ემზარ კვიციანის ძმისშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა - კვირის პალიტრა

ემზარ კვიციანის ძმისშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობაში ბრალდებულის, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილის, ბექა კვიციანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ნატო ხუჯაძე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს იხილავს.

კვიციანის ინტერესებს ადვოკატები ირმა ჭკადუა და შოთა მანელიძე იცავენ. სხდომის გახსნას დაეწყო ბრალდებულიც, თუმცა როგორც კი მხარეების შესახებ განმარტებების გაკეთება დაიწყო სხდომის მდივანმა, ბექა კვიციანი სკამიდან წამოდგა და სხდომის მდივანისა და დარბაზში მყოფი პირების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო.

საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა ის შებოჭეს, თუმცა მან კვლავ გააგრძელა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამიტომ მოსამართლემ მისი სასმართლო დარბაზიდან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დააყენა შუამდგომლობა სასამართლო პროცესის დახურვის შესახებ, რადგან როგორც მან განაცხადა, პროცესზე საუბარი იქნება ბექა კვვიციანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მათ არ უნდათ ეს საზოგადოებისთვის საჯარო გახდეს, რადგან ეს არის პირადი ინფორმაცია. ადვოკატმა ასევე მოითხოვა სხდომა ბრალდებულის გარეშე ჩატარებულიყო, რადგან ის აგრესიულია და ვერ შეძლებს პროცესში მონაწილეობას. ამ მოთხოვნას დაეთანხმა პროკურორი და მოსამართლემ ირმა ჭკადუას შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა, საქმეში არსებობს მტკიცებულება ბექა კვიციანის ბრალეულობის დასამტკიცებლად.მისივე თქმით, კვიციანმა პოლიციელებს წინააღმდეგობა დაკავების დროსაც გაუწია და ამაზე ცალკე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მისივე თქმით, დაინიშნება ფსიქიკური ექსპერტიზა.

იხილეთ ასევე: "მერჩივნა ბექა მოეკლათ, მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს" - რას ამბობენ მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული კვიციანის ახლობლები?

(სპეციალურად საიტისთვის)