"ნასამართლევმა კაცმა სადილი ვეღარ უნდა მოიმზადოს?!" - კვირის პალიტრა

"ნასამართლევმა კაცმა სადილი ვეღარ უნდა მოიმზადოს?!"

როგორც ექსპერტები ამბობენ, ნულოვანი ტოლერანტობა ქართული მართლმსაჯულების ერთადერთი პრობლემა როდია. ქვეყანაში შეცდომის აღიარების შიში დამკვიდრდა, რადგან მუნდირის ღირსების "შემრცხვენელს" მოკვეთა არ ასცდება. ამბავი, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთ პარადოქსად შეიძლება მივიჩნიოთ.

ნიკა ლალიაშვილი, პარლამენტარი: - 17 წლის კახა ჯამალაშვილი ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადების შემდეგ, 2006 წელს დააპატიმრეს 62 ლარად ღირებული მობილურის ქურდობისთვის და სამი წელი მიუსაჯეს.  სასამართლომ, სრულიად მექანიკურად, განაჩენში სამი წლის მაგივრად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაწერა, არადა, მოსამართლემ სამი წელი გამოაცხადა. მაშინ ამ შეცდომას ყურადღება არავინ მიაქცია (როგორც ჩანს, ამ საქმეს ადვოკატმა ბოლომდე აღარ მისდია და განაჩენშიც არ ჩაიხედა), მაგრამ გავიდა ხანი და ის დიდ პრობლემად იქცა მას შემდეგ, რაც ჯამალაშვილმა სამწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა, მაგრამ მის გათავისუფლებას არავინ აპირებდა.

ჯამალაშვილის მშობლები რომ ვერაფერს გახდნენ,  ქრისტიან-დემოკრატებს მოგვმართეს.  არაერთი პრესკონფერენცია და ბრიფინგი ჩავატარეთ, მივმართეთ ყველას, პრეზიდენტს თუ დიპლომატიურ კორპუსს, მაგრამ ჩვენს კანონმდებლობაში არ აღმოჩნდა მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა შეცდომის გამოსწორება და ჯამალაშვილის გათავისუფლება. საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო, ჯამალაშვილი შეიწყალეს და დარჩენილი სამი წელი პირობით სასჯელად (სულ ტყუილად) შეუცვალეს.

კახა ჯამალაშვილი  ციხიდან გამოვიდა, ბინა ბანკში დააგირავა და ისანი-სამგორის ბაზრობაზე  ჯიხური აიღო იჯარით, სადაც  მეორადი ავტონაწილებით დაიწყო ვაჭრობა. ოჯახიც შექმნა, კაცი ადამიანურად ცხოვრებას აპირებდა, მაგრამ ვინ აცალა? ერთ დღეს ჯამალაშვილის დედა ისევ პარლამენტში რომ დავინახე და გავიგე, მისი შვილი ისევ დაუპატიმრებიათ, გავოგნდი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ხელახალი პატიმრობის მიზეზი შევიტყვე:

თურმე, სადილობის დროს ჯიხურიდან ტაბლა გარეთ გამოუტანია და ძეხვს ჭრიდა, პოლიციამ რომ დააკავა ცივი იარაღის უკანონო ტარებისთვის. სამი წელი მოსამართლის შეცდომის გამო ხომ პირობითი ჰქონდა, ამას დაუმატეს ცივი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებაც, რომელიც ორწლიან სასჯელს ითვალისწინებს და ხუთი წლით უკრეს თავი ციხეში.

ახალგაზრდა კაცს ძეხვის დაჭრა ხუთწლიან ციხედ დაუჯდა. ასე აღმოჩნდა ისევ ციხეში. ბავშვი ისე შეეძინა, თვალით არ უნახავს, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თვითონ იყო, ჰყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი მამა, ბინა დაგირავებული აქვს, რომლის  საფასურსაც ოჯახი ვეღარ იხდის და ბანკი საცაა წაართმევს. დარწმუნებული ვარ, ჯამალაშვილი იმის გამო დასაჯეს, რომ არ აპატიეს მათივე შეცდომის საქვეყნოდ გახმაურება.

