"14 წლის ბავშვი გამწირეს იმიტომ, რომ დანაშაული არ ვაღიარე" - რას ამბობს გვანცა ყუფარაძე მოსამართლეზე, ვინც მას განაჩენი გამოუტანა? - კვირის პალიტრა

"14 წლის ბავშვი გამწირეს იმიტომ, რომ დანაშაული არ ვაღიარე" - რას ამბობს გვანცა ყუფარაძე მოსამართლეზე, ვინც მას განაჩენი გამოუტანა?

"არა მგონია, თამარ ალანიას სიამოვნება მიეღო, როცა ჩემს საქმეზე გადაწყვეტილება გამოჰქონდა"

13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გვანცა ყუფარაძე გაასამართლეს. მეცხრეკლასელი გოგონა მართლმსაჯულებამ თანაკლასელი ბიჭის დანით მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მკაცრად დასაჯა და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. ამ საქმის ერთ-ერთ მოსამართლეს, თამარ ალანიას, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, არ მიაჩნია, რომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე მკაცრი განაჩენი გამოიტანა. გამოძიებას არ დაუსაბუთებია, როგორ მოახერხა 14 წლის გოგონამ თანატოლი ბიჭის ორი ბასრი საგნით დაჭრა ისე, რომ მას ოდნავი დაზიანებაც არ მიუღია. როგორც რესპონდენტი გვეუბნება, ეს საქმე გაუხსნელი დარჩა და მრავალწლიანი ბრძოლისა და იმედის მიუხედავად, გამამართლებელ განაჩენს ვერც ერთ ინსტანციაში, მათ შორის ევროსასამართლოში ვერ მიაღწია.

გვანცა ყუფარაძე: - სანამ ქალბატონ თამარ ალანიას კარიერული ამბიციები ექნება, მანამდე ახსენებენ ჩემს გვარს. ეს მძიმე ვერდიქტი არასაკმარისი მტკიცებულებების ფონზე პირველ ინსტანციაში დალი მეტრეველმა გამომიტანა, სააპელაციოში კი თამარ ალანიამ არ შეცვალა გადაწყვეტილება, უზენაესმაც ბოლო სიტყვა თქვა... გამწირეს იმიტომ, რომ დანაშაული არ ვაღიარე. ბრალი რომ მეღიარებინა, საპატიმრო სასჯელი გამორიცხული იქნებოდა. საპროცესოსა და პირობით მსჯავრს მთავაზობდნენ. ჩემი განაჩენი მაშინდელი საგამოძიებო სისტემის არაკომპეტენტურობის დამსახურება იყო, რომელსაც სახელმწიფოსგან დიდი ხელშეწყობა ჰქონდა. დაზარალებული თავიდან არ იძლეოდა ჩვენებას, შემდეგ კი რამდენჯერმე შეცვალა და ყველა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. დღესაც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქმე გაუხსნელია. სათანადო გამოძიების შემთხვევაში, მათ შეეძლოთ ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეღოთ. მათი პოზიცია იყო ასეთი, დაზარალებული რატომ გადებს ხელს, გიჟიაო? პროკურატურიდან მუდმივად იყო აღიარების მოთხოვნა, ჩემი პოზიცია კი უცვლელი.

- მაინც არსებობს კითხვა, რა ინტერესი ჰქონდათ, რომ სათანადოდ არ გამოძიებულიყო საქმე და 14 წლის გოგონა მძიმე მუხლით დასჯილიყო? - სისტემა იყო ასეთი - როდესაც პროკურატურა შედიოდა მოთხოვნით, ფაქტობრივად, მოსამართლეს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაეწია. დიდი გამბედაობა იყო საჭირო, განსაკუთრებით ჩემს მუხლზე გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც - დღეს თუ გამამართლებელ განაჩენთა რიცხვი 40%-მდეა გაზრდილი, იმხანად გამამართლებელი განაჩენების 1%-იც არ დგებოდა.

- თქვენი საქმის მოსამართლე თამარ ალანია ხშირად იმეორებს, რომ გვანცა ყუფარაძეს დღესაც იმავე განაჩენს გამოუტანდა, მეტიც, მის ადგილას ყველა მოსამართლე ასე მოიქცეოდა. - ბოლო წლებია ვერიდები მედიასთან ამ საკითხებზე საუბარს, იმიტომ, რომ მგონია, დაინტერესებული პირისთვის იოლია ინფორმაციის მიღებაც და დასკვნის გამოტანაც. მას შემდეგ, რაც ქალბატონმა ალანიამ ღია ეთერებში დაიწყო სიარული, ჩემს თავს მივეცი უფლება და თქვენი გაზეთის მეშვეობითაც მივმართავ - დავსხდეთ ნებისმიერი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ვისაუბროთ რაციონალურად და გავიაროთ ეს საქმე.

