუსიძის კაბინეტში იწერებოდა, მაგრამ წულუკიანის უწყებას შემოჰქონდა როგორც რეფორმა"

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე: "ჩინჩალაძეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს საზოგადოებამ არ იცის"

"ძალიან ბევრ მოსამართლეს დანაშაულის შეგრძნება ამოძრავებს. ისეთი გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული, სხვა გზა არ ჰქონდათ და ამიტომ დაუახლოვდნენ "ოცნებას", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი და "კლანის" ანატომიასა და პარლამენტში მოსამართლეების მოსმენაზე გვესაუბრება.

- პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა 20-კაციანი სია ფარსია, უბრალოდ, შეალამაზეს დეკემბრის 10-კაციანი სია, რომელშიც არიან ისეთი პირები, ვისაც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. თუმცა გამოცდის საფეხურები ისე გაიარეს, კითხვები არავის დაუსვამს. ეს "კლანზე" დიდი ჯგუფია. ასეთი არა მარტო სასამართლო სისტემაში, არამედ ყველგან არის, მათ შორის პროკურატურაში, აუდიტის სამსახურში და სხვა. არიან ერთი ჯგუფის წევრები, რომლებიც ხელისუფლებასთან ერთად აგვარებენ სხვადასხვა საქმეს.

- ამ კლანს პარლამენტში ამჟამად ვინ ჰყავს დასაყრდენი? - ამას მნიშვნელობა არა აქვს. არც ჩინჩალაძეა პიროვნულად არავინ, მაგრამ ამწუთას ლიდერია, ცოტა ხნის წინ კი მურუსიძე იყო, ადრე კიდევ ცერცვაძე. ასე რომ, გვარების ცვლილება არაფერს ნიშნავს.

ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, რომ დისკრედიტირებული პირები მართავდნენ სასამართლოს. სურთ, საქმეების გარჩევა ოთახებსა და კაბინეტებში ხდებოდეს.

- რაში აწყობს ეს "ოცნებას"? - დისკრედიტირებულ ადამიანს საკუთარი პრინციპები არ გააჩნია და ყველაფერს თანხმდება. კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ყველაფრისთვის მზად არიან.

ბოლო დროს ძალიან ბევრ იმ ბიზნესმენთან მქონდა საუბარი, ვისაც ქონება დაყადაღებული აქვთ და წლებია მათ საქმეებს არ განიხილავენ. ამიტომ იძულებული არიან ხელისუფლებაში მოძებნონ დასაყრდენი და ისე იპოვონ სამართალი.

- ოპონენტები ამ "კლანის" მფარველობაში ზარდიაშვილსა და კობახიძეს ადანაშაულებენ, თქვენი ინფორმაციით, კიდევ ვინ არის "კლანთან" დაახლოებული პირი? - მდინარაძეები, მათიკაშვილები, ოხანაშვილები - ისინი სულ ერთნი არიან.

თვითონ "კლანის" წევრები ეუბნებიან დეპუტატებს, თუ გინდათ სასურველი გადაწყვეტილებები, მაშინ ეს მოსამართლეები დაგვინიშნეთო. საკითხი უკვე ისე დგას, თხოვნის გარეშეც ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. ზარდიაშვილის პარლამენტში ყოფნა-არყოფნა არაფერს ნიშნავს. დღესაც იგივე ფუნქცია აქვს. ასეთი კიდევ რამდენიმე კაცია.

- "კლანი" როდის გაძლიერდა? - მცდელობა პირველივე დღეებში იყო, მაგრამ 2013-2014 წლამდე ხელისუფლებას არ სურდა მასთან კომუნიკაცია.

ხელისუფლების უუნარობის შედეგია "კლანის" გაძლიერება. ვერაფერს ცვლიდნენ, ამიტომ არსებულ ვითარებას მოერგნენ.

- ანუ "კლანი" გაძლიერდა და "ოცნება" იძულებული გახდა, ეთანამშრომლა? - რა თქმა უნდა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ორივე ხელისუფლება, წინამორბედიც და ახლანდელიც, საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა. 2016 წელს "ოცნებამ" ჩათვალა, რომ ძალაუფლება ჰქონდა, ამიტომ რას მოიმოქმედებდა, მნიშვნელობას არ ანიჭებდა. სწორედ 2016 წლიდან დაიწყო "კლანის" დაახლოება პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან.

