რატომ შეწყვიტა ინტერპოლმა "ნაცმოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა - კვირის პალიტრა

რატომ შეწყვიტა ინტერპოლმა "ნაცმოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა

"მგონია, რომ დევნილ "ნაცებს" ორგანიზება გაუკეთა ადეიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი უპირველესი უნდა ყოფილიყო დამნაშავეთა შორის. მოარული ხმებით, ზოგიერთ შემთხვევაში გადაიხადეს ფული, ან დათმეს ქონება იმის სანაცვლოდ, რომ მათ წინააღმდეგ დევნა შეწყვეტილიყო. ინტერპოლიც პოლიტიკური ორგანიზაციაა და თუ სახელმწიფო არ გააკეთებს ყველაფერს, რომ დამნაშავეები დასაჯოს, ინტერპოლი რატომ შეიწუხებს თავს?"

მას შემდეგ, რაც ყოფილი ხელისუფლების ქვეყნიდან გაქცეულ მაღალჩინოსნებზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, საქართველოს მთავრობის მოთხოვნით ინტერპოლმა მათი საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დღეს ყველას ძებნა შეწყვეტილია. ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე წითელი ცირკულარით ძებნილებს შორის მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე რჩება, რომლის ადგილსამყოფელი ყველამ იცის. ინტერპოლით ძებნილთაგან მხოლოდ გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" გადმოსცა საქართველოს ჰოლანდიის ხელისუფლებამ.

"კვირის პალიტრა" საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ინტერპოლმა ქვეყნიდან გაქცეული მაღალჩინოსნების ძებნა შეწყვიტა. როდის წყვეტს ძებნას საერთაშორისო ორგანიზაცია?

- ამ ხელისუფლებამ, ნებსით თუ უნებლიეთ, დაუშვა შეცდომები, რამაც გამოიწვია ის, რომ ძებნილთა სიაში აღარავინ დარჩა. მთავარი არგუმენტია ვანო მერაბიშვილის საქმე ევროსასამართლოში. ევროსასამართლომ დაასკვნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და უკანონო პატიმარია. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არის არგუმენტი, რომ საქართველოში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დევნიდნენ.

- ანუ მერაბიშვილის საქმე იყო კატალიზატორი და ევროპულმა სახელმწიფოებმა ამიტომაც მისცეს ძებნილებს პოლიტთავშესაფარი? - რა თქმა უნდა. გარდა ამისა, როგორც კი ვინმეს დააკავებდნენ და ჩამოიყვანდნენ, იბარებდნენ პროკურატურაში, პოლიტიკური თანამდებობის პირები კი მედიასაშუალებებით აცხადებდნენ: "ეს ამისთვის დასაჭერია" და ა.შ., არადა, მხოლოდ ბრალდებულის სტატუსი ჰქონდათ და მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობდა. ასეთი ქმედებებიც პოლიტიკური დევნის ნიშანია. ზოგის დევნაზე შეიძლება ჩვენმა პროკურატურამაც თქვა უარი. ვვარაუდობ, რომ დაიდო გარიგება, რომლის წყალობით დამნაშავედ გამოცხადებული "ნაცმოძრაობა" პარლამენტში უზით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში პატიმრების მდგომარეობა კი გაუმჯობესდა, მაგრამ სასამართლოში ვითარება სავალალოა, ევროპული სახელმწიფოები ამასაც აქცევენ ყურადღებას. სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს ძებნილი რომ გადასცეს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა, დაკავებულს გაასამართლებენ და კანონიერად დასჯიან, მაგრამ ის, რაც ჩვენს მართლმსაჯულებას სჭირს, საქართველოს მთავრობას ასეთი დაპირების შესაძლებლობას არ აძლევს.

- ზოგ ძებნილს რამდენიმე ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი. რატომ ჭირს მათი დანაშაულის დამტკიცება. - ვფიქრობ, იუსტიციასა და პროკურატურაში დარჩა ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც "ნაციონალების" დროს დაინიშნენ და მათი ერთგული იყვნენ. მათი დაუსაბუთებელი ბრალდებები, ანუ პროკურატურის ქმედებები კრიტიკას ვერ უძლებდა. იგივე შეიძლება ითქვას იუსტიციის სამინისტროზე - როცა ის მოთხოვნებს გზავნის მეორე სახელმწიფოში, როგორც ჩანს, ეს მოთხოვნები არ არის გამყარებული უდავო მტკიცებულებებით, ამიტომაც ძებნილს არავინ გადმოგცემს.

