თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს, დაშავებულია 2 სამართალდამცველი - კვირის პალიტრა

თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს, დაშავებულია 2 სამართალდამცველი

თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

"8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, 6 კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

თბილისში, კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გრძელდება გამოძიება. პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ასევე, თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისსა და ბათუმში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში.

სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. კანონდამრღვევი პირების დადგენის და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება. როგორც 8 ნოემბერს, ასევე, მომდევნო დღეებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.