მასშტაბური კიბერშეტევა და გათიშული 2000-ზე მეტი ქართული საიტი - რას ამბობენ შსს-ში? - კვირის პალიტრა

მასშტაბური კიბერშეტევა და გათიშული 2000-ზე მეტი ქართული საიტი - რას ამბობენ შსს-ში?

28 ოქტომბერს ქართულ ინტერნეტსივრცეში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის სამიზნე გახდა 2000-ზე მეტი ქართული ვებსაიტი, მათ შორის სამთავრობო და მედია ვებპორტალებიც. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევის შედეგად, ამ დროისთვის president.gov.ge-ზე არც ერთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

გარდა პრეზიდენტის ვებ-გვერდისა, ჰაკერული შეტევა განხორციელდა სასამართლოების, რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სტრუქტურების საიტებზეც, სადაც მიხეილ სააკაშვილის ფოტო ერთდროულად გამოჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ სხვადასხვა ვებ-გვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, იმ ვებსაიტებს, რომლებიც შეტევის მსხვერპლი გახდნენ, მომსახურებას კომპანია "პროსერვისი" უწევდა. მათი წარმომადგენლის განცხადებით, საიტები დაცული იყო და მათთვისაც გაუგებარია, როგორ მოხდა ამ საიტებზე შეღწევა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მასშტაბის კიბერშეტევა ქართულ საიტებზე 2008 წლის ომის შემდეგ აღარ განხორციელებულა.