- ახლახან გია უდესიანის მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ბიზნესმენ ემზარ ლიპარტელიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და წილების გამოძალვის ფაქტზე. როგორ ფიქრობთ, ჩვენი პროკურატურა წარუდგენს უნგრეთის სასამართლოს ისეთ მყარ მტკიცებულებებს, რაც მისი ექსტრადირების საფუძველი გახდება?

- უდესიანს ჰყავდა კბილებამდე შეიარაღებული ბანდა და გარიგებული იყო ყოფილ ხელისუფლებასთან. ეს კაცი ფარცხალაძის მეთოდებით მოქმედებდა, უფრო სწორად - უდესიანის საქმეები ფარცხალაძემ განაგრძო... მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ ცუდ საქმეშია გარეული, არა მგონია, მისი გადმოცემა ხელს აძლევდეთ. მან ბევრი რამ იცის ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, რომელთა დაკვეთებსაც ასრულებდა... რამდენი მკვლელობა, ყაჩაღობა და ქონების წართმევაა გაუხსნელი...

- ძველ ხელისუფლებას არ აწყობს, მაგრამ ამ ხელისუფლებას რატომ არ უნდა უნდოდეს უდესიანის ჩამოყვანა?

- სქემა მარტივია: "ნაცებმა" ვიღაცას რაღაც წაართვეს და ნაწილი "ოცნებას" გაუფორმეს, ამიტომ "ოცნებას" სამართლიანობის აღდგენის სურვილი აღარ გაუჩნდა. ამ სქემით, "ოცნებამ" უნდა გააჩუმოს ეს ხალხი და აქ არ ჩამოიყვანოს. უდესიანმა ბევრიც რომ ილაპარაკოს, ვინ გაიგებს, რა თქვა? რა, პროკურატურა გვეტყვის, თუნდაც "მასტერამ" ვინ "ჩაუშვა"? ყველა გამოჭერილი ჰყავთ, ან, თუ დასჭირდათ, გამოიჭერენ. ეს არის უწყება ისეთი ბნელი საქმეებით, რომელთა წარმოდგენაც კი ჭირს და ასე მუშაობენ უხსოვარი დროიდან.

- თუ მტკიცებულებები მყარია, მაგრამ პირის ძებნა მაინც შეწყდა, ეს რით აიხსნება?

- ამას განსაზღვრავს მართლმსაჯულების სისტემა, პრობლემები სასამართლოში, მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ბევრი რამ ბუნდოვანია, რადგან ჩვენი სამართალდამცველები დუმან, ან საკითხს ისე განმარტავენ, აზრის გამოტანა ჭირს. ]მგონია, რომ დევნილ "ნაცებს" ორგანიზება გაუკეთა ადეიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი უპირველესი უნდა ყოფილიყო დამნაშავეთა შორის. მოარული ხმებით, ზოგიერთ შემთხვევაში გადაიხადეს ფული, ან დათმეს ქონება იმის სანაცვლოდ, რომ მათ წინააღმდეგ დევნა შეწყვეტილიყო. ინტერპოლიც პოლიტიკური ორგანიზაციაა და თუ სახელმწიფო არ გააკეთებს ყველაფერს, რომ დამნაშავეები დასაჯოს, ინტერპოლი რატომ შეიწუხებს თავს? ახალ ხელისუფლებას მათი დაპატიმრება საკუთარი პოლიტიკური ფასადის შესაქმნელად უნდოდა, თითქოსდა სამართლიანობის აღდგენას აპირებდა, თუმცა, ვხედავთ, რომ ეს ადამიანები მშვენივრად ცხოვრობენ, მეტიც, აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის იმედი.

- რაზე მიუთითებს ის, რომ ბუდაპეშტში არიან ადეიშვილიც, კოდუაც და უდესიანიც?

