"ჩემს შვილს როგორ მივიყვან ფსიქიატრთან, რა სჭირს საამისოო"
"ჩემს შვილს როგორ მივიყვან ფსიქიატრთან, რა სჭირს საამისოო"
იაფად გაყიდული სიცოცხლე

"ყველაზე დიდი უბედურება - სუიციდური ტენდენცია გამოწვეულია ფსიქიკური მდგომარეობით, რასაც ხელს უწყობს ნარკოტიკი, რომელიც უფრო აღრმავებს ემოციებს"

"მინდა გიამბოთ ჩემი წუხილის შესახებ. სიტუაცია ეხება პაციენტებისგან მოსმენილ ისტორიებს, თუ როგორ ერთობიან 13-16 წლის ბავშვები. მათ ინტერნეტით შეუძლიათ გამოიწერონ სხვადასხვა ნარკოტიკი, რასაც ემატება ნარკოტიკის ზემოქმედების დროს კომპიუტერული თამაშები. ძირითადი ნივთიერება, რაზეც გეიმერებს ხელი მიუწვდებათ, არის სპაისები, რომლებიც ძალზე მძიმე სინთეტიკური საშუალებებია. სამწუხაროდ, მოზარდებმა არ იციან, რასთან აქვთ საქმე", -
წერდა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.

- ბატონო ზურაბ, რით ერთობიან 13-16 წლის მოზარდები?

- ბავშვების ერთი კატეგორია გატაცებულია ინტერნეტთამაშებით, გეიმერები არიან და ბევრი თამაშის დროს ნარკოტიკულ საშუალებებს იყენებს, ძირითადად, სპაისებს (მოსაწევი ნარევები, რომლებიც მარიხუანას სინთეტიკური ვარიანტია), რომელიც ტოქსიკურია და რეალობის აღქმას
ამძაფრებს. სპაისები ხელმისაწვდომია - ინტერნეტში უამრავი არალეგალური პლატფორმაა, სადაც მოზარდებს შეუძლიათ მათი გამოწერა და იაფიც ჯდება. შემდეგ მოზარდები ერთმანეთს უზიარებენ ნარკოტიკს და ამას გასართობ საშუალებად თვლიან.

ამ ასაკის ბავშვებში სპაისების გავრცელება ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან თვლიან, რომ ეს უვნებელი მოსაწევი ნარევია. დღევანდელი ინტერნეტიც იძლევა იმის საშუალებას, რომ კარგად შეისწავლონ და თვითონაც დაამზადონ სპაისები ქიმიური საშუალებებისგან, რომლებიც იყიდება აფთიაქებში, თუმცა, როგორც ამბობენ, მათთვის გამოწერა-შეძენა უფრო იოლია.

- კონკრეტულად, რომელ ნივთიერებებს­ გულისხმობთ?
- შავ ბაზარზე დღეში ასი ასეთი ნივთიერება ხვდება და რადგან არავინ აკონტროლებს, მათი მოპოვება-გავრცელება იოლია. სპაისებს აქვთ კოდური სახელები­, უფრო სწორად, კოდური ციფრებით ან ასოებით შედგენილი სახელები. დღეს მსოფლიოში არ იციან, ეს რა ნივთიერებებია, რას შეიცავს, რა ტოქსიკური ეფექტი აქვს და ა.შ. მათმა ერთჯერადად მოხმარებამაც კი შეიძლება მძიმე გართულებები გამოიწვიოს.
საიტებზე ვრცელდება რეკლამები, რომ ეს არის მარიხუანას მსგავსი, არ არის მავნებელი, მხოლოდ გასართობი საშუალება და ა.შ., მაგრამ ეს ინფორმაცია მცდარია. არავინ იცის, რა ნივთიერებებია, რას შეიცავს, რა კომპონენტებისგან შედგება ან რაზე მოქმედებს.

მათი მოხმარების შედეგად ბავშვებს უჩნდებათ აგრესია, სუიციდური აზრები, გაურბიან ურთიერთობას, არ გადიან სახლიდან და ა.შ. ამასთან გამკლავება ძალიან რთულია, ვინაიდან ყველა მშობელს ჰგონია, რომ მისი ჩაკეტილი შვილი კომპიუტერით თამაშობს და არაფერს აშავებს. მერე ჩნდება პრობლემები - ხასიათის ცვლილება, ნერვული აშლილობა, დეპრესია, ბავშვებს არ უნდათ სწავლა, არც სკოლაში სიარული. ისინი მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ, იქ ცდილობენ თავიანთი ემოციების გაზიარებას და საბოლოოდ ძალზე მძიმე შედეგებამდე მიდიან. ვითარდება რთული ფსიქოპათოლოგია, რასაც მშობლები ხშირად გარდატეხის ასაკს აბრალებენ და არა ნარკოტიკს.

