"გვქონდა შემთხვევები, როდესაც ქმრისგან ნაცემი ქალი თავად ქცეულა მოძალადედ" - კვირის პალიტრა

"გვქონდა შემთხვევები, როდესაც ქმრისგან ნაცემი ქალი თავად ქცეულა მოძალადედ"

"როდესაც ბავშვი ოჯახურ გარემოში ფიზიკური ძალადობის მოწმეა, ფსიქიკა იმდენად ენგრევა, გარანტია არ არის, რომ ის მომავალში თავად არ გახდება მოძალადე"

მაინც სად არის ან როგორია იმ ძალადობის სათავე, რომელიც დღეს უამრავ ჩვენგანს ანგრევს, მათ შორის ემოციური ძალადობისაც, რომელმაც ლამის მთელი საზოგადოება წაგვლეკოს, - ძალადობა ხომ მხოლოდ ოჯახში ჩხუბი არ არის, სადაც სამყარო თვალცრემლიანი პატარების თვალწინ ინგრევა! არადა, როგორც ირკვევა, ძალადობა უმთავრესად სწორედ აქ იბადება - ოჯახებში, სადაც ოჯახის წევრების ძალადობით დათრგუნვილი ბავშვები ბრაზს გულში იმარხავენ, მერე კი აცოცხლებენ და ახალ-ახალი მსხვერპლიც ჩნდება. ღამით, როცა ბევრ ჩვენგანს ტკბილად სძინავს, უამრავი თავშესაფარი ივსება ძალადობის მსხვერპლებით, რომლებიც პოლიციას ოჯახებიდან გამოჰყავს. მათი თავგადასავლები იმდენად მძიმეა, რომ თავშესაფრების მრავლისმნახველ ფსიქოლოგებსაც უჭირთ მოსმენა.

ელზა პანკრატოვა, ფსიქოლოგი:

- ბოლო დროს გამოქვეყნებულმა "112"-ის სამსახურის ჩანაწერებმა, რომლებშიც მოძალადე ქმრებისგან განწირული ქალების კივილი ისმის, საზოგადოება შეზარა. ნუთუ ადამიანებს ამდენად ხშირად აქვთ ასეთი სასოწარკევთის წუთები?

- იმდენად ხშირად, რომ, მაგალითად, გორში გახსნილ თავშესაფარში, სადაც ვმუშაობ, ძალადობის მსხვერპლი უამრავი ქალია. ამიტომაც სხვა თავშესაფრის მოძიება ხშირად გვიწევს. თუმცა ერთი სიკეთე მაინც შეიმჩნევა - მომრავლდნენ ადამიანები, ვინც შეიგნო, რომ მოძალადეს თავი არ უნდა მოაკვლევინოს, რადგან საშველი ყოველთვის არსებობს, თუკი მოგვმართავენ. ხშირად გვირეკავენ მოძალადის მეზობლებიც, რომლებიც დახმარებას გვთხოვენ. რაც მთავარია, პოლიციის მისვლისას მოძალადეებს უკვე აღარ აფარებენ ხელს მეუღლეები.

- ზოგჯერ ქალი კვლავ მოძალადეს უბრუნდება, ამის მიზეზი რა არის? იქნებ შვილები, რომლებიც მსხვერპლ დედას არ თანაუგრძნობენ და როდესაც დედა ოჯახიდან მიდის, მოძალადე მამასთან რჩებიან. - ყველა მათგანს საშინელი პროტესტი აქვს მოძალადე მშობლის მიმართ, მაგრამ მათ ორივე მშობელი უყვართ, არჩევნის გაკეთებისას კი იტანჯებიან.

მოძალადესთან დარჩენის სურვილს სხვა ასპექტებიც აქვს, ისე კი, არც ისე ბევრი შემთხვევაა, როცა შვილები დედებს თავშესაფარში არ მიჰყვებიან. ჩვენ ამ ქალებს, შვილებთან თუ შვილების გარეშე, ცალკე ოთახში ვათავსებთ და ვერავინ გაბედავს მისი სიმშვიდის დარღვევას. შემდეგ კი რომელიმე პროფესიას შევასწავლით და სამსახურს გამოვუძებნით.

როცა მსხვერპლი თავშესაფარში ხვდება, იქ ინსტრუქცია უტარდება იმის შესახებ, როგორ აიშოროს მოსალოდნელი უბედურება. ასეთ დროს ყოფილ მეუღლეებს არათუ მიახლოება, არამედ სატელეფონო ზარიც ეკრძალებათ. თუ მოძალადე დაარღვევს აკრძალვას, პირველივე შემთხვევაში პოლიციის გამოძახებაა აუცილებელი, რათა მოძალადემ პასუხი აგოს. საუბედუროდ, რეაგირება იგვიანებს და უბედურების თავიდან აცილება ვეღარ ხერხდება. რატომ მიიწევს მსხვერპლი ხშირად ისევ მოძალადისკენ, ესეც რთული ფსიქოლოგური საკითხია. ძნელი ასახსნელია.

ხშირად მოძალადესა და მსხვერპლს შორის იბმება უხილავი ჯაჭვი, რომლის გაწყვეტა უძნელესია მიუხედავად ჩვენი შეგონებებისა. ამ ჯაჭვის აგებულება კი ასეთია: როგორც მოძალადეს სჭირდება მსხვერპლი, ასევე მსხვერპლსაც სჭირდება მოძალადე. მოძალადე მუდამ ცდილობს დაიბრუნოს მსხვერპლი და, პირიქით, მოძალადე მსხვერპლსაც "ენატრება".

