"ფულს მიგზავნის დედაჩემი, მაგრამ კაცი არ მოიძებნა, თანხა რომ დამიდოს ანგარიშზე. ის დროც მახსოვს, უჩემოდ სუფრასთან არ სხდებოდნენ"
10-11-2019
"ფულს მიგზავნის დედაჩემი, მაგრამ კაცი არ მოიძებნა, თანხა რომ დამიდოს ანგარიშზე. ის დროც მახსოვს, უჩემოდ სუფრასთან არ სხდებოდნენ"
ფოტო:ავთანდილ ხურციძე
"შეიძლება, მშიერი მოვკვდე, მაგრამ ნარკომანი და ბარიგა არასდროს გავხდები"

ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლო­ბელის ავთანდილ ხურციძის დედა საქართველოს მთავრობას სთხოვს, ახლა მაინც გამოიჩინონ მეტი ყურადღება მისი შვილის მიმართ. მაყვალა ხურციძის თქმით, მის შვილს აშშ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არც ყურადღება აქვს და არც საჭირო მკურნალობა. შეგახსენებთ, რომ რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით 2017 წლის ივნისში დაკავებულ ქართველ მოკრივეს ამერიკულმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "ბოლო გამოკვლევის შემდეგ მითხრეს, ტუბერკულოზი და ვენერიული დაავადება
გაქვსო. ახლა არა მიშავს, მაგრამ ინიექციებმა ისე დამასუსტა, ვეღარ ვდგებოდი", - ავთანდილ ხურციძე ციხიდან დაგვიკავშირდა და თავის მდგომარეობაზე გველაპარაკა. თუ გაინტერესებთ, რა"საერთო" აქვს ჰიტლერთან, რამდენ კბილს "იღებს" ერთი დარტყმით, ნანობს თუ არა თავის საქციელს და როდის დატოვებს საპატიმროს, წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" მორიგი ექსკლუზივი ბრუკლინის ციხიდან:

- დიდი მადლობა, რომ მაძლევთ შესაძლებლობას, მივესალმო მათ, ვისაც ჩემი სჯერა და გითხრათ, რა ხდება რეალურად. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე გამიკეთდა გამოკვლევა ტუბერკულოზზე, ბოლო ანალიზის შემდეგ კი მითხრეს, რომ მაქვს ტუბერკულოზი, ასევე, იგივე ინფექცია, რაც ჰიტლერს -სიფილისი. თუმცა ჰიტლერი მთელ მსოფლიოს ებრძოდა, მე - ამერიკელ პროკურორებს.

- შენი ოჯახი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყურადღებას და დახმარებას სთხოვს - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია სრულფასოვანი მკურნალობაო...
- დედასთან არ მისაუბრია. როგორც კი ჩემი ხმა გაიგონა, ტირილი დაიწყო და ვეღარ ველაპარაკე. მხოლოდ ჩემს დას ვესაუბრე რამდენჯერმე. იმ დიაგნოზით, რაც ბოლო გამოკვლევის შემდეგ დამისვეს, არ შეიძლება ვიყო რვაასკაციან საერთო საცხოვრებელში, მაგრამ ისევ აქ ვარ და"აქვე მმკურნალობენ. არადა, ბრუკლინის ციხეს სამკურნალო დაწესებულება არა აქვს, ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავთ. მოტეხილ ფეხზე თაბაშირის დასადებადაც კი! აქ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს თუ მოგცემენ, ან კბილს ამოგიღებენ. ისე, კბილს მეც ვიღებ - ერთი დარტყმით 5 კბილიც ამომიღია: არავითარი ჯადოქრობა, მხოლოდ ხელის სისწრაფე (იცინის). მკურნალობა ხომ იმისთვისაა, პაციენტი რომ გამოაკეთოს, მე კი პირიქით დამემართა - სრულიად ჯანმრთელი კაცი ინიექციების შემდეგ წელს ქვემოთ მოვწყდი, სამი დღე ვეღარ ავდექი, საშინლად მტკიოდა თავი და სახსრები, მქონდა ციებ-ცხელება, გულისრევა.

- "მკურნალობამ" უარეს დღეში ჩაგაგდო?
- ისე დავუძლურდი, სასადილოში გასვლის ძალაც არ მქონდა, პლასტმასის სკამსაც ვერ ვწევდი. საშხაპეში გასვლისას ჩემი სკამი თანასაკნელს მოჰქონდა. პოლიციელს ვუთხარი, მომეცი, ნემსს მე თვითონ გავიკეთებ-მეთქი, მაგრამ არ მანდო ჩემი საჯდომი (იცინის), თვითონ გამიკეთა და მაშინვე გამეთიშა ფეხები, ვეღარ ვდგებოდი, თუმცა არ შევიმჩნიე -კამერამდე მივაღწიე, ორი ლიტრი ცხელი წყალი დავლიე, მერე კი ორი საათი ვივარჯიშე, იქნებ ორგანიზმიდან წამალი გამოვდევნო-მეთქი. წინა ინიექციის შემდეგ, პრეპარატის მოქმედება სწორედ ამ მეთოდით გადავიტანე - მთელი კვირა არ გავჩერებულვარ. ალბათ, ეს რომ ნახეს, ამჯერად იმიტომ გამიკეთეს უფრო დიდი დოზა.

