"მათ სიკვდილზე მილიარდები კეთდება" - თვითგენოციდი უიარაღოდ
"მათ სიკვდილზე მილიარდები კეთდება" - თვითგენოციდი უიარაღოდ
"ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება საშიში, მომაკვდინებელი ვირუსივით ვრცელდება და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს ასნებოვნებს. როდესაც "პალიტრამედიის" პირველი სოციალური ვიდეორგოლი გამოვიდა სახელწოდებით - "ვირუსი", რომელიც კლავს!", მაშინ, სხვადასხვა მონაცემით, საქართველოში დაახლოებით 400 ათასი თამაშდამოკიდებული იყო. დღეს ეს მონაცემი, სულ მცირე, ორჯერ გაზრდილია"

ცოტა ხნის წინ ერთი ასეთი ამბის მომსწრე გავხდი - პატარა ბიჭმა მამას ფული სთხოვა, სკოლის შემდეგ კლასელები სადღაც ვაპირებთ წასვლასო. მამისგან უარი მიიღო იმ
მიზეზით, რომ ფული არ ჰქონდა. ცოტა ხანში შვილმა მას ტელეფონი მიუტანა და აზარტული თამაშების რეკლამაზე მიუთითა, რომელიც იუწყებოდა, რომ მცირე ფსონით სოლიდური თანხის მოგება იყო შესაძლებელი. ამ ერთ პატარა ამბავში ჩვენი რეალობის სიმძიმეა ასახული, რაც ხშირად ტრაგიკულად მთავრდება.

უარი აზარტული თამაშების რეკლამას!

გასულ კვირას, ოთხდღიანი
ძებნის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, 29 წლის სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების თქმით, სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული და ამის გამო პრობლემები ჰქონდა. ამ სენს წლების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა საბოლოოდ ამ ბრძოლაში დამარცხდა. სანდროს ტრაგიკული დასასრულის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი თქვა აზარტული თამაშების რეკლამის საკუთარ ეთერში განთავსებაზე. სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ალბათ, ცოტა დაგვიანებული.


ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ "პალიტრამედიამ" ჯერ კიდევ 2016 წელს თქვა უარი თავის ყველა მედიაპლატფორმაზე აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებასა და მისგან მიღებულ შემოსავლებზე. მაშინ ჩვენ კარგად ვაცნობიერებდით, რომ დიდ ფინანსურ რესურსზე ვამბობდით უარს, მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავდით, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება სულ უფრო მძიმე ფორმას იღებდა და თითოეული თამაშდამოკიდებული თუ პოტენციური მოთამაშის გადასარჩენად სასწრაფოდ უნდა გვემოქმედა.

აზარტული თამაშების რეკლამაზე უარის თქმის შემდეგ "პალიტრამედიამ" დაიწყო სოციალური კამპანია "არ ითამაშო, იცხოვრე!" და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მრავალი საგაზეთო პუბლიკაცია, ტელესიუჟეტი, რადიოგადაცემა და სპეცპროექტი მივუძღვენით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებასა და მისგან გამოწვეულ პრობლემებს. "პალიტრამედია" იყო პირველი მედიასაშუალება, ვინც უარი თქვა, გამხდარიყო აზარტული თამაშების, ამ მძიმე სოციალური სენის, პოპულარიზაციის იარაღი და ამიტომ ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით ჩვენს კოლეგებს, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ მაუწყებელს, მისი იდეიდან და არსიდან გამომდინარე, უარი ეთქვა, გამხდარიყო პოტენციური უბედურების წყაროს რეკლამირების იარაღი.

ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება საშიში, მომაკვდინებელი ვირუსივით ვრცელდება და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს ასნებოვნებს. როდესაც "პალიტრამედიის" პირველი სოციალური ვიდეორგოლი გამოვიდა სახელწოდებით "ვირუსი", რომელიც კლავს!", მაშინ, სხვადასხვა მონაცემით, საქართველოში დაახლოებით 400 ათასი თამაშდამოკიდებული იყო. დღეს ეს მონაცემი, სულ მცირე, ორჯერ გაზრდილია. რაც უფრო იზრდებოდა მოთამაშეთა რაოდენობა, მით უფრო მდიდრდებოდა სათამაშო ბიზნესი. მხოლოდ ბოლო 10 წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 134-ჯერ გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო რეგულაციების არარსებობამ. ეს შესაძლებლობას აძლევს სმარტფონთან დამეგობრებულ მცირეწლოვანსაც კი, სხვისი პირადი ნომრით დარეგისტრირდეს და ონლაინაზარტულ თამაშებში ჩაერთოს. მეორე მხრივ, აზარტული თამაშების ბიზნესის რენესანსს ხელი შეუწყო მცირე სახელმწიფო საგადასახადო ტვირთმაც, რისი წყალობითაც თითქმის 14-მილიარდიანი ბრუნვის მქონე სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტში მხოლოდ 400 მილიონს იხდის. რაც უფრო მდიდრდებოდა სათამაშო ბიზნესი, მით უფრო ღარიბდებოდა თამაშდამოკიდებული მოსახლეობა.

