"პოლიციაში დამიბარეს. დაიწყო ჩემზე ზეწოლა, დამახვედრეს გამზადებული ჩვენება" - რას აცხადებს ყანდაურაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე - კვირის პალიტრა

"პოლიციაში დამიბარეს. დაიწყო ჩემზე ზეწოლა, დამახვედრეს გამზადებული ჩვენება" - რას აცხადებს ყანდაურაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე

ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, თელავის რაიონულ სასამართლოში 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა და უმცროსი ომარ გამყრელიძე 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროცესის მიმდინარეობისას, კვლავ ბრალდების მხარის მოწმე, სოფელ ყანდაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნანა ტაველიშვილი დაიკითხა. მასთან კითხვები ქონდა ყველა მხარეს.

პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი ტაველიშვილს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე უსვამდა კითხვებს. მოწმემ დეტალრად გაიხსენა მკვლელობის დღეს გამყრელიძეების სახლში არსებული ვითარება.

დღევანდელ სხდომაზე გახმაურებული საქმის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მოწმემ განმარტა, რომ მომხდარის დღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ხელი ემოციურ მდგომარეობაში მყოფმა მოაწერა. ვითარების შესწავლის შემდეგ კი, დათვალიერების დასრულების ოქმზე ხელმოწერის გაუქმება და პირვანდელი ჩვენების შეცვლა მოითხოვა.

ამასთან, ტაველიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ სამხარეო პოლიციაში დაიბარეს და დაემუქრნენ, რომ მათთვის სასურველ ჩვენებას ხელი მოეწრა. მოწმე განმარტავს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები კახეთის მთავარ სამმართველოში 4 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

"13 მაისს კახეთის სამხარეო პოლიციაში დამიბარეს. მისვლისთანავე დაიწყო ჩემზე ზეწოლა, დამახვედრეს გამზადებული ჩვენება შაბლონის სახით. მე ხელი არ მოვაწერე და განვუმარტე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იქ არ ვყოფილვარ, მე მხოლოდ ვიყავი მტკიცებულებების დალუქვის დროს. მე რომ უარი განვაცხადე ხელის მოწერაზე, დაიწყეს მუქარა, მახსენებდნენ, რომ საჯარო მოხელე ვიყავი, ჩემს ოჯახსაც შეეხნენ, შემახსენეს, რომ მანქანით ვმოძრაობდი და დამიჭერდნენ. მთელი ეს მუქარები 4 საათი გრძელდებოდა. ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანე. ვითხოვდი ადვოკატთან დარეკვას. დამცინოდნენ, დარეკეო, მაგრამ ტელეფონი ჩამორთმეული მქონდა", - განაცხადა ნანა ტაველიშვილმა.

სასამართლო სხდომას ესწრება მხოლოდ უმცროსი ომარ გამყრელიძე, რაც შეეხება 85 წლის ომარ გამყრელიძეს, ავადმყოფობის გამო სასამართლოზე დასწრება ვერ შეძლო.

"ინტერპრესნიუსი"