"თამთა თოდაძე დედასთან ერთად აპირებს საზღვარგარეთ მოითხოვოს თავშესაფარი... შოუ ახლა იწყება!" - კვირის პალიტრა

"თამთა თოდაძე დედასთან ერთად აპირებს საზღვარგარეთ მოითხოვოს თავშესაფარი... შოუ ახლა იწყება!"

დაზარალებული თამთა თოდაძე დედასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლას აპირებს, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს, თითქოს მას დევნიან და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

როგორც კუბლაშვილი განმარტავს, სასამართლომ ილია ჯიშკარიანის დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომის ვადა 18 ნოემბრის ნაცვლად - 2 დეკემბრამდე გადაწია.

კუბლაშვილი აცხადებს, რომ მან უამრავი მტკიცებულება მოიპოვა, თუმცა, დამატებით სჭირდება გონივრული ვადა, რომ აიღოს სასამართლოს განჩინებები, რათა გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და შემხებლობაშია სისხლის სამართლის საქმესთან.

"პარასკევს, საკრებულოს სხდომის შემდეგ ილია ჯიშკარიანი შეუძლოდ გახდა, ჰქონდა ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში, მაგრამ უარი განაცხადა საავადმყოფოში გადაყვანაზე. შაბათს კი, ინფარქტის დიაგნოზით მოხდა მისი ტრანსპორტირება",- აღნიშნავს კუბლაშვილი.

მისივე განცხადებით, ჯიშკარიანის სიცოცხლის გადარჩენა სრულიად შემთხვევითმა გარემოებებმა განაპირობა.

"საკრებულოს სხდომაზე მან ისარგებლა სიტყვის უფლებით, კოლეგებს მიმართა, რომ ის აუცილებლად დაამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას. ნაციონალური პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატმა - ლილე ლიპარტელიანმა მას მოძალადე უწოდა და დემონსტრაციულად, პარტიის ყველა წევრთან ერთად დატოვა სხდომა. მისი თქმით, ამ უკანასკნელს გადადგომის შესახებ განცხადება უნდა გაეკეთებინა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგის გამართვას ვგეგმავ. აღნიშნულმა პიროვნებამ უხეშად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო პროცესის უმნიშვნელოვანეს პრინციპსა და დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოდგენილმა დეპუტატმა პირდაპირ განაცხადა, რომ პატივს არ სცემს და არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და პოლიტიკური შოუმენობის ხიბლში შესული ადამიანის სიკვდილზე პირდაპირი გაგებით აწერს ხელს. დეპუტატების დემონსტრაციულმა გასვლამ და უდანაშაულო ადამიანის დამნაშავედ გამოცხადებამ, ილია ჯიშკარიანს სტრესი მიაყენა.

დაზარალებული თამთა თოდაძე კი, სწორედ იმ დროს მივიდა საკრებულოში, როდესაც იცოდა, რომ ფრაქციის სხდომა მიმდინარეობდა და ილია ჯიშკარიანი შენობაში იმყოფებოდა. რა მიზანი იყო, თუ არა დასტური იმისა, რომ მანიპულაციები და შოუ გრძელდება, რასაც მე აუცილებლად ბოლოს მოვუღებ და ინფორმაცია, რომელიც მივიღე, დადასტურებულია - დაზარალებული დედასთან ერთად აპირებს წავიდეს საზღვარგარეთ და მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი, თითქოს მას დევნიან, მასზე იძალადეს და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას. ესეც არ გამოუვათ, ადამიანებს უნდა დავანახო ყველაფერი და დავამტკიცო, გავშიფრო სცენარი. ჯერ სად ხართ, შოუ ახლა იწყება, პროცესები 2 დეკემბრიდან განახლდება", - აცხადებს კუბლაშვილი.

ცნობისთვის, საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

იხილეთ ასევე: "რომელი ქვეყნის საკონსულოსთან დამინახა მარიამ კუბლაშვილმა?" - რას პასუხობს თამთა თოდაძე დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატს?

"ინტერპრესნიუსი"