- ერთია ის, რომ უნგრეთი ლოიალურია მათ მიმართ და მეორე - ისინი ერთმანეთს ეხმარებიან. უნგრეთი ევროპის შუაგულია და იქიდან ნებისმიერ ქვეყანაში წასვლა იოლია. საგულისხმოა, რომ არავინ წასულა და უძებნია თავშესაფარი აშშ-ში, რადგან შტატების ხელისუფლებისგან არ იყო მოსალოდნელი მათი მხარდაჭერა. მიუხედავად უკრაინის მიმართ ჩვენი მეგობრული დამოკიდებულებისა, ალბათ, მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს. ევროპის სახელმწიფოები სააკაშვილის რეჟიმსაც ეუბნებოდნენ უარს ძებნილების გადმოცემაზე.

- გამოდის, ვერ ხედავთ ხელისუფლების ნებას, აღადგინოს სამართლიანობა და გაქცეულები გაასამართლოს... - ნება რომ იყოს, ყველა საქმე უტყუარი მტკიცებულებებით იქნებოდა გამყარებული და არა ისე, როგორც მოხდა მერაბიშვილის და ახალაიას შემთხვევაში - ჯერ ერთ წარდგენილ ბრალზე გაასამართლა სასამართლომ, მერე კი მეორე და მესამე წაუყენა, ციხიდან გამოსვლა რომ ვერ მოესწროთ. ასე კიბე-კიბე აპირებდნენ პასუხისგებაში მიცემას, რაც არაკომპეტენტურობის გამოხატულებაა. მეორეც - შეიძლება ეს განზრახ გაკეთებულიყო და დამთავრებულიყო ისეთი შედეგით, როგორითაც ასეთი საქმეები დამთავრდა - ხომ დავრწმუნდით, რომ სამართლიანობის აღდგენის არც ნება და არც გეგმა ახალ ხელისუფლებას არ ჰქონია? სხვათა შორის, როცა ისინი 2012 წელს პროგრამას წერდნენ, მეც ვეხმარებოდი და ძალიან მიკვირდა, რომ ამ პროგრამაში სამართლიანობის აღდგენის ნაწილი ძალიან სუსტი, გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი იყო. როცა ამასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება გამოვთქვი, მითხრეს, მერე მივხედავთ, ახლა ამისთვის არ გვცალიაო, არადა, აშკარა იყო, რომ თავიდანვე არ აპირებდნენ დამნაშავეთა დასჯას, არამედ მათგან თავისუფლების სანაცვლოდ რაღაც ღონისძიებების გატარებას გეგმავდნენ.

- ვინ მონაწილეობდა ამ სუსტი გეგმისა თუ დოკუმენტის შედგენაში? - როგორც მახსოვს, ამ მიმართულებას ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს იყო მხოლოდ დეკლარაცია, რომლის უკან არ იდგა კონკრეტული გეგმა. სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება რომ არ იყო, იმითაც ჩანს, რომ რეპრესიული საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტმა სააკაშვილის დროს მიიღო, ამათ არ შეუცვლიათ. ამ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის სურვილი არ ჰქონია არც ქვეყანაში და არც - საერთაშორისო არენაზე.

პირადად ვიცი და ამას ჩემი კლიენტებიც დაადასტურებენ, რომ საქმეებზეც, რომლებიც სტრასბურგში გვქონდა გასაჩივრებული, თეა წულუკიანი არაფერს აკეთებდა. ჩემი კლიენტები წულუკიანს ხვდებოდნენ და უყვებოდნენ თავიანთ საქმეებზე, ის კი, როგორც კი გვარ-სახელს გაიგონებდა, ეუბნებოდა, არ გინდათ მოყოლა, ზეპირად ვიცი თქვენი საქმე, რა თქმა უნდა, მოიგებთ სტრასბურგის სასამართლოს და კომპენსაციასაც მიიღებთო. რამდენიმე ასეთი საქმე დასრულდა, მაგრამ არც ისეთი წარმატებით და მათ არც კომპენსაცია მიუღიათ.

- რამდენჯერმე დადგა ამ ხელისუფლებაში წულუკიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი... - ვვარაუდობ, რომ წულუკიანი პირადად ივანიშვილისა და მისი ოჯახის ადვოკატია საფრანგეთში. ხომ ნახეთ, როგორი ადვოკატიც არის თადუმაძე და ივანიშვილი მხოლოდ მის იმედად ვერ იქნებოდა. წულუკიანი, რომელიც არ ჩანს, ეტყობა, უკეთესად აგვარებს ივანიშვილის საქმეებს საფრანგეთში.