ლაშა გოგიჩაიშვილი, კახა ჯამალაშვილის ადვოკატი: - პოლიციის თანამშრომლებმა კახა ჯამალაშვილი  იმ მომენტში დააკავეს, როცა ძეხვის დაჭრა დაასრულა და ხელში დანა ჰქონდა. მან დაწვრილებით აუხსნა პოლიციელებს ყველაფერი, მაგრამ არ მოუსმინეს, კანონში არ წერია, რომ ძეხვის დაჭრისთვის არ უნდა დაგაკავოთო(?!)... ასე რომ, ჯამალაშვილი დააკავეს, გააფორმეს დაკავების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ კახაბერ ჯამალაშვილი ავტონაწილების ბაზრობაზე, 259-ე ჯიხურთან დააკავეს.

ეს სწორედ ის ჯიხური იყო, რომელიც ჯამალაშვილს ჰქონდა ნაქირავები. როცა პოლიციაში გაიგეს, რომ ნასამართლევი იყო, 238-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი მიუყენეს და ციხეში გაამწესეს ცივი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, მაგრამ მოგვიანებით პოლიციელებმა ჩვენება შეცვალეს. განაცხადეს, რომ ჯამალაშვილი არა თავის სამუშაო ადგილზე, არამედ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს  დანით ხელში.

რომ ეთქვათ, ჯამალაშვილი თავის სამუშაო ადგილზე დავაკავეთო, პასუხისგებაში ვეღარ მისცემდნენ, რადგან ეს დანაშაული არ არის. ჯამალაშვილს უამრავი ადამიანი დაუდგა მოწმედ, დაადასტურეს, რომ ის სწორედ 259-ე ჯიხურთან დააკავეს, მაგრამ სასამართლოსთვის ორი პოლიციელის ყალბი ჩვენება უფრო სარწმუნო აღმოჩნდა.

- პოლიციელებს ჩვენების შეცვლისთვის არ მოსთხოვეს პასუხი?

- თქვეს, მაშინ ამას არ მივაქციეთ ყურადღება, ახლა გაგვახსენდა ყველაფერი, აღვიდგინეთ სურათი და აქედან გამომდინარე, ვაძლევთ სწორ ჩვენებას სასამართლოსო. ქართული კანონმდებლობით ამას ჩვენების შეცვლა ჰქვია, ამისთვის ნებისმიერ მოქალაქეს ხუთი წლით გაამწესებდნენ ციხეში. კონკრეტულ შემთხვევაში კი რა მივიღეთ? არც პროკურორს, არც სასამართლოს არ გასჩენია კითხვა, რატომ მისცეს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება პოლიციელებმა...

კანონში ვკითხულობთ:

238 პრიმა მუხლი:

1. "21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლეობის მქონე ან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება ისჯება ჯარიმით;

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით  მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე".

სხვა განმარტებები კანონში არ არის. არც ის წერია, სახელდობრ, რა ითვლება ცივ იარაღად.

ლაშა გოგიჩაიშვილი: "ჩვენდა სავალალოდ, კანონი გაუმართავია და დაკონკრეტება სჭირდება. ტელევიზიით ერთ გადაცემაში გვაჩვენეს დასაქმებული პრობაციონერები რესტორნის სამზარეულოში, ყველას ხელთ დანა ჰქონდა, აბა, როგორ იმუშავებენ სამზარეულოში? ამის პარალელურად კი კახა ჯამალაშვილი ძეხვის დაჭრის გამო დააპატიმრეს. სად არის ლოგიკა?

გამოდის, თუ მოესურვებათ, შეიძლება ნასამართლევ ადამიანს სამზარეულოში პურის დაჭრის გამოც კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ. ადრე კანონში დიფერენცირებული იყო, რომელი დანის ტარება და გამოყენება შეიძლებოდა და რომლის - არა. ახლა კი ასეთი არაფერი წერია. ე. ი. ნასამართლევმა კაცმა სადილი ვეღარ უნდა მოიმზადოს?!