"წვიმას ველოდებოდით, წყალი რომ დაგველია" - რას ჰყვება ქართველი მეზღვაური, რომელიც ლიბიაში ტაჯურას ციხეში იხდის სასჯელს? - კვირის პალიტრა

"წვიმას ველოდებოდით, წყალი რომ დაგველია" - რას ჰყვება ქართველი მეზღვაური, რომელიც ლიბიაში ტაჯურას ციხეში იხდის სასჯელს?

"მეზღვაურობა არის გზა, თითქმის არასდროს იცი, საით წაგიყვანს და დაგაბრუნებს თუ არა სახლში", - ამბობენ მეზღვაურები. ნაოსნობაში დაუწერელი კანონის თანახმად, გემთმფლობელმა უნდა დაიცვას საკუთარი ეკიპაჟი, თუმცა არსებობს არაერთი საეჭვო რეპუტაციის კომპანია, მათ შორის თურქულ-ბერძნული REX malturi Sovereign M-ი, რომელიც ამ კანონს უგულებელყოფს. მიუხედავად ამისა, მასთან თანამშრომლობას ქართველი მეზღვაურები არ ერიდებიან. შედეგად არაერთი მათგანი აღმოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ციხეში. რამდენიმე მათგანი კი დღემდე ციხეშია...

2017 წლის 30 აგვისტოს დიდი ოდენობით ნავთობის უკანონო გადაზიდვის ბრალდებით ლიბიაში ტანზანიის დროშით მცურავი გემი REX-ი დააკავეს. ეკიპაჟში ქართველი მეზღვაურებიც იყვნენ. ქართული მხარის მუშაობის შედეგად 3 ქართველი მეზღვაურიდან ერთი, ნუკრი ხოხბა, გათავისუფლებულია, ორს - გემის კაპიტან გენადი კომახიძესა და მის თანაშემწე რომან კაკალაძეს ლიბიის სასამართლომ პატიმრობა ექვსი თვის ვადით და ჯარიმა - 1.810.017 მილიონი ლიბიური დინარი შეუფარდა.

ლიბიის სასამართლოში საქართველოს ორი მოქალაქის ინტერესებს ლიბიელი ადვოკატი იცავდა, რომელიც ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ დაიქირავა, თუმცა ქართველი მეზღვაურები მისი მუშაობით უკმაყოფილო არიან, რადგან მას თითქმის არა აქვს ურთიერთობა პატიმრებთან.

"მითხრეს, უკან დასაბრუნებელ ბილეთებზეც დავიწყეთ ზრუნვაო, მაგრამ..."

სალომე კაკაბაძე, რომან კაკალაძის და:

- 2 წელი და 2 თვეა, რაც რომა ლიბიაში, ტაჯურას ციხეში იხდის სასჯელს. დროდადრო საგარეო საქმეთა სამინისტრო გვაწვდის მასზე ინფორმაციას, რამდენიმე დღის წინ დამირეკეს, ფინალში გავდივართო. უფრო ადრე მითხრეს, უკან დასაბრუნებელ ბილეთებზეც დავიწყეთ ზრუნვაო, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ისევ ოჯახი ვუგზავნით თანხას საკვებისა და წყლისთვისაც კი. - ვიცი, რომ ციხეში მძიმე პირობებია და სხვა პატიმრებთან პრობლემები ჰქონდა...

- დაახლოებით სამი თვეა, არც ერთ სოციალურ ქსელში არ გამოჩენილა. არადა, ადრე ფოტოებსაც გვიგზავნიდა. ახლა კონსულის დახმარებით ტელეფონის საშუალებით ვკონტაქტობთ.

შარშან ამ დროს ძალიან რთულ პირობებში იყო. რასაც ვუგზავნიდით, თურმე იქაური პატიმრები სძალავდნენ და დღეების განმავლობაში მშიერი ყოფილა. ჩხუბიც მოუხდა, თავში ჩაარტყეს. მადლობა ღმერთს, გადარჩა, მაგრამ მკურნალობა დასჭირდა. ექიმისა და მედიკამენტების თანხა ჩვენ გავუგზავნეთ. ეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც შევატყობინე. მათ შეძლეს და საქმე მოაგვარეს, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.

რამდენიმე ხნის წინ რომას კბილი დაუზიანდა, ოპერაცია დასჭირდა და აქედან გადავურიცხეთ თანხა. ამ ყველაფერს ხომ სახსრები სჭირდება, უპატრონოდ ხომ არ დავტოვებთ და რაც გაგვაჩნდა, ლომბარდში დავკარგეთ. ახლა ერთ-ერთი ბანკი სახლსაც გვედავება, აუქციონზე უნდა გაიტანოს...