- და ვარჯიშმაც აღარ გიშველა?
- დილით საწოლიდან ადგომაც ვეღარ შევძელი და პატიმრებმა დაცვას დაუძახეს, დაცვამ - ექიმს. დიდი დოზა გაგიკეთეთ, რადგან ორგანიზმში არსებული მიკრობი ძლიერიაო, მიკრობი კი არა, მე ვარ ძლიერი და ამიტომ გამიკეთეთ-მეთქი! ბევრი სითხე მიიღე და პრეპარატი ორგანიზმიდან გამოვაო. რატომღა გამიკეთეთ, თუ ისევ გარეთ უნდა გამოვიდეს, არ უნდა"შევირგო-მეთქი? ძალიან შეშინებული კი იყვნენ, პარასკევი საღამო იყო, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მაინც დარჩა და დაძახებისთანავე ჩემთან ჩნდებოდა, თან მაფრთხილებდნენ, თუ მკურნალობაზე უარს იტყვი, მოკვდებიო! ოღონდ როდის, არ ვიცითო. აბა, ან დღისით რომ მოვკვდები, ან ღამით, ეს თავადაც ვიცი-მეთქი. ამ ყველაფრის გამო ხუთი დღის განმავლობაში ვეღარ ვივარჯიშე, მერე ისევ შევუბერე ბებერი "ზილივით". შვიდჯერ გამიკეთეს ძალიან ძლიერი პრეპარატი, მაგრამ ამასაც გავუძელი.

- ანუ მკურნალობა დასრულდა?
- რა მჭირდა სამკურნალო (იცინის)?! ჩემისთანა ჯანმრთელი ჩემი შვილები ამყოფოს ღმერთმა! ისეთ ჯანზე ვარ, შემიძლია ოცი კაცი გავუშვა ნოკაუტში!

ამდენი ნემსი იმიტომ გამიკეთეს, რომ ციხის ჩხუბის სამივე აპელაცია მოვიგე და ჩემი საქმე მალე დაბრუნდება სასამართლოში. ამათ ჰგონიათ, დეპორტს ავიღებ. დეპორტი ბრალის აღიარების შემდეგ ხდება, ბრალს კი არ ვაღიარებ, რადგან მართალი ვარ! სიმართლის გამო მზად ვარ, ელექტროსკამზეც კი დავჯდე.

თუმცა, თუ კიდევ გამიკეთეს ბევრი ნემსი, რაღას დავჯდები?!

- წინა ინტერვიუში მითხარი, საქართველოს მთავრობიდან და აშშ-ში ჩვენი საკონსულოდან ჩემი საქმით არავინ დაინტერესებულაო. შეიცვალა რამე?
- არაფერი... როცა თარჯიმანი მჭირდება, მაშინაც კი რუს თარჯიმანს მახმარენ. საერთოდ მოწყვეტილი ვარ ჩვენს მხარეს, არც კი ვიცი, ვინ არის საქართველოს მთავრობაში. დაახლოებით ხუთი თვის წინ (მაშინაც დედაჩემს დაუწერია წერილი და, როგორც იქნა, მომიკითხეს) ქალბატონმა დარეკა საკონსულოდან, ხომ არაფერი გინდაო? სასიამოვნო ხმა კი ჰქონდა და როცა ვკითხე, რა შეგიძლიათ-მეთქი, წიგნებს, ჟურნალებს, კროსვორდებს მოგაწვდითო. ტელეფონის პირადი ნომერიც ჩამაწერინა, როგორც კი რამე დაგჭირდება, დამირეკეო. ერთ დღესაც მართლაც დავურეკე. კი არაფერი მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე, მოვიკითხავ, დაველაპარაკები, სასიამოვნო ხმას მაინც გავიგონებ-მეთქი, მაგრამ... არ მიპასუხა! ახლა თავს ვიიმედებ, ციხეს როცა დავტოვებ, მერე მაინც დავურეკავ-მეთქი. მაგრამ სულ""თეთრი ბაირაღები" მახსენდება და ვიცინი: "მე პატარა, 6-თვიანი ნემსიც გამიკეთეს და დიდიც". იმედია, პრეპარატის მოქმედება 10 წელიწადში მაინც გაივლის და ტელეფონის ის ნომერი ტყუილად არა მაქვს შენახული (იცინის).