"კლანმა" სასამართლოში 2008 წლიდან მოიკიდა ფეხი. მოსამართლეების უმრავლესობა მაშინ გადმოიყვანეს პროკურატურიდან, სადაც ბევრი შეცდომა ჰქონდათ დაშვებული და მათზე არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ საქმეები პროკურატურაში დევს.

- კონკრეტულად, ვისზეა საქმე აღძრული? - ერთ-ერთი ჩინჩალაძეა.

- რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება? - ვერ გეტყვით.

- როდის დაიწყო გამოძიება? - როგორც ვიცი, 2012-2013 წლებში. ჩინჩალაძის გარდა, არიან სასამართლოს თავმჯდომარეებიც. ბევრს ისეთი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, სხვა გზა არა აქვს და ამიტომ დაუახლოვდა "ოცნებას".

2012 წლის ოქტომბერში მოსამართლეებს შევხვდით. მაშინ რამდენიმე სასამართლოს თავმჯდომარემ პირდაპირ დასვა კითხვა, როდის დაგვიჭერენო. თუმცა, დღეს, პირიქით, დაწინაურებული არიან.

"კლანთან" ბრძოლა ძალიან რთული იყო. მოსამართლეთა ჯანსაღი ნაწილი "კლანთან" დაპირისპირების გამო სასამართლოში აღარ არის.

- თქვენც "კლანისთვის" აღმოჩნდით მიუღებელი? - სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო? საკუთარი გათავისუფლების პროცესსაც ვერ დავესწარი. ჩემი განცხადებები მათთვის მიუღებელი იყო და რამდენიმე დღეში დამითხოვეს კიდეც.

- რა მორალით ხელმძღვანელობდნენ ეს მოსამართლეები გადაწყვეტილებების მიღებისას? - მათ მორალი არ გააჩნიათ. მნიშვნელობა არა აქვს, ვის ემსახურებიან, მთავარია, კარგად იყვნენ და ჰქონდეთ ძალაუფლება, არც ერთი მათგანი არ იმსახურებს მოსამართლეობას არც პიროვნულად და არც კვალიფიკაციით. თუმცა წინა ხელისუფლების დროს ბევრი ტრენინგი აქვთ გავლილი და რაღაცებში დახელოვნდნენ კიდეც.

ადრე კონფერენცია ჩავატარე და ვთქვი, რომ სააპელაციო სასამართლო ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდა, არასწორად ცვლიდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებებს და ის მოსამართლეები, ვინც ამაში დავადანაშაულე, ვინც ხელისუფლების სასარგებლოდ უნამუსოდ ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს, კონფერენციაზე ყველაზე უკეთესად გამოვიდნენ და უცხოელებიც კი გაჩუმდნენ. თავის წარმოჩენა ისწავლეს, ტრენინგებიც კი გაიარეს, თუ როგორ დაფარონ თავიანთი მორალური სახე.

- ამ სიაში თუ არიან ისეთი მოსამართლეები, ვინც მართლა იმსახურებენ დაწინაურებას? - ერთი-ორი კაცი და ისიც ამ პროცესის შესანიღბავად.

- რას ფიქრობთ გიორგი მიქაუტაძეზე, რომლის მოსმენაც პარლამენტში ხმაურიანად წარიმართა? - ის ჩინჩალაძესთან დაახლოების შემდეგ გახდა ლიდერი, თორემ მანამდე შეუმჩნეველი მოსამართლე იყო.

2012 წლიდან საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვიყავი და მაშინ მოსამართლეების დიდი ნაწილი დანაშაულის შეგრძნების გამო საქმეების განხილვაზე უარს ამბობდა. ამიტომ სასამართლოს პრესტიჟის გადასარჩენად მოსამართლეები რეგიონებიდან ჩამოვიყვანეთ, მაგრამ, როგორც იტყვიან, "კლანმა" გამოიზამთრა და ისევ გამოძებნა ხელისუფლებასთან კავშირები.

მაშინ "ოცნებას" სასამართლოს პრინციპული გადაწყვეტილებები არ მოსწონდა, ამიტომ დაუახლოვდა "კლანს". სხვა გზა ვერ გამონახეს და""ნაციონალების" დროინდელი მანკიერი ტრადიცია გააგრძელეს.

როცა სასამართლოში პირველად მივედი, დამახვედრეს მოსამართლეების სია და მომდევნო კვირის ის გადაწყვეტილებები, რაც მოსამართლეებს უნდა გამოეცხადებინათ.

- ვის მოჰქონდა ეს გადაწყვეტილებები? - მდივანთან იყრიდა თავს და შემდგომ თვითონ მოსამართლეებს მოჰქონდათ.