- რას უნდა მიაქციოს მშობელმა ან მასწავლებელმა ყურადღება, რა სიმპტომებია საეჭვო?
- მოზარდის მუდმივად ვირტუალურ სამყაროში ყოფნა უკვე დასაეჭვებელია. ასევე­ საყურადღებოა ჩაკეტილობა, ხასიათის ცვალებადობა (ზედმეტად აღგზნებული ან პირიქით, დეპრესიული ფონი), მარტო ყოფნის სურვილი, უძილობა, ფულის მოთხოვნა, რომელიც, წესით, არ სჭირდებათ, პანიკური შიში და ფობია, თავის ტკივილი და არტერიული წნევის ცვალებადობა, არარეალისტური აზრები და იდეები, სუიციდის შესახებ მსჯელობა, სკოლაში სიარულისა და სწავლის სურვილის დაკარგვა, მეხსიერების პრობლემები, კონფლიქტურობა, ჰიგიენის პრობლემები და ა.შ.
გეიმერობაც აზარტულია და დამოკიდებულებაა, არაფრით განსხვავდება სხვა ვირტუალური აზარტული თამაშებისგან. თუ ეს საქმიანობა გართობას გასცდება, მოზარდისთვის 24-საათიან საქმიანობად იქცევა და ცვლის მის ხასიათს, არ არის გამორიცხული, საქმეში ნარკოტიკი ან ალკოჰოლი იყოს ჩარეული.

ყოფილან მშობლები, რომელთაც უთქვამთ,­ რა მოხდა, ბავშვი საღამოს ერთ კათხა ლუდს სვამს და თამაშობსო. რატომ უნდა სვამდეს 14-16 წლის ბავშვი ყოველ საღამოს კათხა ლუდს?

- კლინიკაში მოზარდების მომართვიანობა ხშირია?
- დიახ, მოიმატა, რამაც შეგვაშფოთა.­ ჩვენი პაციენტები არიან როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. ბავშვები ჰყვებიან, რით და როგორ ერთობიან. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, როცა თვლიან, რომ ეს არ არის მავნებელი. ამას ემატება ინტერნეტის შავი ბაზარი.

ხშირად მოზარდს რთული და ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.
მთავარია, ადამიანმა გააცნობიეროს, რა პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ ბავშვს უჭირს ამის გაცნობიერება. ამისთვის არის მშობელი, პედაგოგი, რომლებიც უნდა დაეხმარონ მათ.

- თქვენს პრაქტიკაში რა ყოფილა ყველაზე უარესი, რაც მოზარდების ამგვარ "გართობას" მოჰყოლია?
- ყველაზე საშიში ფსიქიკური პრობლემებია, რომლებიც შეიძლება ისე გამწვავდეს, სუიციდი გამოიწვიოს. გარდა ამისა, როცა მოზარდს აღარ დააკმაყოფილებს ეს ნივთიერებები, შეიძლება უფრო მძიმე ნარკოტიკებზე გადავიდეს. სამწუხაროდ, მშობლები უკვე მძიმე სტადიაზე მოგვმართავენ, არადა, საწყის ეტაპზე დახმარება უფრო იოლია.

არსებობს სტიგმა - ჩემს შვილს როგორ მივიყვან ფსიქიატრთან, რა სჭირს საამისოო და მიდიან ნევროლოგებთან, ისინი კი ფსიქიატრებთან გზავნიან, ვინაიდან ხედავენ, რომ ეს ფსიქოპათოლოგიაა. ყველაზე დიდი უბედურება - სუიციდური ტენდენცია გამოწვეულია ფსიქიკური მდგომარეობით, რასაც ხელს უწყობს ნარკოტიკი, რომელიც უფრო აღრმავებს ემოციებს. აAრ არის გამორიცხული, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებმა არაფხიზელ მდგომარეობაში ვიღაცის ბრძანებები, დავალებები შეასრულოს (ვგულისხმობ საეჭვო თამაშებს).

- რამ მოიტანა ეს პრობლემები და როგორ უნდა ვებრძოლოთ?
- პრევენციის არარსებობამ, ინფორმაციის ნაკლებობამ... ამას ხელს უწყობს სოციალური მდგომარეობაც, ამ პრობლემისადმი მშობლების არასწორი მიდგომა, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში უყურადღებობა, სტიგმატიზებული, აკრძალული თემების არსებობა, ბავშვებსა და მშობლებს შორის დისტანცია, მშობლების არაკომპეტენტურობა...

არ უნდა ხდებოდეს ნარკოტიკის, ალკოჰოლის და აზარტული თამაშების პროპაგანდა, ეს კანონით უნდა ისჯებოდეს. გარდა ამისა, აუცილებელია ბავშვების ჩაბმა მათთვის საინტერესო საქმიანობაში, ოღონდ ისე არა, რომ ისინი გამოიფიტონ. უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი, თუ არადა, მიმართო სპეციალისტს, რომელიც ასეთი ბავშვის პრობლემას ამოიცნობს და მისი ქცევის, აგრესიის, ემოციის შეცვლას შეძლებს, რათა მდგომარეობა არ გართულდეს და ფსიქოპათოლოგიად არ იქცეს.

ეს რთული და კომპლექსური სამუშაოა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოც უნდა ზრუნავდეს პრევენციაზე და ჰქონდეს შესაბამისი პროგრამები.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები