"წარმოიდგინეთ, რა სიჩქარით მოძრაობდნენ, რომ ხესთან შეჯახებისას, მანქანა შუაზე გაიხლიჩა" - მორიგ ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
06-11-2019
"წარმოიდგინეთ, რა სიჩქარით მოძრაობდნენ, რომ ხესთან შეჯახებისას, მანქანა შუაზე გაიხლიჩა" - მორიგ ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
ფოტო:შოთა ხუტუნაშვილი, დემეტრე ასაბაშვილი, ნიკა აბულაძე
ყვარელში, შილდა-ყვარელის გზის მონაკვეთზე მომხდარ ავტოკატასტროფას, რა დროსაც "მერსედესის" მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა, 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოკატასტრიფისას ავტომანქანის 4 მგზავრიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი საავადმყოფოში მიყვანისთანვე. დაიღუპული ახალგაზრდები არიან: 20 წლის შოთა ხუტუნაშვილი, 17 ნიკა აბულაძე და 22 წლის დემეტრე ასაბაშვილი. ავტომანქანის მძღოლი, 23 წლის ანრი კარჭაული კი საავადმყოფოში მძიმე ტრავმებითაა გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ავტომანქანის ექსპლოატაციის ან მოძრაობის წესების
დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ავტომანქანის ყველა მგზავრი ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ შილდის მკვიდრი იყო. ავტოკატასტროფის დეტალებზე ადგილობრივი მცხოვრები გვესაუბრება:

- საუბედუროდ, ჩვენს გზებზე ისეთი უბედურება ხდება, უკვე აღარაფერი გვიკვირს, თუმცა, რაც შილდა-ყვარლის გზაზე მოხდა, მსგავსი მართლაც ძნელია ნახო - ავტომანქანა, რომლითაც
ავარია მოხდა, ტრასაზე ხესთან შეჯახებისას შუაზეა გადახლეჩილი. თითქოს რკინა კი არა, რაიმე ჩვეულებრივი რბილი საგანი იყოს. წარმოიდგინეთ, მანქანა რა სიჩქარით მოძრაობდა -  სპეციალისტების თქმით,  200 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარითაც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი სიმძიმის დარტყმა არ მოხდებოდა. ავტომანქანა კარჭაულების საკუთრებაა და საჭესთნაც ანრი იჯდა. საბედნიეროდ, ამ კატასტროფიდან ერთადერთი ის, ანუ მძღოლი გადარჩა ცოცხალი. იმიტომ რომ შეჯახება მძღოლის მხრიდან არ მომხდარა. ისიც ძალიან მძიმედ არის, მაგრამ იმედია, გადარჩება.

-  ავტომანქანის მძღოლი ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იყო?
-  ეგ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ისე კი დილით სოფელში ნახეს, რომ ბიჭები ლუდს სვამდნენ, ანრიც სვამდა თუ - არა, არ ვიცი. ავარია შუადღისას მოხდა. გარდაცვლილები კარგი ბიჭები იყვნენ, წესიერი, კარგი ოჯახის შვილები... მომავალიც ჰქონდათ, ეს უბედურება რომ არ მომხდარიყო. დემეტრე აბასაშვილი, ორ დღეში უცხოეთში აპირებდა სამუშაოდ გამგზავრებას. დემეტრე თურმე გზაზე იდგა, როდესაც ბიჭებმა ჩამოიარეს მანქანით და მანქანაში ჩაჯდომა შესთავაზეს... ისიც გაჰყვა და ეს უბედურება მოხდა... დაღუპულებს შორის ყველაზე პატარა ნიკა, შედარებით ნაკლები მატერიალური შესაძლებლობების მქონე ოჯახიდან იყო. მშრომელი ბავშვი იყო, არანაირ შრომას არ უკადრისობდა, რომ საკუთარი ჯიბის ფული ჰქონოდა, 17 წლის ბიჭი ხან ვენახში მუშაობდა, ხან პირუტყვს უვლიდა... დაიღუპნენ მათი ოჯახები, სამი ოჯახი ერთად წამებში განადგურდა...


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?