ალანია ხშირად აპელირებს იმით, რომ რაღაც აქვს სათქმელი და თავს იკავებს, თითქოს მინდობს. თუ ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი, უნდა თქვას. ჩემი აზრით, ქალბატონ თამარს ნამდვილად არ ეყოფა ფანტაზია, იმაზე დიდი სიბინძურე გაჟღერდეს, რაც აქამდე თქმულა. ის ვერაფერს იტყვის ისეთს, რითაც იმაზე მეტად დამაზიანებს, ვიდრე ამ წლების განმავლობაში დამაზიანეს. მე არაფერი მაქვს დასამალი, ალანიას კი ვეტყოდი, რომ ჩემზე ზრუნვა ცოტათი დაგვიანებულია.

- როცა სტრასბურგში საქმე წააგეთ, ამაზეც ალანიას გავლენასა და მისი და ევროსასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას კავშირებზე საუბრობდით. - ეს საქმე 2009 წელს მიიღეს წარმოებაში და გადაწყვეტილება 2 წლის წინ გამოქვეყნდა.

სულ მეუბნებოდნენ, რომ ალანიასა და წოწორიას შორის იყო კავშირები, მაფრთხილებდნენ, გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი, როგორიც გინდაო.

მტკიცებით ფორმაში ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ალანია გარეულია იმაში, რომ ეს საქმე ასე დასრულდა, დარწმუნებული ვარ.

- თქვენს ყოფილ მოსამართლეს ამჯერად უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს. კვალიფიკაციას რომ თავი დავანებოთ, მოსამართლისთვის მთავარი რეპუტაცია და სამართლიანი გადაწყვეტილებებია. ამ კანდიდატზე არ გაგიჩნდათ კითხვის ნიშნები? - თამარ ალანიას კარგი კონტაქტები და კავშირები აქვს, რაც კარიერულ წინსვლაში ეხმარება, თუმცა რა დამსახურებით, გაურკვეველია. ამიტომაც არ გამკვირვებია, როცა ამ სიაში მისი გვარი გამოჩნდა.

დღესაც ვთვლი, რომ სასამართლო სისტემა იყო სამარცხვინო და ამაში იმ უკანონო გადაწყვეტილებებს ვგულისხმობდი, რომლებიც მოსამართლეების სახელს უკავშირდებოდა. საწყენია, რომ ვერ შეიცვალა ის რეალობა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ახალმა ხელისუფლებამ.

- იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამოკითხვისას თქვენმა მოსამართლემ რამდენჯერმე გახსენათ... - ვუსმენდი და ვერაფრით გამაკვირვა. დიდი შინაგანი ძალა და პროფესიული ღირსება სჭირდება იმის აღიარებას, რომ არასწორად მოიქეცი და რაღაც გაქვს შესაცვლელი.

ქალბატონი ალანია ამბობს ხოლმე, მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალიო. ეს მარტივია, აი, საკუთარ თავთან გულწრფელი რომ იყო, ესაა მთავარი და მას ამას ვუსურვებ. უნდა მქონდეს იმის გარანტია, რომ მომავალში, როდესაც მესამე ინსტანციაში მსგავსი ტიპის საქმეებს განიხილავს, მან აღარ უნდა დაუშვას ის, რაც დაუშვა ჩემს შემთხვევაში.

არა მგონია, მას სიამოვნება მიეღო, როცა ჩემს საქმეზე გადაწყვეტილება გამოჰქონდა. მქონდა განცდა, რომ ბევრ რამეს მიხვდა, მაგრამ არაფერი გააკეთა, რადგან მისთვის სისტემის ერთიანობა უფრო დიდი სიკეთე იყო, ვიდრე რაიმეს შეცვლა.

დალი მეტრეველმა მაშინდელი სსკ-ით გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება - მან 10 წელი გაყო შუაზე და 5 წელი პატიმრობა, 5 კი პირობითი მსჯავრი მომისაჯა. კოდექსის შესაბამისად, ამის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა, დანაშაული თუ მექნებოდა აღიარებული.

