"მარიხუანას აპოლოგეტები უნერგავენ ხალხს აზრს, რომ ის მავნებელი არ არის, მაგრამ რატომღაც არავის უნდა ეს თავის ცოლ-შვილზე გამოცადოს" - კვირის პალიტრა

"მარიხუანას აპოლოგეტები უნერგავენ ხალხს აზრს, რომ ის მავნებელი არ არის, მაგრამ რატომღაც არავის უნდა ეს თავის ცოლ-შვილზე გამოცადოს"

"მარიხუანას უფრო ახალგაზრდობა ეტანება და მათი ასაკი, ძირითადად, 17-დან 28 წლამდეა. სამწუხაროდ, უმრავლესობა გოგონაა"

მითი მარიხუანას უწყინარობის შესახებ თანდათან წარსულს ბარდება. სპეციალისტები იუწყებიან, რომ სელექციის შედეგად გამოყვანილია კანაბისის ახალი ჯიშები, რომლებშიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაცია მუდმივად იზრდება, სიძლიერით აღარ ჩამოუვარდება ოპიუმს და მისი მოხმარება გამოუცდელი ნარკომომხმარებლისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს (რომ არაფერი ვთქვათ რეგულარული მოხმარებით გამოწვეულ სერიოზულ დაავადებებზე).

ბოლო პერიოდში ისევ გახშირდა მარიხუანათი ინტოქსიკაციის შემთხვევები. როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თეიმურაზ კობიძე ამბობს, "ბოლო თვეებში მარიხუანათი და სხვა ნარკოტიკით მოწამლული პაციენტების რიცხვი მატულობს. მარიხუანათი მოწამლულ პაციენტთა უმრავლესობა 17-დან 28 წლამდე. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ უმრავლესობა გოგონაა. პაციენტების კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ფსიქიატრების ჩარევის აუცილებლობაც დგება".

- მარიხუანას შესახებ პირველი ცნობები ჩინეთის ხალხურ მედიცინაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში გვხვდება. მარიხუანას, როგორც სამკურნალო საშუალებას (უძილობის, კუნთების სპაზმის მოსახსნელად), იყენებდნენ ასირიელები, სპარსელები, ბერძნები, რომაელები, მაიას ტომის ინდიელები. აშშ-ის ზოგიერთ შტატში ის ოფიციალურად გამოიყენება პრეპარატ "დრონაბილის" ტაბლეტების სახით ონკოლოგიური ავადმყოფების სამკურნალოდ (გულისრევის საწინააღმდეგოდ და მადის გასაძლიერებლად), ხოლო შიდსის დროს როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ამის მიუხედავად, მარიხუანა მიეკუთვნება ნარკოტიკებს და მისი გამოყენება სოციალურ საკითხად ითვლება. მოხმარების სიხშირით ის მსოფლიოში, თამბაქოსა და ალკოჰოლის შემდეგ, მესამე ადგილზეა. მარიხუანა, ჰაშიში და ზოგიერთი სხვა პრეპარატი კანაფისგან სხვადასხვა მეთოდით მიიღება. მარიხუანა ორჯერ ძლიერია ჰაშიშზე.

- რამ განაპირობა ახალგაზრდებში მარიხუანას პოპულარობა და რატომ ითვლება დღეს მოწევა "კარგ ტონად"? - მარიხუანას უფრო ახალგაზრდობა ეტანება და მათი ასაკი, ძირითადად, 17-დან 28 წლამდეა. სამწუხაროდ, უმრავლესობა გოგონაა. პაციენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც სიგარეტიც არ მოუწევიათ და მათთვის მარიხუანაა პირველი. ასეთ შედეგებამდე დღევანდელმა სიტუაციამ, მავნებლურმა და ერისთვის ძირგამომთხრელმა პროპაგანდამ მიგვიყვანა.

სხვადასხვა ჯგუფმა შეძლო და ახალგაზრდებში გაავრცელა აზრი, თითქოს "კარგ ტონად" ითვლება ღამის კლუბში სიარული, მარიხუანას მოწევა, ენერგეტიკული სასმელების თუ სინთეზური ნარკოტიკების მიღება. მარიხუანას მოწევა ცივილიზებულობის, ევროპელობის უდავო დასტურად მიაჩნიათ. სექსუალური თავისუფლების გარდა, გოგონები ამითაც ცდილობენ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას.

მარიხუანას თუ ეწევი, ამით ამტკიცებ, რომ "პრადვინუტი" ხარ.

- ზოგიერთი საზოგადოებაში ამკვიდრებს თეზას, რომ მარიხუანა ნაკლებად მავნებელია, არ ახასიათებს "ლომკა", არც დამოკიდებულებას იწვევს და მეტიც, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა - მარიხუანას აპოლოგეტები უნერგავენ ხალხს აზრს, რომ მარიხუანა მავნებელი არ არის, პირიქით, ჯანმრთელობას რგებს, მაგრამ რატომღაც არავის უნდა ეს თავის ცოლ-შვილზე გამოცადოს, მხოლოდ "სხვებისთვისაა კარგი და უვნებელი". მაგალითად, ამერიკაში კანაბისის გაყიდვა კანონით ნებადართულია, მაგრამ იმხელა ბეგარა ადევს, ვერ ყიდიან. მარიხუანას მოხმარება ჩვენთან კანონით კარგად არის დარეგულირებული, მაგრამ ვიცავთ? ღამის კლუბები იცავენ? შედით ნებისმიერ ღამის კლუბში და ნახეთ, რა ხდება.

- ჩამოგვითვალეთ მარიხუანათი ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნები...

