"მე ვერავინ გამომიყენებს..." - კვირის პალიტრა

"მე ვერავინ გამომიყენებს..."

მაკო გომური: "სად არის ის პირი, ვინც მესროლა, ის უნდა დაისაჯოს"

18 წლის მაკო გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი დღემდე არა აქვს. ოფიციალური მონაცემებით, აქციის დროს სულ 275 კაცი დაშავდა, მათ შორის 187 სამოქალაქო პირი, შსს-ს 73 თანამშრომელი და 15 ჟურნალისტი. 28 კაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ტრავმის შედეგად ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, მაგრამ ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 4 სამოქალაქო პირს აქვს მინიჭებული, შსს-ს 67 თანამშრომელი კი დაზარალებულად ცნეს. დაზარალებულად ცნობას უშედეგოდ ელოდება მაკო გომური. მან რამდენიმე დღის წინ "ფეისბუკზე" დაწერა: "4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო... ანუ -30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?"

მაკო გომურს უამრავი კითხვა აქვს გამოძიებასთან: - 4 თვის შემდეგ, ახლა მოითხოვა პროკურატურამ ჩემი დების დაკითხვა. მეც დამირეკა გამომძიებელმა და ექსპერტის კითხვები გადმომცა. თურმე ჩემი საქმის გამოძიება 5 ნოემბერს დაიწყო. ექსპერტს ჩემთან ერთადერთი შეკითხვა ჰქონდა, დავკარგე თუ არა ჯანმრთელი თვალი. გამაღიზიანა ამ კითხვამ, მე მხოლოდ მხედველობა კი არა, მთლიანად თვალი დავკარგე, ერთიანად ამომიღეს. ეს თვეები პროკურატურა არც შეგვხმიანებია. ჩვენ რომ გვეგონა, ექსპერტიზა გაჭიანურდა, თურმე არც დაწყებულა. როცა ვკითხე გამომძიებელს, რატომ არ დაიწყო გამოძიება-მეთქი, მიპასუხა, იცით, თქვენ გარდა კიდევ რამდენია დაზარალებულიო... ამ ხნის განმავლობაში სულ იმის მოლოდინში ვიყავი, რომ დამნაშავეს დასჯიდნენ... ილიას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ, თან დასაკრავ ინსტრუმენტზე, დრამზე დავდივარ და ვცდილობ სხვა საქმეზე გადავერთო, მაგრამ იმ ღამეს მაინც ვერ ვივიწყებ.

- ხომ არ ნანობ, იქ რომ იდექი?.. - თვალი დავკარგე, მაგრამ შეიძლება ბევრს ავუხილე და რეალობა დავანახე...

იმ დღეს დილიდან სამსახურში ვიყავი, მაღაზიაში ორ ცვლაში ვმუშაობდი. 12-ის ნახევრისთვის დავურეკე ჩემს დებს, მითხრეს, აქციაზე ვართო. მეც მივედი რუსთაველზე... ასე დახვდე იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც ყოველდღე გართმევს მიწებს, სირცხვილია! ჩემი დები დადიოდნენ აქციებზე, ოკუპირებულ საზღვარზეც ბევრჯერ გაუპროტესტებიათ, მე კი პირველად მივედი აქციაზე... ტყვია რომ მომხვდა თვალში და ხელი მოვიკიდე, მივხვდი, თვალი აღარ მქონდა. საშინლად ჩამრჩა გონებაში ის დაბურული სივრცე, სროლა, ყვირილი. რამდენიმე დღე მხოლოდ ეს მესიზმრებოდა, საშინელი კოშმარი. ბევრი რამე გადავიტანე - ოპერაციები, ტკივილი... ვცდილობ დავივიწყო, მაგრამ მაინც მახსენებს თავს, მით უფრო სახელმწიფოსგან რომ დაგატყდება თავს...

- სახელმწიფოს პოზიცია ცნობილია, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი, პოლიციაზე თავდასხმა, რომ აქციის მონაწილეები ქვებს ისროდნენ. თქვენზეც ითქვა, კანონს არღვევდაო... ქვების სროლა გამართლებული იყო? - როცა მე მესროლეს, მაშინ კანონს არავინ არღვევდა, საფრთხეს არავინ წარმოადგენდა.

- ოპოზიცია ხშირად იყენებს თქვენი დაშავების ფაქტს ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს ხომ არ გაღიზიანებთ? - მე ვერავინ გამომიყენებს. მე პოლიტიკური მიზნებისთვის კი არა, საღი აზრისთვის ვიბრძვი.

- პროკურატურამ უპასუხა თქვენს სტატუსს და განმარტა, რომ მხოლოდ სტანდარტული კითხვები დაგისვეს. - ჩემთვის ეს დამამცირებელი იყო.

- როგორ ფიქრობთ, მოგანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს და დაისჯება დამნაშავე?

- ალბათ, ეს დღეს და ხვალ არა, მაგრამ დაუსჯელი არავინ დარჩება.

- გახარია პრემიერ-მინისტრად რომ აირჩიეს, მაშინ თქვენი ემოციური წერილი გავრცელდა, დღეს რას ეტყოდით პრემიერს? - დღეს არაფერს, რადგან ჩემს სიტყვას მისთვის აზრი არა აქვს, არც ჩემთვის ნიშნავს რამეს მისი დამოკიდებულება ჩემდამი. იმ დღეს ბევრი დაშავდა, გამოძიება ჩემი საქმით დაიწყებოდა თუ სხვისით, ეს მეორეხარისხოვანია, მაგრამ თუ იმ პოლიციელის საქმით დაიწყეს, რომელმაც მესროლა და ის უკვე ჰყავთ დაზარალებულად ცნობილი, ეს შეურაცხმყოფელია.

- როგორია შენი ერთი დღე, რა გატაცებები გაქვს, რა გეგმები და სურვილები? - ძალიან მიყვარს ცხოველები, მყავს სამი კატა და ზაზუნა. დილას მათი მოვლით ვიწყებ. მერე ლექციებზე ან დრამის გაკვეთილზე მივდივარ, ზოგჯერ ფსიქოლოგთან ვარ მისასვლელი. თუ დრო გამოვნახე, მეგობრებთან ერთად ვარ. საღამოობით ვმეცადინეობ. ფსიქოლოგიას ვსწავლობ და სწავლის დასრულების შემდგომ ძალიან მინდა ბავშვებთან ვიმუშაო.F

- შენი სპეციალობა დაგეხმარა სტრესთან გამკლავებაში? - ახლა იმდენად აღარ მიჭირს. დეკემბერში სამკურნალოდ ისევ გერმანიაში მივდივარ. მკურნალობა სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, თუ უარი არ მითხრეს, ყველაფერია მოსალოდნელი. მერე წელიწადში ერთხელ დამჭირდება კონსულტაცია.

- თუ არ გცნეს დაზარალებულად, რა იქნება შემდგომი ნაბიჯი? - ბრძოლას ევროსასამართლოში გავაგრძელებ. ბევრი ადამიანი მიდგას მხარში, მამხნევებენ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, მათ გადამატანინეს ეს ოთხი თვე... ისე, მართლა მაინტერესებს, სად არის ის პირი, ვინც მესროლა, ის უნდა დაისაჯოს.

თეა ხურცილავა