- ანუ "კლანი" პირადად უკავშირდებოდა მოსამართლეებს? - ეს არც სჭირდებოდა, თუ რამე პრობლემურს დაინახავდა, სასამართლოს თავმჯდომარე თვითონ აცნობებდა ჩინჩალაძეს. თუ ამას არ გააკეთებდა, გაათავისუფლებდა თანამდებობიდან.

ერთხელ წინა ხელისუფლების ერთ-ერთ თანამდებობის პირთან ვიყავი, მეგობარია, როცა სასამართლოს თავმჯდომარემ დაურეკა და ჰკითხა, რა გადაწყვეტილება მიეღო ამა თუ საკითხზე. ეს ეუბნებოდა, თქვენ მიიღეთ, რაც გინდათო, მაგრამ მოსამართლემ უთხრა, უნდა გავერკვე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანიაო. ასე რომ, თვითონ სასამართლო სთავაზობდა, ჩვენ აი, ეს შეგვიძლია გაგიკეთოთ და გაჩვენოთ, რა საქმეზეა პრობლემაო.

ახლა ამან უფრო მახინჯი სახე მიიღო. შეიძლება ერთ მოსამართლეს 4-5 ძალიან კარგი, პრინციპული გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული, მაგრამ როგორც კი საჭირო გახდება, საქმე იმ წუთშივე ეწერება ამ ჯგუფს და იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ხელისუფლებას აწყობს.

- თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი? - გამოსავალია ხელისუფლების შეცვლა. ჩემი აზრით, ვითარებას კოალიციური მთავრობა გამოასწორებს. ასევე საჭიროა სრულყოფილი რეფორმა.

ამ ჯგუფის ინტერესები იმ ქმედებებით იკვებება, რაც სასამართლო სისტემაშია - კანცელარიის მუშაობით, საქმეთა გადანაწილებით, ბევრი ისეთი დეტალით, რაც გარედან არ ჩანს. ეს ბრძოლის ველია, ამ ყველაფრის შეცვლით კი "კლანი" ძალაუფლებას დაკარგავს.

ეს არ ეხება მხოლოდ სასამართლო სისტემას, ისინი პარლამენტში, პროკურატურაში, თითქმის ყველა უწყებაში არიან.

- პროკურატურაში ვინ არის "კლანთან" დაახლოებული? - მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

- ფარცხალაძე? - რა თქმა უნდა, ჩემი თავმჯდომარეობის დროსაც ჰქონდა კავშირი საბჭოს წევრებსა და ჩინჩალაძესთან. ფარცხალაძესა და ჩინჩალაძეს შორის ინფორმაციის გაცვლა ოჯახის წევრების მეშვეობით ხდებოდა. ისინი მზად არიან ხელისუფლებას ხელი ყველაფერზე მოუწერონ, ცარიელ ფურცელზეც კი, და უთხრან, რაც გინდათ, ის ჩაწერეთო...

- რა პასუხისმგებლობა აკისრია ამ ყველაფერში იუსტიციის მინისტრს? - ძალიან ბევრი კანონი მინახავს, რომელიც ჩინჩალაძისა და მურუსიძის კაბინეტში იწერებოდა, მაგრამ წულუკიანის უწყებას შემოჰქონდა როგორც რეფორმა. წულუკიანი არც არავინ იყო და არც არავინ არის. მას არ ესმის, რა არის სასამართლო სისტემა და დაღუპა კიდეც. არადა, 2013 წელს იყო უნიკალური შანსი, გაძლიერებულიყო სასამართლო სისტემა. მან ეს მომენტი გამოტოვა, ვერც იგრძნო, რომ ეს უნდა გაეკეთებინა, თან

წულუკიანის პოლიტიკურ ჯგუფს შეეშინდა "კლანთან" დაპირისპირების, ამიტომ თანამშრომლობა გადაწყვიტეს.

- "კლანთან" დაპირისპირების ვის შეეშინდა? - ხელისუფლებას, იმიტომ, რომ მოსამართლეები პრინციპულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზე. როგორც იცით, ბევრი თანამდებობის პირი იყო დაკავებული. ამიტომ

ისინი ცდილობდნენ, არ გაებრაზებინათ მოსამართლეები, რათა მათ პრინციპული გადაწყვეტილებები აღარ გამოეტანათ. თუმცა თავიდან დაპირისპირებით დაიწყეს, რაც დიდი შეცდომა იყო. ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის გამო სასამართლო ხელისუფლება ამ ხალხის ირგვლივ შეიკრა.