მეუფე იაკობმა ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის 1 ლარის გადახდაზე უარი თქვა და სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა - კვირის პალიტრა

მეუფე იაკობმა ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის 1 ლარის გადახდაზე უარი თქვა და სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

მეუფე იაკობმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მას ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 1 ლარი უნდა გადაეხადა და ამასთან, საჯაროდ განეცხადებინა, რომ მის მიერ მიხეილ რამიშვილის მისამართით გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. როგორც ის განმარტავს, მეუფე იაკობი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძესა და მოსამართლეებს დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ გადაწყვეტილება არ გამოიტანონ.

"იაკობმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს თავის თავმჯდომარეებიანად დაემუქრა. ვნახოთ, კანონის უზენაესობა გაჭრის თუ, მუქარა. იაკობი მურუსიძე-ჩინჩალაძეს დაემუქრა, ჩემ წინააღმდეგ არ გაბედონ, არ გამოიტანონ გადაწყვეტილება, თორემ გავაქრობო. პირველი ინსტანციის მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა ჩემი სარჩელი რომ დააკმაყოფილა, იაკობმა აპელაციაში გაასაჩივრა. 27 ნოემბერს, ამ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაიმართება. ამან წინასწარ თითი დაუქნია ჩინჩალაძეს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა.

თუ სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ნიშნავს,რომ იაკობმა თავისი ძალა კიდევ გამოაჩინა და დააშინა. მოსამართლეები იმიტომ არსებობენ, ობიექტურად და სამართლიანად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დანარჩენი გამოჩნდება. გამოჩნდება, ისინი კანონს ემსახურებიან, თუ გარკვეული პირების მოთხოვნებს ასრულებენ.

იაკობი თავს იკლავს, რომ არ უარყოს ის, რაშიც ცილი დამწამა, იმიტომ რომ მერე პასუხი უნდა აგოს თვით საეკლესიო კანონითაც. როცა სასულიერო პირი ცილს დასწამებს სხვას, ვალდებულები არიან წმინდა სინოდმა ეს განიხილოს, ვინაიდან რჯულის თანახმად, განხილვა ხდება და იმ პირმა, ვინც სხვას ცილი დასწამა, თავის ნათქვამს თუ ვერ დაამტკიცებს, იმის სახელის მატარებელი თვითონ ხდება. საპატრიარქოს პრესსმდივანმა და ერთ-ერთმა მეუფემ წერილი მომწერეს, აღნიშნულ საქმეს მაშინ განვიხილავთ, როცა სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებსო. აბსურდული რაღაცაა! რა შუაშია საერო სასამართლო, როცა საეკლესიო სასამართლო არის. თავის არიდება უნდოდათ, რომ ეს არ გაეკეთებინათ. დაველოდები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე ამ გადაწყვეტილებებს ხელს მოვკიდებ და მივართმევ წმინდა სინოდის წევრებს, რომელთაც ვეტყვი, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება-მეთქი. როგორ შეათავსებენ საერო და საეკლესიო გადაწყვეტილებებს, ვნახავ", - აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, 2018 წლის 11 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ რამიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მეუფე იაკობს დაეკისრა საჯაროდ გაცხადება, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, მას ასევე დაეკისრა სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის.

საქმე ეხება, 2017 წლის 21 სექტემბერს, მოსარჩელის მისამართით მედიაში საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელე მოიხსენია, როგორც მაბეზღარა ადამიანი და სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ყოფილ მაღალჩინოსნებს.

"ინტერპრესნიუსი"