"ქუჩაში ვიპოვე შემთხვევით, იცინოდა... მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის" - რას ამბობს მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა, ემზარ კვიციანი - კვირის პალიტრა

"ქუჩაში ვიპოვე შემთხვევით, იცინოდა... მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის" - რას ამბობს მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა, ემზარ კვიციანი

სამართალდამცავებმა 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადეს და ამ უმძიმესი ბრალდებით დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამ საკითხზე დავუკავშირდით დეპუტატ ემზარ კვიციანს, რომელიც ამბობს, რომ ბექა კვიციანი თავად დაარწმუნა ჩაბარებოდა პოლიციას.

"ბექა თავად ჩაბარდა პოლიციას. ვესაუბრე მას და დავარწმუნე, რომ ჯობდა ჩაბარებოდა. ქუჩაში ვიპოვე შემთხვევით, კერძოდ, სააკაძეზე ფეხით მიდიოდა და იქ გადავაწყდი. არაფერს ყვება, იცინოდა, არ ახსოვს არაფერი. მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის. ვფიქრობ, ჩასვამენ და უმკურნალებენ. მეტს ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა ემზარ კვიციანმა.

ცნობილია, რომ მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. პირველი წუთებიდანვე ცნობილი იყო, რომ ნოდარ ცხადაძესთან ერთად იმ დღეს სამსახურში, ისნის ბაზრობაზე ნახეს მისი მეგობარი ბექა კვიციანი. ისინი მანქანით ერთად წავიდნენ და მას მერე ეძებდნენ ორივეს. ბრალდებული ბექა კვიციანი მოკლულის ბავშვის ნათლიაა და დღემდე უცნობია, რა გახდა ამ უმძიმესი დანაშაულის მიზეზი. კვიციანი ადრე რამდენჯერმეა ნასამართლევი, სასჯელს იხდიდა ჯერ ოჯახური ძალადობისთვის და შემდეგ 2008 წელს, ხულიგნობისთვისაც დააკავეს. 2014 წელს კი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მიეცა პასუხისგებაში. (იხილეთ სრულად)