ნორა კვიციანი: "საღ გონებაზე როგორ მოკლავდა მეგობარს?!" - კვირის პალიტრა

ნორა კვიციანი: "საღ გონებაზე როგორ მოკლავდა მეგობარს?!"

"როცა ეს ამბავი გავიგე, მართლა მერჩივნა, ბექა ყოფილიყო მკვდარი. ბექას სიცოცხლეს აზრი არ აქვს. ისეთი მოსიყვარულე ოჯახები იყვნენ... ნოდარის ბავშვის ნათლიაა და ასეთი სასწაული რამ ჩაადენინა, არ ვიცი. ამბობენ, ბექა წამლის ზემოქმედების ქვეშ იყოო"

თბილისის საქალაქო სასამართლომ 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილს, ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღით 14 ჭრილობა მიაყენეს. ახლობლებმა იცოდნენ, რომ იმ დღეს ნოდარი ბექა კვიციანთან ერთად იყო. ისინი მანქანით ისნის ბაზრობიდან ერთად გავიდნენ და მას მერე ორივეს ეძებდნენ. ორი დღის შემდეგ ნოდარ ცხადაძე თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული იპოვეს. გაგრძელდა ბექა კვიციანის ძებნა და ის 13 ნოემბერს ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე დააკავეს. ემზარ კვიციანი ამბობს, რომ მისი ძმისშვილი შემთხვევით ქუჩაში ნახა და დაარწმუნა, რომ პოლიციას ჩაჰბარებოდა. "ქუჩაში ვიპოვე შემთხვევით, სააკაძეზე ფეხით მიდიოდა და შემთხვევით გადავაწყდი. არაფერს ჰყვება. იცინოდა. არ ახსოვს არაფერი. მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის. ვფიქრობ, ჩასვამენ და უმკურნალებენ", - გვითხრა ემზარ კვიციანმა.

ბექა კვიციანს ჩვენება ჯერ არ მიუცია. მის ინტერესებს ადვოკატები ირმა ჭკადუა და შოთა მანელიძე იცავენ.

სასამართლო სხდომის გახსნისთანავე ბრალდებული საბრალდებო სკამიდან წამოხტა, შეახტა შემინულ კედელს და უშვერი სიტყვებით დაიწყო გინება. ბადრაგის თანამშრომლებმა დარბაზიდან შობოჭილი გაიყვანეს. ამის შემდეგ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სხდომის დახურვა მოითხოვა. როგორც მან განაცხადა, პროცესზე საუბარი იქნება ბექა კვიციანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მათ არ უნდათ, ეს ინფორმაცია საჯარო გახდეს. ადვოკატმა ასევე მოითხოვა, სხდომა ბრალდებულის გარეშე ჩატარებულიყო, რადგან ის აგრესიულია და ვერ შეძლებს პროცესში მონაწილეობას. ამ მოთხოვნას დაეთანხმა პროკურორიც. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შემდეგ დამსწრეებს დარბაზის დატოვება მოგვთხოვეს. ადვოკატებმა სასამართლოს 10.000-ლარიანი გირაო შესთავაზეს, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროკურორი ითხოვდა პატიმრობას, რაც დაკმაყოფილდა კიდეც.

გრიგოლ ბიბილაშვილი, სახელმწიფო ბრალმდებელი: "ის არგუმენტაცია, რაც წარვადგინეთ, სრულად გაიზიარა სასამართლომ და დაკავებულს შეეფარდა პატიმრობა. ბრალდებულის მიმალვის საფრთხე აშკარაა. ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და მხოლოდ სამი დღის მერე დააკავეს. ასევე შეიძლება მან შეუშალოს ხელი მტკიცებულებების მოპოვებას, მოახდინოს მოწმეებზე ზეწოლა. არ არის ამოღებული მკვლელობის იარაღი. იყო საფრთხე, თუ გარეთ დარჩებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას გააგრძელებდა. ის სამჯერ არის ნასამართლევი ძარცვის, ხულიგნობის, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და აგრესიული ქმედებისთვის".

ბრალდებულს განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებასთან ერთად კიდევ ერთი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი და ბრალი დაკავების შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო დაუმძიმდა.

"13 ნოემბერს დააკავეს. პოლიციის სამმართველოში რომ მოიყვანეს, გამომძიებელს უარი უთხრა ჩვენების მიცემასა და ნიმუშების აღებაზე. ჩაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. საკნის ე.წ. კარმუშკა ღია იყო, მან რაღაც რკინის ნივთი გამოისროლა იმ "კარმუშკიდან", ჩაარტყა თანამშრომელს, რის გამოც ვაკე-საბურთალოს პოლიციამ საქმე აღძრა, რომელიც გამოიგზავნა პროკურატურაში", - განმარტა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია და აცხადებს, რომ მეგობარი მას არ მოუკლავს. ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივიც. ბრალდებული მოკლულის შვილის ნათლია იყო. მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ მათ შორის კონფლიქტზე არაფერი იციან.

