თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს - კვირის პალიტრა

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, საგამოძიებო უწყების შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიმდინარე თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატს ესაუბრა. მარიამ კუბლაშვილის შეფასებით, აღნიშნული საქმის ობიექტური გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს, კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უდანაშაულო ადამიანის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს და იმ სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა განახორციელა. საქმეზე გამოძიება პროკურატურამ სწორედ მაჩალიკაშვილების ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.

იხილეთ ასევე: "რას ჰქვია საქმეზე გამოძიება შეწყდება? თემირლანის საქმე არ დაიხურება! თემირლანის საქმე ამ ხელისუფლებას ჩამოამხობს!"

"ინტერპრესნიუსი"