"დათო და მთვარისა ადგილზე დაიღუპნენ, მათი დედა უმძიმეს მდგომარეობაშია" - მორიგ საზარელ ავარიას და-ძმა შეეწირა - კვირის პალიტრა

"დათო და მთვარისა ადგილზე დაიღუპნენ, მათი დედა უმძიმეს მდგომარეობაშია" - მორიგ საზარელ ავარიას და-ძმა შეეწირა

ახალციხე - ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან მომხდარმა ავტოკატასტროფამ, რა დროსაც "მერსედესის" მარკის ავტომობილი თანმხვედრი მიმართულებით მიმავალ სატვირთოს შეეჯახა, ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულები არიან მსუბუქ ავტომაქანაში მსხდომი და-ძმა - 21 წლის დავით და 30 წლის მთვარისა ბალახაშვილები. მათი 55 წლის დედა - ნელი ბალახაშვილი მძიმე დაზიანებებით ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვვას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აბასთუმანში მცხოვრები და-ძმის შესახებ მათი ახლობელი გვესაუბრება:

- დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. ულამაზესი, უკარგესი ოჯახის შვილები დაიღუპნენ. დათო ისეთი საყვარელი ბიჭი იყო ფიზიკურად თუ სულიერად, მთელ აბასთუმანს უყვარდა. ბავშვებს მამა ადრე გარდაეცვალათ, დედამ ყველაფერი გააკეთა შვილებისთვის და გზაზე დააყენა. დათო ფიზიკურად ძლიერი ბიჭი იყო, რაგბს თამაშობდა. ახლა კი ჯარში მსახურობდა, ახალციხის ბატალიონში. მანქანაც ახლახან შეიძინა, საკუთარი შრომით. ეს უბედურებაც მაშინ მოხდა, როდესაც დათო, მისი უფროსი და და დედა ახალციხიდან აბასთუმანში შინ მოდიოდნენ მანქანით. ავარია საღამოს მოხდა, 6 საათზე. დათო იჯდა საჭესთან. ზუსტად არავინ იცის. გარდაცვლილი და-ძმის დედა ძალიან მძიმედ არის, შვილების გარდაცვალების ამბავი არ იცის.

- და-ძმა ადგილზე გარდაიცვალა? ავტოკატასტროფის მიზეზი რა იყო?

- დიახ ადგილზევე გარდაიცვალნენ. დათოს ალკოჰოლი ნამდვილად არ ჰქონია მიღებული, - ის დასთან და დედასთან იყო და შინ მოდიოდა. ზუსტად არც ის ვიცით უბედურება როგორ და ვისი მიზეზით მოხდა, ჭირისუფლებისთვის ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს.

(სპეციალურად საიტისთვის)