ჩვენი ინფორმაციით, უკვე დადგენილია ის ავტომანქანაც, რომლითაც დადიოდა ბექა კვიციანი. როგორც ირკვევა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა მანქანა პატრონს დაუბრუნა და მომხდარზე არაფერი უთქვამს. არიან მოწმეები, რომლებმაც დაინახეს, ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე როგორ ჩაუჯდა კვიციანს მანქანაში ნოდარ ცხადაძე. ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც არსებობს. შემდეგ ავტომანქანა ისნიდან ვარკეთილის მიმართულებით მიდის და ბოლოს ჩAანს "ქუალინკის" ტერიტორიაზე. სწორედ იქიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იპოვეს მოკლული ცხადაძე. რამდენიმე წუთში იმავე ტერიტორიაზე ისევ ჩანს იგივე ავტომობილი, რომელიც უკან ბრუნდება. სავარაუდოდ, ეს ვიდეომასალა იქნება პროკურატურის ერთ-ერთი მტკიცებულება ბექა კვიციანის წინააღმდეგ. ამის შემდეგ მას მიჰყავს მანქანა პატრონთან და უჩინარდება. ამოღებულია ტანსაცმელიც, რომელიც ეცვა ბრალდებულს - აშკარად ჩანს ლაქები, რაც, სავარაუდოდ, სისხლის უნდა იყოს. თუ ეს ცხადაძის სისხლი აღმოჩნდა, ესეც მტკიცებულება იქნება.

"საქმეში არ არსებობს არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ კვიციანმა ჩაიდინა დანაშაული. სახელმწიფოს ბექა კვიციანი ჰყავს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ქვეშ, რაზეც ჩვენ როგორც შიდა ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გვექნება პრეტენზია," - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ. ჩვენ ვცადეთ, ეს ინფორმაცია შეგვემოწმებინა. პროკურორი განმარტავს, რომ ბრალდებულზე ზეწოლა არ ხდება.

შოთა მანელიძე, ადვოკატი: - ვითხოვთ, სასწრაფოდ ჩატარდეს ექსპერტიზა, რათა გაირკვეს მისი ფსიქიკური მდგომარეობა. როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდი მკურნალობდა. ვიზუალურადაც ჩანს, არ არის ჩვეულებრივ მდგომარეობაში.

ნორა კვიციანი, ბრალდებულის მამიდა: - ეს დღეები ცოცხალი იყო თუ მკვდარი, არ ვიცოდით. ახლა, როცა ეს ამბავი გავიგე, მართლა მერჩივნა, ბექა ყოფილიყო მკვდარი. ბექას სიცოცხლეს აზრი არა აქვს. ისეთი მოსიყვარულე ოჯახები იყვნენ... მისი ბავშვის ნათლიაა და ასეთი სასწაული რამ ჩაადენინა, არ ვიცი. ამბობენ, წამლის ზემოქმედების ქვეშ იყოო. სრულ ჭკუაზე ასეთ რამეს როგორ ჩაიდენდა?!

- ბექა წამალდამოკიდებული იყო? - ეტყობა, ტაბლეტებს სვამდა. ამ მთავრობამ ვერა და ვერ მიხედა ამ პრობლემას. გვეღუპებიან ახალგაზრდები, ზოგი თავს იკლავს და ეს ტაბლეტები მთლად სპობს ჩვენს ახალგაზრდებს. მე არ ვიცოდი, რომ წამალს იღებდა, ახლა გავიგე. საღ გონებაზე როგორ მოკლავდა მეგობარს?! ან იარაღი საიდან მოიტანა! ალბათ, უმკურნალებენ და გონზე რომ მოვა, გაიგებს, რა ჩაიდინა, არ ვიცი, როგორ უნდა იცოცხლოს.

- ამბობენ, ბექა რამდენჯერმე ნასამართლევიაო. რატომ აირია მისი ცხოვრება? - ბავშვობიდან ძალიან ემოციური და ფიცხი ბიჭი იყო. თავს არავის დაუხრიდა. მე ციხეში ვიყავი, რომ დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

- ოჯახურ ძალადობაშიც იყო მხილებული. ცოლზე ძალადობდა? - ცოლზე არა, მაგრამ ოჯახის ამბავი ხომ იცით - უთანხმოება იყო... იურიდიულად გაშორებული არ არიან, მაგრამ ერთად არ ცხოვრობენ. ბავშვები ხან დედასთან არიან, ხან - აქ.

- ითქვა, ბექა ნოდარს "ობშიაკის" ფულს სთხოვდა და ეს იყოს მკვლელობის მიზეზიო. - ეს სიცრუეა. ისედაც განადგურებულ ოჯახებს რაში სჭირდება დაპირისპირება!

P.S. თუ დადგინდა, რომ დანაშაული შეურაცხადმა ჩაიდინა, კვიციანს ფსიქიატრიულში მოათავსებენ.