- სასჯელის გასაჩივრებას მოჰყვა რამე შედეგი?
- სწორედ გუშინ მითხრა ჩემმა ადვოკატმა, რომ ციხის ამბებთან დაკავშირებული სამივე აპელაცია მოიგო!
საპატიმროში ჩხუბის გარდა, ორჯერ დანაც ჩამიდეს საკანში და სამივე ამ ბრალდებაში გავმართლდი!

თუ უახლოეს ორ თვეში არაფერი გაირკვა, კიდევ მივწერ სასამართლოს, რომ შენი პროცესი დროულად დანიშნონო, მეუბნება ადვოკატი. იმასაც დამპირდა, რომ პროკურორებს ჩემი ყოფაქცევის საქმესაც გაუგზავნის და მკურნალობის ამბებსაც გამოიძიებს. სავარაუდოდ, სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე ან გაისად განახლდება. ალბათ, იმიტომ ვყავარ გაძლიერებულ მკურნალობაზე, იქნებ უარი თქვასო.
ციხეში ჩხუბისთვის ხუთი წელი მაქვს დამატებული და როცა სასამართლოში საბუთებს წარვადგენთ, წესით, ეს წლები უნდა მომაკლდეს.

- იმ ჩხუბის შემდეგ, სამხრეთ­ამერიკელებთან კონფლიქტი ხომ აღარ გაგრძელებულა?
- ციხეშიც არის ხალხი, რომელსაც ჩემი სახელი გაუგონიათ, მაგრამ გარეგნულად არ მიცნობენ. ბევრს უთქვამს, ვინც არ გიცნობს, უმეტესობას დიდი მაფიოზი ჰგონიხარ, სინამდვილეში კი სულ სხვა ადამიანი ხარო. ცხადია, ამაში პროკურორებს მიუძღვით დიდი წვლილი. როცა სასამართლო დასრულდა და ციხეში დავბრუნდი, ვნახე, რომ გაზეთი ხელიდან ხელში გადადის, პატიმრები კი მოწიწებით მესალმებიან. რა ხდება-მეთქი? მაჩვენეს გაზეთი, სადაც ეწერა: "WBO მსოფლიო ჩემპიონი საშუალო წონით კატეგორიაში, რუსული დაჯგუფების ორგანიზატორი ავთანდილ ხურციძე, მეტსახელად "თეთრი მაიკ ტაისონი"... გავიფიქრე, კარგად მქონია საქმე-მეთქი... თუმცა უმეტესობას სჯერა, რომ უსამართლოდ ვარ დასჯილი.

- სასამართლო პროცესზე ახლა მაინც მოგეცემა ლაპარაკის შესაძლებლობა?
- არ ვიცი. წინა პროცესის დროს ოთხი თარჯიმანი მყავდა, მაგრამ ჩემი ერთი სიტყვაც არ უთარგმნიათ, არ მომცეს ამის საშუალება! ბოლო სიტყვაც კი ჩემს ადვოკატს ათქმევინეს! ეს იმის გამო ხდება, რომ იციან, მართალი ვარ.

სასამართლო პროცესზე უამრავი ხალხი მოდიოდა, სავსე იყო დარბაზი, სანამ დამსწრეების გაჩხრეკა, მუქარა და დაშინება არ დაიწყეს, თქვენც ხურციძესთან ერთად ჩაგსვამთო. ისეა საქმე, უკვე შევჭამე ბრუკლინის ციხეში "მელიტონიჩის ბუღა ხარები"... ფულს კი მიგზავნის დედაჩემი, მაგრამ ამერიკული სოციალური უსაფრთხოებაა აუცილებელი და კაცი არ მოიძებნა, თანხა რომ დამიდოს ანგარიშზე.

მხოლოდ წარმოშობით თბილისელი კაცი, ედვარდ გომეშიანი მირიცხავს, დღესაც ჩარიცხა, თორემ დარჩებოდა ეს კითხვები უპასუხოდ და იფიქრებდი, – მართლაც დიდი მაფიოზი გამხდარა და ჩემთან ლაპარაკს აღარ კადრულობსო.

- ბევრია ისეთი, ვინც "აღარ გკადრულობს"?
- ის დროც მახსოვს, უჩემოდ სუფრასთან არ სხდებოდნენ, ყოველ წუთს მირეკავდნენ, სად ხარო?! მინდა ყველა ეს ადამიანი მოვიკითხო დიდი სიყვარულით... ვიცი, რომ ძალიან გეშინიათ, თორემ მეგობარს რომ საჭმლის ან თბილი ჩასაცმლის ფული ჩაურიცხო, ამისთვის თუ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაგიშვებენ, ეს საამაყოც არის. ჩემს ძმას შიოდა, ლუკმაპური მივაწოდე და ამისთვის დამაპატიმრეს! მაგრამ არ მეშინია. კარგად ვიცნობ ჩემს თავს და ამიტომ არ მეშინია!