ჩვენ ვწერდით, კონკრეტულ ტრაგიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გიყვებოდით, რომ თამაშის სურვილით შეპყრობილი ადამიანები მთელი ფულის წაგების შემდეგ იღებდნენ ვალებს, ყიდდნენ სახლებს, ანგრევდნენ ოჯახებს და თვითმკვლელობამდეც მიდიოდნენ. ხელისუფლებამ ორჯერ დააპირა განსაზღვრული რეგულაციებით სათამაშო ბიზნესის რეკლამისა და მოთამაშეების რეგისტრაციის შეზღუდვა, თუმცა საქმე კანონპროექტისა და პოლიტიკური განცხადებების იქით არ წასულა. ამასობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად თვითმკვლელობის რამდენიმე ასეულ შემთხვევასა და ამდენივე თვითმკვლელობის მცდელობას აღნუსხავს. მათი უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია, სიცოცხლის მოსპობის სურვილის მიზეზი კი ხშირად მძიმე სენი - ლუდომანიაა.

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტი დარეგისტრირდა. ამ პროექტის თანახმად, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების რეკლამის საკითხს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. ასევე კანონპროექტით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშებისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომლის ფართობი აღემატება 10 კვმ-ს. რაც შეეხება სანქციას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აზარტული/მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლისა და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას, თითოეულისთვის 10.000 ლარის ოდენობით, ხოლო დაჯარიმების საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება (წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით) ყოველ 1 თვეში.

პროექტის ავტორები დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, ამ კანონპროექტმა დღის სინათლე იხილოს. აზარტული ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესებას პოლიტიკური ნება სჭირდება, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ჯერ არ აღმოაჩნდა. მიზეზი შესაძლოა ბევრია, სამაგიეროდ, შედეგია ერთი - დაღუპული ადამიანები და განადგურებული ოჯახები მილიარდების სანაცვლოდ!

"17 თვითმკვლელობა სამ თვეში!"

არასამთავრობო ორგანიზაციის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 3 თვეში 17-მდე ახალგაზრდამ თამაშებზე დამოკიდებულების გამო მოიკლა თავი, 7-მა კი თვითმკვლელობა სცადა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გარდაცვლილთა ასაკი - 14-დან 31 წლამდე.

თამარ ჯაფარიძე, "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" წარმომადგენელი: "პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს მედიაჰოლდინგს, რომ წლების წინ უარი თქვით სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაზე. რამდენიმე დღის წინ თქვენ მოგბაძათ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მასაც ვუხდი მადლობას. უკვე საგანგაშო სტატისტიკა გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, თამაშდამოკიდებულთა რიცხვმა მილიონს მიაღწია, ამის ხარჯზე კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 14 მილიარდამდე გაიზარდა. ჩვენი ხელისუფლების ქმედება, უფრო სწორად, უმოქმედობა, აბსოლუტურად არაადეკვატურია. ამის თვალსაჩინო მაგალითია ამბროლაურის მერის მიერ ტოტალიზატორში ნაყიდი ბილეთების რაოდენობა და მოგებული "პორშე".

უკვე 3 წელიწადია ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას, მაგრამ უშედეგოდ. ის 17 თვითმკვლელობის შემთხვევა, მხოლოდ რეგიონების მონაცემებია. სამწუხაროდ, რეგიონებში მომხდარი ტრაგიკული ამბები ნაკლებად აღწევს საზოგადოების ყურამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ტრაგედიამ კი კიდევ ერთხელ გამოაფხიზლა საზოგადოების ნაწილი.
გაოცებული ვარ, რომ ხელისუფლების წევრებს სინანულიც არ გამოუთქვამთ იმის გამო, რომ ახალგაზრდები თამაშდამოკიდებულების გამო იკლავენ თავს.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, იზრუნოს თამაშდამოკიდებული ადამიანებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის დაარსებაზე. შეისწავლონ შს სამინისტროს სტატისტიკა და გაგვცენ პასუხი კითხვაზე, რატომ იკლავენ თავს ახალგაზრდები? სასურველია, პრევენციის მიზნით განათლების სამინისტროს მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს მოზარდებთან, რომლებიც ინტერნეტსივრცეში დიდ დროს ატარებენ, და ტრენინგებით თუ კვალიფიციური ფსიქოლოგების დახმარებით მოახდინონ მათი ინფორმირება მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. არაერთი წინადადებით მივმართეთ სამინისტროს, მაგრამ ამაოდ. ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო რეესტრის ჩართულობაც, რადგან დღეს ახალდაბადებული ბავშვის სახელზეც კი, მისი პირადი ნომრით შესაძლებელია ონლაინსამორინეში ანგარიშის გახსნა და თამაში.

როცა ლაპარაკია, რომ ბოლო დროს ამაღლდა დანაშაულის დონე, მათ შორის ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა, ნუთუ არ აინტერესებს ჩვენს ხელისუფლებას ამის მიზეზები? ჩვენმა ორგანიზაციამ გლდანის ციხეში ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ 3000 პატიმრიდან 856 ლუდომანიის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის გამო იხდის სასჯელს.
სახელმწიფოსაც ეკისრება თავისი წილი პასუხისმგებლობა, რომ ეს ადამიანები დანაშაულამდე მიიყვანა, რადგან სათამაშო ბიზნესს, ფაქტობრივად, ყველაფრის უფლება მისცა. ლუდომანიით შეპყრობილ პატიმრებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ განკურნება და საზოგადოებაში რეალიზება სურთ, ამის პირობები კი სახელმწიფომ უნდა შეუქმნას თამაშის შესაძლებლობების შეზღუდვითა და სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნით".

"მათ სიკვდილზე მილიარდები კეთდება"

გუგა ბესელია, "აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის" ხელმძღვანელი: - "პალიტრამედია" იყო პირველი მედიასაშუალება, ვინც უარი თქვა სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაზე. ეს იყო და არის ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ. ვისურვებდი, ასეთივე სოციალური პასუხისმგებლობა გამოეჩინათ სხვა მედიასაშუალებებს და არა მარტო მათ, სხვა პასუხისმგებლიან ბიზნესებსაც, ვინც დღეს რამე ფორმით თანამშრომლობენ და ხელს უწყობენ სათამაშო ბიზნესის პოპულარიზაციას. ამერიკაში, მაგალითად, სათამაშო ბიზნესის მესვეურები გაიგივებული არიან ისეთი საეჭვო რეპუტაციის ბიზნესსაქმიანობასთან, როგორიც არის პროსტიტუცია, ნარკომანია და ა.შ., ჩვენთან კი ამ ბიზნესის ბრუნვა ქვეყნის მთლიან ბიუჯეტს უტოლდება.

ამდენ ნეგატივში პოზიტიური ის არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგიერთდათ და უარი თქვა სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაზე. ამას მოჰყვა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც შემოუერთდა აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიას და განაცხადა, რომ ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებებზე მსგავსი ტიპის თამაშების რეკლამის შემცველ ბანერებსა თუ წარწერებს არ განათავსებს. არა მგონია, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისე საჯარო ბიბლიოთეკას გადაწყვეტილებები­ დამოუკიდებლად­ მიეღოთ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოც მეტ-ნაკლებად მზად არის სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის საკანონმდებლო დონეზე. თუ ასე არ მოხდება, დღეს არსებული მძიმე შედეგები კიდევ უფრო კატასტროფულ ფორმას მიიღებს. ბოლო კვლევით, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ თბილისში ჩაატარა, 14-დან 18 წლამდე მოზარდების 48% ჩართულია აზარტულ თამაშებში. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ასაკში მოზარდები შესაძლოა ლუდომანები არიან, მაგრამ ლუდომანია ის დაავადებაა, რომელიც სათამაშო სტაჟთან ერთად მოდის.

საგანგაშოა, რომ დღეს უკვე ტრენდული გახდა თამაში, რადგან წლების განმავლობაში ეს ბიზნესი დიდ თანხას ხარჯავდა რეკლამირებაში და საზოგადოებას მუდმივად თავს ახვევდა აზრს, რომ თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი გულისხმობს გემბლინგს. მაგალითად, როცა ერთ სკოლაში ლექცია-სემინარს ვატარებდით ლუდომანიის პრევენციის მიზნით, ერთმა მოსწავლემ გვითხრა, 12 წლის იყო, როცა მშობელი თავისი რეგისტრაციით ათამაშებდა იმ მოტივით, რომ შვილს იღბლიანი ხელი ჰქონდა. ეს უკვე ცნობიერების პრობლემაა. ცნობიერების პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდები თავს იკლავენ, სახელმწიფო მოხელეები აზარტულ თამაშებში ავტომობილებს იგებენ.

