"ბრალი არის აბსურდული და პოლიტიკური დევნის გაგრძელება" - რას აცხადებს გია უდესიანის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ბრალი არის აბსურდული და პოლიტიკური დევნის გაგრძელება" - რას აცხადებს გია უდესიანის ადვოკატი?

ბრალი არის აბსურდული და პოლიტიკური დევნის გაგრძელება გია უდესიანის მიმართ,-ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უძრავი ქონებისა და წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ გია უდესიანის უფლებადამცველმა შოთა კახიძემ განუცხადა.

შოთა კახიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი პირი ზაზა გუგავა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოძალვას ედავება.

"ბრალი არის აბსურდული. ჩემი დასაცავი პირები არ აღიარებენ დადგენილ ბრალდებას.ბრალდება შეეხება 2009 წლის ნოემბერში მომხდარ თითქოსდა დანაშაულს. 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასდიოდა ბრალს და ხუთი დღით ადრე მოახდინა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. უდესიანი არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი, გია უდესიანის მიმართ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ უარი თქვა წითელი ცირკულარის გამოცემაზე, უნგრეთის შიდა ეროვნულმა სასამართლომ გია უდესიანს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა უნგრეთში. ეს სისხლის სამართლის საქმეც არის იმ სისხლის სამართლის საქმის და პოლიტიკური დევნის გაგრძელება გია უდესიანის მიმართ", - განაცხადა ადვოკატმა შოთა კახიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდების დადგენილებას და მტკიცებულებებს, რომელიც დღეს პროკურატურამ გადასცა, გაეცნობიან და დაცვის მხარე სამოქმედო სტრატეგიას შემდეგ შეიმუშავებს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ დღეს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყო საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ" ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ" ქვეპუნქტებით.

"ინტერპრესნიუსი"