- ქრონიკული ინტოქსიკაციის ნიშნებია: ჩაწითლებული თვალები, დაღლილობის შეგრძნება, მადის გაძლიერება, ქრონიკული ხველა, ძილიანობა, ხშირი გაცივება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, განმარტების დროს სიტყვების შერჩევის გაძნელება, სახლიდან უმოტივოდ გაპარვა, ხასიათის ცვალებადობა პასიურობიდან აგრესიულობამდე, პარანოიის ელემენტები, სწავლაში ჩამორჩენა... მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში ჯერ იწყება მამოძრავებელი, მოტორული აგზნება და ვერბალური გამოვლინებები, შესაძლებელია სასიამოვნო ჰალუცინაციებიც, უდარდელობისა და სასიამოვნო მოთენთილობის შეგრძნება. შემდეგ ვითარდება თვლემა, რომელიც გადადის სასიამოვნო სიზმრებიან ძილში. რამდენიმე საათის შემდგომ, როცა მარიხუანას სუბიექტური ეფექტი გაივლის, ვითარდება ფიზიკური და სულიერი აპათია, სისუსტე, რომელიც გადადის ძილში. დეპრესიის დროს ძლიერდება შიმშილის შეგრძნება. გაღიზიანება ადვილად გადადის მრისხანებაში, ვითარდება ინტოქსიკაციური ფსიქოზი.

- რა შემთხვევაშია აუცილებელი ფსიქიატრების ჩართვა? - ზოგჯერ მარიხუანას ამატებენ ფენციკლიდინს, ოპიუმს, კოკაინს. ასეთი კომბინირებული პრეპარატების გამოყენება იწვევს მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს: ინტოქსიკაციური ფსიქოზის დროს ავადმყოფი აგზნებულია, მოშლილია ცნობიერება, დეზორიენტირებულია, უჩნდება გაუცნობიერებელი შიში, ღრმა დეპრესია, მწვავე პარანოია, მწვავე ფსიქოზი, პანიკა, მხედველობითი ჰალუცინაციები. პიროვნება დეპერსონალიზებულია. მწვავე პანიკურ რეაქციას შეიძლება ერთვოდეს ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, შფოთვა, არაკონტროლირებადი აგრესია.

პანიკური და ფსიქოზური რეაქციები ხშირია მარიხუანას დამწყებ მომხმარებლებში. მისი მოწევა იწვევს კოორდინაციის, დროის, სივრცის და საგნებამდე მანძილისა და საგნების ფერის აღქმის მოშლას. შესაძლებელია ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა, ყურადღების, სიფხიზლის მოშლა, ქცევისა და შეგრძნების ჩამოთვლილი ცვლილებები შეიძლება ეიფორიის შემდგომ 12-24 საათის განმავლობაში გრძელდებოდეს.

- მარიხუანათი მოწამლულთა სტატისტიკა როგორია?

- 17 წლამდე ასაკისანი იაშვილის სახელობის კლინიკაში ხვდებიან, 17 და მეტი ასაკისა კი როგორც სპეციალიზებულ, ასევე არასპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში. არა მაქვს სტატისტიკა, თუმცა ვიცი, რომ მარიხუანათი მოწამლულთა რიცხვი თანდათან იზრდება.

- რა პრობლემების წინაშე დგანან მარიხუანას და ჰაშიშის ქრონიკული მომხმარებლები?

- მარიხუანას ქრონიკულ მწეველს აქვს პირის ღრუსა და ხახის მშრალი, ზოგჯერ შეწებებული, ჩამხმარი ლორწოვანი, ტაქიკარდია, წითელი თვალები (სკლერის სისხლძარღვების გაფართოების გამო); პირსა და ხახაში წვის შეგრძნება, მშრალი ხველა, შესაძლებელია მეხსიერების მოშლაც.

მარიხუანას და ჰაშიშის კვამლში უფრო მეტი კანცეროგენული ნივთიერებაა, ვიდრე თამბაქოს კვამლში. მარიხუანას შემცველ სიგარეტში ბევრია ტოქსიკური დანამატი, რომლებსაც შეუძლია ბრონქოსპაზმისა და ფილტვების ტოქსიკური შეშუპების გამოწვევა.

მარიხუანას, ჰაშიშისა და კანაფის სხვა პრეპარატების ხანგრძლივად მომხმარებელ მოზარდებს უვითარდებათ იმუნური სისტემის, უჯრედების მეტაბოლიზმისა და რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა. ამასთან, ორსულებში ფერხდება ნაყოფის განვითარება.

ზოგიერთი მეცნიერი მარიხუანას ქრონიკულად მომხმარებელთა ფსიქიკურ მდგომარეობას განიხილავს როგორც ამოტივაციურ სინდრომს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნორმიდან შემდეგი გადახრები: ცხოვრების ინტერესის დაკარგვა, აპათია, პასიურობა, ურეაქციობა ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო, ენერგიის დაქვეითება და ადვილად დაღლა, პირქუშობა, ფეთხუმობა. მომხმარებლის აზრები მიპყრობილია მარიხუანასა და მისი მსგავსი ნივთიერებების შოვნისაკენ. ასეთ მოზარდებს აქვთ ცხოვრების ასოციალური წესი, გარბიან სახლიდან, არ დადიან სკოლაში, ხვდებიან პოლიციაში, იწყებენ სხვა, აკრძალული ნივთიერებების გამოყენებას.

ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ მარიხუანა პირველი საფეხურია მძიმე ნარკომანიისკენ. მის რეგულარულ მოხმარებას გართულებები მოჰყვება და შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დასრულდეს.