ამიტომ ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, რათა ადამიანი მოძალადედ არ იქცეს. რა თქმა უნდა, ეს მოზრდილობაშიც შეიძLლება მოხდეს, მაგრამ ქცევები, ძირითადად, ბავშვობიდან იღებს სათავეს.

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ძალადობა დაბალი სოციალური ფენის ხვედრია, თუმცა არაერთ წარმატებულ ადამიანს დასჭირვებია ძალადობისგან რეაბილიტაცია.

- ახლახან ოჯახურ ძალადობაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეც ალაპარაკდა. - ძალადობისაგან დაზღვეული არავინ არის. როდესაც ბავშვი ოჯახურ გარემოში ფიზიკური ძალადობის მოწმეა, ფსიქიკა იმდენად ენგრევა, გარანტია არ არის, რომ ის მომავალში თავად არ გახდება მოძალადე. მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ მის გვერდით ისეთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც მას დაეხმარება. თუ ასეთი ბავშვი მოძალადედ იქცა, შემდეგში ის სხვებზე იძალადებს.

ასეთ დროს ადამიანის ტვინში მრავალი ისეთი რეაქცია ხდება, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება.

ხშირად ბავშვობიდან მოდის ე.წ. დასწავლილი ძალადობაც, მაგალითად, როდესაც ოჯახში განუწყვეტლივ აგონებენ პატარას, რომ ის მუქთახორაა, არაფრისმაქნისი და მახინჯი. ასეთი "დასწავლილი უმწეობის" "მზითვით" დაქორწინებული ადამიანი ძალიან ხშირად ხდება მოძალადე მეუღლის მსხვერპლი - როდესაც მას უკვე მეუღლეც უვარგისს, უმაქნისსა და მახინჯს უწოდებს, მას სჯერა, რომ მართლაც ასეთია.

ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ქმრისგან ნაცემი ქალი თავად ქცეულა მოძალადედ. ერთ-ერთმა, როდესაც ნაცემი თავშესაფარში გადმოვიყვანეთ, უკვე თავად სცემა მცირეწლოვან შვილს ფლოსტებით. ბავშვი სულ დალურჯებული იყო..

- ჩვენს საზოგადოებში შვილებზე ძალადობის არაერთი მაგალითია. რამდენიმე წლის წინ მსგავსი რამ ნატახტარშიც მოხდა - დედამ შვილი შეშით ცემისას მოკლა. - სამწუხაროდ, დედებიც შეიძლება იყვნენ მოძალადენი, თანაც შვილების სიყვარულის სახელით. თავშესაფარში გვყავდა 16 წლის გოგონა, რომელიც თავშესაფარს დედისგან აფარებდა თავს. გოგონას დედა არა მარტო სცემდა, ისე ლანძღავდა, ის იძულებული გახდა დედისგან თავის დაღწევაზე ეფიქრა.

- დედა ამ შემთხვევაში როგორ მოიქცა? - თავდამცავი არგუმენტი ასეთ დროს ის არის, რომ დედა ამას იმიტომ აკეთებს, რომ შვილი უყვარს და უნდა "გზაზე დააყენოს". ჩვენ ამ დროს ვცდილობთ ბავშვის ბიოლოგიური ნათესავს დავუკავშირდეთ, რომელიც ბავშვს დაეხმარება და თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ თავად ვპატრონობთ.

- ფიზიკური ძალადობის შემთხვევები შეიძლება უფრო მრავალფეროვნად მოვიაზროთ, განსაკუთრებით, არაქართულენოვან სოფლებში, სადაც მამები არასრულწლოვან გოგონებს ათხოვებენ. სწორედ ახლახან კახეთის არაქართულენოვან სოფელში 16 წლის გოგონამ პოლიცია იმიტომ გამოიძახა, რომ მამა იძულებით ათხოვებდა. ამავე სოფლებში ნაადრევი ქორწინების იძულებით მამები შვილებს სცემენ კიდეც. - ხელით შეხება სულაც არ არის აუცილებელი, რომ მამა შვილზე მოძალადედ იქცეს. როდესაც მამა შვილების თვალწინ დედას სცემს, ეს ემოციური ძალადობაა, რომელიც სულს დაღს ასვამს. ჩემს პრაქტიკაში მსგავსი ძალადობის მაგალითი უხვად არის, როგორც ქართულენოვან, ასევე არაქართულენოვან სოფლებშიც. ჩვენ გვქონდა შემთხვევე]ა, როდესაც მამამ არასრულწლოვან შვილს ქვები თავში მხოლოდ იმიტომ დაუშინა, რომ მან ისე ვერ გააკეთა რაღაც, როგორც მამას უნდოდა.

ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როცა ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვი დაიბადა და ამით გაღიზიანებული მამა ცოლსაც სცემდა და ბავშვსაც. სწორედ ახლახან შემოგვიერთდა სხვა ეროვნების 16 წლის გოგონაც, რომელსაც მამა და დედინაცვალი 45 წლის კაცზე ათხოვებდნენ. ეს ტრაგედიაა, თუმცაღა, როცა მოწმე ვხდებით, როგორ თვალდათვალ იცვლებიან ძალადობისგან თავდახსნილი ადამიანები, როგორი გახდნენ მას შემდეგ, რაც ძალადობას მოერივნენ, ეს ბედნიერებაა და ამავე დროს სტიმულიც ჩვენს მძიმე საქმეში.