მხოლოდ რეკლამის აკრძალვა და რეგისტრაციის საკითხის მოწესრიგება გამოსავალი არ არის. ჩვენ სახელმწიფოსთან გვაქვს მოთხოვნები, რომ გაატაროს 3 ძირითადი ცვლილება: პირველია მოთამაშის რეგისტრაციის საკითხი. ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები სამოქალაქო რეესტრთან და თუ ეს სამსახური თავისი სერვისებით ითანამშრომლებს ონლაინსამორინეებთან, შესაძლებელი გახდება, რომ არასრულწლოვნები თავიანთი პირადი ნომრით ვეღარ დარეგისტრირდნენ და ვეღარც ითამაშონ. მეორე პრობლემა სხვისი პირადობის მოწმობით დარეგისტრირების საკითხია. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს პირის იდენტიფიცირების აპრობირებული მეთოდები. მათი გამოყენება შესაძლებელია ჩვენთანაც და გულისხმობს ფოტოსურათის გადაღებას ონლაინ, პირადობის მოწმობით ხელში, რომელიც რეგისტრაციის გამვლელს უნდა ეკუთვნოდეს. ამით კი შესაძლებელი იქნება უკვე მოქმედი კანონის აღსრულებაც. კანონში ახლაც გვიწერია, რომ 18 წლამდე პირებისთვის ონლაინაზარტულ თამაშებში ჩართვა ნებადართული არ არის, მაგრამ შესაბამისი კონტროლის მექანიზმების არარსებობის გამო ეს კანონი, ფაქტობრივად, არ სრულდება.

სამოქალაქო რეესტრმა დაგვიდასტურა, რომ ამ სერვისით სარგებლობისას ყოველი მომხმარებლის რეგისტრაციამდე გადამოწმება სათამაშო ბიზნესს 1 თეთრი დაუჯდება. გამოდის, რომ 1 თეთრი ღირს თითო მოზარდის გადარჩენა. ასევე ჩვენი მოთხოვნაა, აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის რეკლამირება ყველა მიმართულებით. აუცილებელია საუბარი მოთამაშის ასაკობრივ ზღვარზეც. დღეს კანონში, ცოტა არ იყოს, კომიკური ჩანაწერია - ონლაინსამორინესა და სლოტკლუბში მოთამაშის ქვედა ასაკობრივი ზღვარი 18 წელია, ხოლო სახმელეთო სამორინეში - 21 წელი. თუ ვთანხმდებით, რომ 21 წლამდე ადამიანის ფსიქიკა არ არის მზად მიიღოს გემბლინგით მიყენებული დარტყმები, რატომ ვაძლევთ 18 წლის მოზარდს ონლაინკაზინოსა და სლოტკლუბში თამაშის უფლებას? ეს ასაკობრივი დიფერენციაცია უნდა აღმოიფხვრას, ყველა შემთხვევაში ასაკობრივი ზღვარი 21 წლამდე უნდა გაიზარდოს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საკითხი არ მოგვარდა, აზარტულ თამაშებში ჩართული მოზარდების რიცხვი წლიდან წლამდე გაიზრდება. მაგალითად, დღეს თუ მოზარდების ჩართულობა აზარტულ თამაშებში 48%-ია, 3-4 წელიწადში 70% იქნება.

გამოდის, ჩვენი უმოქმედობით ახალგაზრდა თაობას ვწირავთ. ლუდომანია ის ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიჰყავს ადამიანი და ეს ეტაპი, როგორც უკვე გითხარით, განსაზღვრული სათამაშო სტაჟის შემდეგ დგება. როცა 22 წლის ასაკში სუიციდზე ფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ თამაში დაახლოებით 13-14 წლისამ დაიწყე. აზარტულ თამაშებში მოზარდების მასობრივი ჩართულობის შედეგები სახეზე გვაქვს და ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ ქმედით ზომებს არ მივმართეთ და ეს სიკვდილის მანქანა დროულად არ შევაჩერეთ, კიდევ უფრო დრამატულ შედეგს მივიღებთ.

P.S. "პალიტრამედია" კიდევ ერთხელ მიესალმება საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ სხვა მედიასაშუალებებიც გამოიჩენენ კეთილ ნებას, იგრძნობენ თავის წილ პასუხისმგებლობას და უარს იტყვიან პოტენციური უბედურების წყაროს რეკლამირებაზე. იქნებ ასე მაინც ვაიძულოთ ხელისუფლება, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და აამოქმედოს რეგულაციები, რომლებიც ადამიანებს აზარტული თამაშების მავნე ზემოქმედებისგან დაიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თამაშდამოკიდებულების საშიში "ვირუსი" უფრო გავრცელდება და თითოეული ოჯახის კარზე მიაკაკუნებს.

Gorgasali
05 ნოემბერი 2019 15:52
ჩემი თანამშრომელი ხელფასის ნახევარს ონლაინ თანაშებში ხარჯავს,მეცოდება3მცირეწლოვანი შვილი ჰყავს,ვეუბნევიბარ ითანაშო და მაინც თამაშობს,უკვე ლომკა მაქვსო,აკრძალეთ არ შეიძლებაა!“!“
კაზინო!
05 ნოემბერი 2019 04:12
წერეთ და იყავით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?