მალხაზ კობაურს ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახთან შეხვედრა სურს - კვირის პალიტრა

მალხაზ კობაურს ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახთან შეხვედრა სურს

მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის წევრებთან შეხვედრა და საუბარი სურს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

როგორც ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მალხაზ კობაურისთვის რაიან სმიტის დედის მიერ გამოგზავნილი წერილი კობაურმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.

"მალხაზ კობაურმა, როგორც იქნა, მიიღო აღნიშნული წერილი. სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ კობაურს ეს წერილი აქამდე არ გააცნეს და ეს ფაქტი დადასტურდა. აღნიშნულით პატიმრის უფლებების ხელყოფა მოხდა. ვფიქრობ, ეს მინიმუმ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

რაც შეეხება წერილს, მასში რაიან სმიტის დედა კობაურს სთხოვს, რომ მეტი ილოცოს, მეტი ურთიერთობა ჰქონდეს უფალთან. საკმაოდ დიდი წერილია.

მალხაზ კობაური წერილს გულისყურით გაეცნო და მან სურვილი გამოთქვა, სიამოვნებით შევხვდები ქალბატონ ლინ სმიტს და პირადად დაველაპარაკები, ამის შესაძლებლობა რომ მქონდესო. ეს სურვილი რატომ გამოხატა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მისი სურვილია, შეხვდეს დაზარალებულის ოჯახის წევრებს, მას ბევრი აქვს სათქმელი და შესაბამისად, ის მზაობას გამოთქვამს, ამ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით გარდაცვლილების ოჯახთან ისაუბროს", - განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედა მისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილ წერილში, ჩადენილ დანაშაულს პატიობს.

წერილი, რომელიც ლინ სმიტმა მალხაზ კობაურს 2018 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოუგზავნა და მსჯავრდებულმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, "ინტერპრესნიუსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.

6-გვერდიან წერილში მოკლული რაიან სმიტის დედა მსჯავრდებულ მწყემსს ემოციურად მიმართავს და ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს არ სურთ "მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება", რის გამოც კობაურისთვის დანაშაულის მიტევების გადაწყვეტილება მიიღეს.

თუმცა, ლინ სმიტი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მოკლულთა ოჯახის სურვილია, მალხაზ კობაურმა საპყრობილეში 30 წელი გაატაროს ან იქ სამუდამოდ დარჩეს, რათა მისგან საფრთხე სხვა ადამიანებსაც არ შეექმნათ.

გარდა ამისა, რაიან სმიტის დედა მსჯავრდებულ მწყემსს ლოცვისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ღმერთს შენდობა სთხოვოს.

იხილეთ მალხაზ კობაურისთვის გამოგზავნილი წერილი სრულად