- არ გეშინია და არც არაფერს ნანობ?
- არაფერს. მეამაყება ჩემი თავიც და განვლილი ცხოვრებაც.

- რას ეტყვი აშშ-ში მცხოვრებ იმ ქართველებს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ სასჯელს დამსახურებულად იხდი?
- ჩემი აზრით, ადამიანი ვინმეს ნათქვამით კი არა, იმით უნდა შეფასდეს, რა გაუკეთებია და რას აკეთებს. ეს არის შესაფასებელი და დასაფასებელი! გული ხან ცხელია, ხან თბილი, მაგრამ ღმერთმა არავის გაუცივოს.

- პირველი ინტერვიუს დროს მითხარი, ციხიდან მალე გამოვალ და სანდერსს (ავთანდილ ხურციძე ბილი ჯო სანდერსთან დაგეგმილ ორთაბრძოლამდე ერთი თვით ადრე დააკავეს. - რ.შ.) მაინც დავაგდებო. საქმეს ისე ეტყობა, ბრიტანელ მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრას ვეღარ "მოასწრებ"...
- არ ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერა დასრულდა! როცა ციხიდან გამოვალ, 45 წლის ვიქნები (ახლა 40 წლის არის. - რ.შ.) და რინგზე ძველებურად გავალ. ამისთვის აქედანვე ვემზადები. თავისუფლება მხოლოდ თუთიყუშებს გაუხდათ სანატრელი, მე კი თავისუფალი კაცი ვარ.
მართალია, ახლა გარეთ ვერ გავდივარ, ჭიშკარი მაგრად არის ჩაკეტილი და სიგრძეზე ვერ გავდივარ ვერც მილებს და ვერც კილომეტრებს, მაგრამ სამაგიეროდ, წრეზე სიარულია ნებადართული. ვურტყამ წრეებს, სამი საათი დავდივარ, პლუს ოთხი საათი ვვარჯიშობ.

- რა გენატრება ყველაზე მეტად?
- შვილები. ნემსების გაკეთებას მათი სიყვარულით დავთანხმდი.

- რა გასწავლა ციხემ, პატიმრობამ გული ხომ არ გაგიტეხა?
- არც იმედი დამიკარგავს და არც საკუთარი თავის რწმენა. ძველებურად ვარ, ისევ 4 "ტუზი" მიჭირავს ხელში... იმასაც ამბობენ, საქართველოს ციხეში გადაყვანა და დარჩენილი სასჯელის იქ მოხდაც არის შესაძლებელიო, მაგრამ... არ მჯერა, ქართული ციხე ჩემისთანა "დიდი მაფიოზისთვის" არ გამოდგება (იცინის).

ციხემ რა მასწავლა? ის, რომ ძლიერი უნდა იყო როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურადაც. ყველაფერი წინასწარ გათვალო, იანგარიშო, ყველა უარყოფით ტალღას გაუძლო. თავის მოთოკვა უნდა შეგეძლოს, თორემ საქციელის მიზეზს არავინ იკითხავს, მხოლოდ იმაზე ილაპარაკებენ, რაც გააკეთე...

ბრუკლინის ციხის ჩხუბის არ იყოს, იმას არ ახსენებენ, ჯერ მე რომ დამარტყეს დანა და მხოლოდ ხურციძის მუშტებზე ლაპარაკობენ!

- რას ეტყვი შენს ოჯახს, მეგობრებს, გულშემატკივრებს...
- შეიძლება მშიერი მოვკვდე, მაგრამ ნარკომანი და"ბარიგა არასოდეს გავხდები!
მთავრობას!
12 ნოემბერი 2019 11:41
გავუგზავნეთ, ადამიანის უფლებების, ჩვენი აქაური, დამცველები. თუ გეშინიათ, რომ არ მიგაკლდეთ.
Sasha
12 ნოემბერი 2019 10:42
როგორ შეაძულა ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს თავი ასე არავის რომ
არ ეცოდება. ქართველებს წარმატებული
ადამიანები არ გვიკვარს თორე გაჭირვებაში ვინც ჩავარდება იცოცხლე სასწაულად ვეხმარებით და რა ხდება ეხლა.
მერი
11 ნოემბერი 2019 22:43
ყველანაირ სისულელეზე რომ იგიჟებენ თავს და ყველა გაურკვეველი წარმოშობის ვიღაცეებზე ალიაქოთი აქვთ,ამ ქართველ კაცს არ უნდა დაცვა.ბევრჯერ გვიამაყია მისი გამარჯვებით.არ უნდა თანადგომა და მხარში დგომა.გამოფხიზლდეს ვისაც ეკუთვნის.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?