"ერთხანს თვითმკვლელობაზეც ვფიქრობდი"

ჩვენ რომან კაკალაძეს ინტერნეტით დავუკავშირდით:

- დიდხანს წყალიც და საკვებიც გვენატრებოდა, წვიმას ველოდებოდით, წყალი რომ დაგველია. საჭმელი ძალიან ცოტა, ისიც ხანდახან გვქონდა. ამის გამო ციხეში ხშირად იყო ჩხუბი. ლიბიელი პატიმრებისთვის ოჯახის წევრებს მოჰქონდათ საჭმელი, ჩვენ კი მხოლოდ რამდენიმეგრამიან ჰოთ-დოგს გვაძლევდნენ.

ერთხანს თვითმკვლელობაზეც ვფიქრობდი. ახლა პროდუქტების მაღაზია გახსნეს და ცოტა ამოვისუნთქეთ. ჩვენს ბლოკში ტელეფონით სარგებლობის უფლებაც მოგვცეს, გენადი კი სხვა ბლოკშია და არ ვიცი, იქ რა ხდება..

ციხის გარდა, ტაჯურაში ყველაფერი იბომბება. მუამარ კადაფის დამხობის შემდგომ აქაურობა ცეცხლის ალშია გახვეული. ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. სასამართლო გაიმართა, ლიბიის კანონითაც თავისუფალი ვართ, მაგრამ აქ ძნელია ვინმესთან რამეზე შეთანხმება. არ ვიცი, როდის გაირკვევა ჩვენი საკითხი.

"ჯერ 24.000 დოლარს ითხოვდნენ, ახლა 1.300.000 უნდათ"

მირიან კომახიძე, გენადი კომახიძის ძმისშვილი: - ჩემი ბიძა და რომაც უკვე გათავისუფლებული არიან, მაგრამ პროკურორი თუ მოსამართლე არ აწერს ხელს დოკუმენტს. ფულს ითხოვს იქაურ ბიუჯეტში შესატანად. ჯერ 24.000 დოლარს ითხოვდნენ, ახლა 1.300.000 უნდათ. გენადის რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე, 50 დოლარიც გავუგზავნე. მათი ადვოკატი თაღლითია, თითქმის არ ნახულობს არც ერთს. ციხის ადმინისტრაციას უთქვამს პატიმრებისთვის, თუ ციხეს ცეცხლი გაუხსნეს, ყველას გაგიშვებთო. ბოლო ხანებში ძალიან გამკაცრდა რეჟიმი, ტელეფონებიც ჩამოართვეს. მობილური რომ გვიპოვონ, ორკვირიანი კარცერი გველოდებაო.

დაახლოებით სამი თვის წინ ვიყავი საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოში და მითხრეს, ჩვენი წარმომადგენელი ვერ გავუშვით, რადგან ლიბიიდან უარი მოვიდაო. იმ ქვეყანასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს და ეს უფრო ართულებს საქმეს. ლიბიაში ომია, არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად არ მუშაობს და რაც მუშაობს, არც ის კონტროლდება. ერთი სიტყვით, ძალიან მძიმე ვითარებაა.

ქართველი მეზღვაურები დაბალი კვალიფიკაციის კადრებად ითვლებიან

მეზღვაურთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სტანდარტებით, როდესაც გემთმფლობელსა და მეზღვაურს შორის წერილობითი ხელშეკრულება ფორმდება, ის ორივე მხარისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს შედგენილი. ასევე უნდა შეთანხმდეს სამუშაო ვადები და გრაფიკი, ხელფასის ოდენობა და თანხა, რასაც მეზღვაური დამატებითი სამუშაო საათების შესრულებისთვის მიიღებს. იმის გამო, რომ ქართველი მეზღვაურები დაბალი კვალიფიკაციის კადრებად ითვლებიან, ორივე მხარე საერთაშორისო სტანდარტის გვერდის ავლით ცდილობს შეთანხმებას, რაც უმეტეს შემთხვევაში სავალალოდ მთავრდება - დამსაქმებელი ქართველ მეზღვაურებს ართმევს პასპორტებს და თვეების განმავლობაში უხელფასოდ ამუშავებს. არის შემთხვევები, როდესაც მათ საეჭვო გარემოებებში სხვადასხვა ქვეყნის პორტებში აკავებენ და გასამართლების შემდგომ ციხეში გადაჰყავთ.

ვინ არის "დამსაქმებელი" ლაურა ჩადუნელი

ბოლო წლებში ამ სფეროში "ცნობილია" თურქეთის მოქალაქე ქართველი 45 წლის ლაურა ჩადუნელი, რომელიც მეზღვაურების არალეგალურ დამსაქმებლად ითვლება და მისი "დამსახურებით" არაერთი ქართველი მეზღვაური მოატყუეს ან მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში მიატოვეს. მის სახელს უკავშირდება 2012 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოტყუებით შეყვანილი ქართველი მეზღვაურების: გიორგი საპანაძის, მანუჩარ ბოლქვაძის, აზიზ ვარშანიძისა და სულხან ცეცხლაძის საქმე. ისინი პანამის დროშით მცურავი თურქული გემის ეკიპაჟის წევრები იყვნენ და სოხუმის პორტში ტყვეობაში წელიწადზე მეტხანს უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ექვსთვიანი ხელშეკრულების მიხედვით, ეკიპაჟი ბულგარეთის პორტში უნდა შესულიყო, თუმცა ქართველი მეზღვაურები ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ისინი დამსაქმებელ ლაურა ჩადუნელს ადანაშაულებდნენ.

საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა მეზღვაურებს, არ ეთანამშრომლათ ლაურა ჩადუნელთან, თუმცა უშედეგოდ, ის მაინც ახერხებს თურქეთიდან ბათუმში იაფი ქართველი მუშახელის შოვნას.

ჩვენი ინფორმაციით, ჩადუნელი საქმიანობას კვლავაც განაგრძობს.

მსოფლიოს ციხეებში გაფანტული ქართველი მეზღვაურები

მიუხედავად იმისა, რომ ვითარებას ართულებს საომარი მოქმედებები ლიბიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაპატიმრებული მეზღვაურების გამოსახსნელად დიპლომატიური არხებით მუშაობს. ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ლიბიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრაზეც. საქართველოს მოქალაქეების ინტერესს სასამართლოზე ჩვენი სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ადვოკატი იცავდა. საჭიროების შემთხვევაში პატიმრებს უგზავნიან თანხას, პირადი მოხმარების საგნებსა და მედიკამენტებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომან კაკალაძისა და გენადი კომახიძის გარდა, ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში დაკავებულია კიდევ სამი ქართველი მეზღვაური (გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უწყება მათ ვინაობას არ ახმაურებს).

2018 წლის ოქტომბრის მიწურულს ესპანელმა სამართალდამცავებმა ღია ზღვაში დააკავეს მოლდოვის დროშით მცურავი გემი Breath-ი, რომელსაც 1400 კგ კოკაინი გადაჰქონდა. დააპატიმრეს გემის ეკიპაჟი, რომლის უმრავლესობას თურქეთის მოქალაქეები შეადგენდნენ, მათ შორის იყო ერთი ქართველიც. მათ საქმეს მადრიდის სასამართლო განიხილავს. ესპანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და დაკავებული მეზღვაურის ადვოკატთან სისტემატური კავშირი აქვს. 2019 წლის მაისში მან მოინახულა პატიმარი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და საპატიმრო პირობები დამაკმაყოფილებელია. საჭიროების შემთხვევაში ის საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს პირად სატელეფონო ნომერზე უკავშირდება, საკონსულოს თანამდებობის პირს კი მუდმივი სატელეფონო კავშირი აქვს მისი ოჯახის წევრებთან.

2019 წლის 2 თებერვალს პორტუგალიაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანის ბრალდებით დააკავეს საზღვაო ხომალდი Sea Scan 1, რომლის ეკიპაჟის ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, გემთმფლობელი კომპანიის სათავო ოფისი კიევში მდებარეობს.

ლისაბონის პოლიციის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, მეზღვაური დაკავების საკანში დარჩება სასამართლოს ჩატარებამდე (8 თვე, 1 წელი). პორტუგალიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეს საკონსულო დაცვას უწევს, ხოლო კონსული (პატიმრისა და ოჯახის წევრების თხოვნით) კვირაში ერთხელ ნახულობს. ქართველ მეზღვაურს სახელმწიფო ადვოკატი ჰყავდა, შემდეგ მისი და ოჯახის წევრების სურვილით კერძო ადვოკატი აუყვანეს. საქმის გამოძიება დასრულებულია და განსახილველად ლისაბონის სასამართლოს გადაეცა.

კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც გემ CARIB PALM-ზე მუშაობდა, საფრანგეთის ქალაქ ლილის პოლიციამ 2015 წელს დააკავა. გემზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს. ამჟამად ქართველ მეზღვაურს ქართულენოვანი კერძო ადვოკატი ემსახურება. ის სასჯელს პარიზის ციხეში იხდის.

მარშალის კუნძულების დროშით მცურავ თურქულ გემზე (MV Dogan Bey) მომუშავე რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე, რომლებიც ლიბიაში დააპატიმრეს, სამშობლოში აპრილში დაბრუნდნენ. იმავე გემის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე გვიან ღამით მორიგეობის დროს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა და მისი ცხედარი რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდგომ იპოვეს. გამოძიება დაიწყო, თუმცა როგორ გაგრძელდა, ცნობილი არ არის. 4 ნოემბერს აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკაში ბერძნულ ტანკერ elka aristotle-ს მეკობრეები დაესხნენ თავს და 4 მეზღვაური გაიტაცეს. მათგან 1 საქართველოს მოქალაქეა, 1 საბერძნეთის და 2 ფილიპინების. გემთმფლობელი კომპანია ამ დრომდე ელოდება გამტაცებლებისგან კავშირს.