მოსამართლე ჩემს დანაშაულში თუ იყო დარწმუნებული, რატომ მოიქცა ასე "გულმოწყალედ"? გამოდის, არ იყო დარწმუნებული. მერე შემოგვითვალა, თქვე უმადურებოო, ვითომ ადამიანურად მოიქცა. ქალბატონმა ალანიამ მეტრეველის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და თუ ისიც დამნაშავედ მთვლიდა, ეს უკანონო გადაწყვეტილება რატომ დატოვა ძალაში?

- თამარ ალანია ხშირად ლაპარაკობს თქვენს ფსიქოტიპზე. რას გულისხმობს? - არ ვიცი, მეც მაინტერესებს. სასჯელის მისჯისას, რასაკვირველია, ფსიქოტიპს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ადამიანი დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ამას მტკიცებულებათა ერთობლიობით ადგენენ. თუ ამაში იყო დარწმუნებული, მაშინ მას მეტრეველის განაჩენი უნდა გაეუქმებინა და პირველ ინსტანციაში ბრალდების მხარის მოთხოვნა - ათწლიანი პატიმრობა დაეკმაყოფილებინა.

ალანია ცინიკური იყო კომიტეტის მოსმენაზე, მას ახალი სტრატეგია აქვს არჩეული და ჩემს გვარს უხსენებენ თუ არა, მაშინვე იმას ამბობს, დაზარალებულების ინტერესი ხომ უნდა დავიცვათო. რატომ არ დაიცვა დაზარალებულის ინტერესი ბოლომდე და რატომ დატოვა მაშინ სასჯელი 5/5-ზე და არ მომისაჯა 10-წლიანი პატიმრობა?

- გჯერათ, რომ "იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცუდ საქმეებს აკეთებდნენ და ახლა კარგ საქმეებს აკეთებენ", ან გააკეთებენ? - ბატონ კობახიძეს ფილოსოფიურ ნაწილში ვეთანხმები, პრაქტიკულ ნაწილში ეს რამდენად ადეკვატურია, ცოტა სადავოა.

მოსამართლე, რომელიც პასუხისმგებლობას არ იღებს თავის ნამოქმედარზე, არ მჯერა, რომ მისი ქმედებები უკეთესობისკენ შეიცვლება.

- პატიმრობის ხუთმა წელიწადმა თავისუფლებისა და ბავშვობის გარდა, რა წაგართვათ? - მე ზრდასრულებში ჩამსვეს. ისიც მიკვირს, ან ეს როგორ არ ცნო დარღვევად ევროპულმა სასამართლომ.

იმ ხუთმა წელმა რეალისტი გამხადა, უკვე ძალიან რთულია ჩემი გაკვირვება. იქ ყველაფრის გადაფასება ხდება, შეიძლება არავის არაფერი ავნო, მაგრამ ციხე აბოროტებს ადამიანს. ყველაფერი ჩემმა მშობლებმა გადამატანინეს, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი და მხარს მიჭერდნენ. დიდი მნიშვნელობა აქვს, შურისძიებისთვის მოგმართავენ, თუ ცხოვრების უკეთესად შეცვლის დაგეგმვაში გეხმარებიან.

რამდენიმე წლის წინ მამა გარდამეცვალა და ამაში ჩემს როლს ვიაზრებ. როცა მივხვდი, არავის აინტერესებ და არანაირი სამართლიანი სასამართლო არ არსებობდა, მაშინ გამიჩნდა შურისძიების სურვილი. თუმცა სულ მქონდა იმედი, რომელიმე სასამართლო ინსტანცია მაინც გამამართლებდა.

- ყველაფრის მიუხედავად, ძლიერი აღმოჩნდით, რაზეც მომდევნო წლები მეტყველებს... - სხვა გზა არა გაქვს - ან უნდა წახდე, ან ფეხზე დადგე. დღეს არ ვთვლი, რომ არსებობენ ცუდი და კარგი ადამიანები, არამედ არსებობს სიტუაციები, რომლებიც ადამიანს უბიძგებს, იყოს კარგი ან ცუდი. ციხეში ყოფნა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, რასაც ვერც ერთი ტიპის უნივერსიტეტში ვერ მიიღებ. ეს იყო ძალიან მძიმე, მაგრამ უნიკალური რამ. ჩემს ცხოვრებას პატივს ვცემ ისეთს, როგორიც არის, მათ შორის იმ პერიოდს და იმ 14 წლის ბავშვს, გვანცას, ვისთვისაც დიდი ბრძოლის მიუხედავად, სამართლიანობა არ დამდგარა.