"გაოცებული ვარ, ხელისუფლების წევრებს სინანულიც არ გამოუთქვამთ იმის გამო, რომ ახალგაზრდები თამაშდამოკიდებულების გამო იკლავენ თავს" - კვირის პალიტრა

"გაოცებული ვარ, ხელისუფლების წევრებს სინანულიც არ გამოუთქვამთ იმის გამო, რომ ახალგაზრდები თამაშდამოკიდებულების გამო იკლავენ თავს"

"ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება საშიში, მომაკვდინებელი ვირუსივით ვრცელდება და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს ასნებოვნებს. როდესაც "პალიტრამედიის" პირველი სოციალური ვიდეორგოლი გამოვიდა სახელწოდებით - "ვირუსი", რომელიც კლავს!", მაშინ, სხვადასხვა მონაცემით, საქართველოში დაახლოებით 400 ათასი თამაშდამოკიდებული იყო. დღეს ეს მონაცემი, სულ მცირე, ორჯერ გაზრდილია"

ცოტა ხნის წინ ერთი ასეთი ამბის მომსწრე გავხდი - პატარა ბიჭმა მამას ფული სთხოვა, სკოლის შემდეგ კლასელები სადღაც ვაპირებთ წასვლასო. მამისგან უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ ფული არ ჰქონდა. ცოტა ხანში შვილმა მას ტელეფონი მიუტანა და აზარტული თამაშების რეკლამაზე მიუთითა, რომელიც იუწყებოდა, რომ მცირე ფსონით სოლიდური თანხის მოგება იყო შესაძლებელი. ამ ერთ პატარა ამბავში ჩვენი რეალობის სიმძიმეა ასახული, რაც ხშირად ტრაგიკულად მთავრდება.

უარი აზარტული თამაშების რეკლამას!

გასულ კვირას, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, 29 წლის სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების თქმით, სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული და ამის გამო პრობლემები ჰქონდა. ამ სენს წლების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა საბოლოოდ ამ ბრძოლაში დამარცხდა. სანდროს ტრაგიკული დასასრულის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი თქვა აზარტული თამაშების რეკლამის საკუთარ ეთერში განთავსებაზე. სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ალბათ, ცოტა დაგვიანებული.

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ "პალიტრამედიამ" ჯერ კიდევ 2016 წელს თქვა უარი თავის ყველა მედიაპლატფორმაზე აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებასა და მისგან მიღებულ შემოსავლებზე. მაშინ ჩვენ კარგად ვაცნობიერებდით, რომ დიდ ფინანსურ რესურსზე ვამბობდით უარს, მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავდით, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება სულ უფრო მძიმე ფორმას იღებდა და თითოეული თამაშდამოკიდებული თუ პოტენციური მოთამაშის გადასარჩენად სასწრაფოდ უნდა გვემოქმედა.

აზარტული თამაშების რეკლამაზე უარის თქმის შემდეგ "პალიტრამედიამ" დაიწყო სოციალური კამპანია "არ ითამაშო, იცხოვრე!" და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მრავალი საგაზეთო პუბლიკაცია, ტელესიუჟეტი, რადიოგადაცემა და სპეცპროექტი მივუძღვენით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებასა და მისგან გამოწვეულ პრობლემებს.

"17 თვითმკვლელობა სამ თვეში!"

არასამთავრობო ორგანიზაციის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 3 თვეში 17-მდე ახალგაზრდამ თამაშებზე დამოკიდებულების გამო მოიკლა თავი, 7-მა კი თვითმკვლელობა სცადა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გარდაცვლილთა ასაკი - 14-დან 31 წლამდე.

თამარ ჯაფარიძე, "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" წარმომადგენელი: "პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს მედიაჰოლდინგს, რომ წლების წინ უარი თქვით სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაზე. რამდენიმე დღის წინ თქვენ მოგბაძათ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მასაც ვუხდი მადლობას. უკვე საგანგაშო სტატისტიკა გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, თამაშდამოკიდებულთა რიცხვმა მილიონს მიაღწია, ამის ხარჯზე კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 14 მილიარდამდე გაიზარდა. ჩვენი ხელისუფლების ქმედება, უფრო სწორად, უმოქმედობა, აბსოლუტურად არაადეკვატურია. ამის თვალსაჩინო მაგალითია ამბროლაურის მერის მიერ ტოტალიზატორში ნაყიდი ბილეთების რაოდენობა და მოგებული "პორშე".

უკვე 3 წელიწადია ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას, მაგრამ უშედეგოდ. ის 17 თვითმკვლელობის შემთხვევა, მხოლოდ რეგიონების მონაცემებია. სამწუხაროდ, რეგიონებში მომხდარი ტრაგიკული ამბები ნაკლებად აღწევს საზოგადოების ყურამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ტრაგედიამ კი კიდევ ერთხელ გამოაფხიზლა საზოგადოების ნაწილი.

გაოცებული ვარ, რომ ხელისუფლების წევრებს სინანულიც არ გამოუთქვამთ იმის გამო, რომ ახალგაზრდები თამაშდამოკიდებულების გამო იკლავენ თავს. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "აღარ შემიძლია ამ ჯოჯოხეთში ცხოვრებაო... ამ ყველაფრის მერე რეკავს 112-ში..." - გარდაცვლილი სანდრო ბერაძის მეგობრის სულისშემძვრელი წერილი