სამშობლოს შემცილებლების დამარცხება უიარაღოდაც შესაძლებელია - კვირის პალიტრა

სამშობლოს შემცილებლების დამარცხება უიარაღოდაც შესაძლებელია

"ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ითხოვენ, აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ის კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ"

ამ ადამიანის ლეგენდასავით ამბავი ერთი ლამაზი ფილმის სიუჟეტს ჰგავს. ფილმისა, რომელიც ტყვეობაში ნაპოვნ თავისუფლებაზე გვიამბობს. მისი მთავარი გმირი გახსენებს, რომ ადამიანისთვის უპირველესი ღირსებაა, გასწავლის, რომ როცა შენს მიწა-წყალზე მყარად დგახარ, სამშობლოს შემცილებლების დამარცხება უიარაღოდაც შესაძლებელია. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი იმ საგმირო ეპოსის გაგრძელებაა, რომელიც მანამდე გიორგი ანწუხელიძის, არჩილ ტატუნაშვილისა და სხვათა სიმამაცეზე გვიამბობდა.

როდესაც ოკუპანტებმა ქართველი ექიმი დააკავეს და სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის პასუხი მოსთხოვეს, უპასუხა, სახელმწიფო საზღვარი მე ფსოუზე და როკის გვირაბთან ვიციო და თარჯიმანი მოითხოვა: "ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია, რუსულად არ დაგელაპარაკებით". როგორც ჩანს, მისი ეს სიტყვები გახდა მიზეზი, რომ საზღვრის დარღვევისთვის ექიმ-ტრავმატოლოგს, საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტ ვაჟა გაფრინდაშვილს არა ადმინისტრაციული სასჯელი, არამედ ორთვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დაკავებული ექიმი ახალგორიდან ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მძიმე ავადმყოფის მოსანახულებლად მიდიოდა. თბილისის კლინიკიდან წასული პროფესორი 9 ნოემბერს, დაახლოებით 15 საათზე სოფელ სამთავისთან ჩამოვიდა, სადაც პაციენტის ახლობელი დახვდა. ამის შემდეგ მათი კვალი იკარგება. 13 ნოემბერს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი თანმხლებ პირთან ერთად ახმაჯი-ორჭოსანს შორის არსებულ ტერიტორიაზე დააკავეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ექიმმა მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად. ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ საოკუპაციო რეჟიმს საქართველოში აშშ-ის საელჩომაც მოუწოდა.

"თეთრი ხალათების" აქცია, რომელიც მედიკოსებმა საქართველოს მასშტაბით გამართეს

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა უკვე მიმართა "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტს. ის ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ცხინვალში მუშაობს და უფლება აქვს დაკავებულები მოინახულოს. მან წასვლის წინ სახლში დაიბარა, რომ საქმეებზე მიდიოდა, რამდენიმე საათში კი მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ. ამის შემდეგ მისი ტელეფონი გაითიშა. თამილა ლაფანაშვილის თქმით, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისი მეუღლის მისვლის მიზანი, სავარაუდოდ, ახალგორში მცხოვრები 67 წლის თამარ გიგაურისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. ახალგორის განათლების განყოფილების ყოფილი უფროსი და დამსახურებული პედაგოგი თამარ გიგაური 7-მეტრიან ჭაში ჩავარდა. მას სხეულის მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობები აქვს. გიგაურს თბილისში გადმოყვანაზე უარი უთხრეს და პირველადი დახმარება ცხინვალში აღმოუჩინეს. ის ამჟამად შინ, ახალგორში იმყოფება.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა, საოკუპაციო ძალებმა 11 ნოემბერს ახმაჯსა და ორჭოსანთან საქართველოს სამი მოქალაქე, მწყემსები - მიშელაშვილი, ზადიშვილი და ტუხიაშვილი დააკავეს. ისინი 13 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ფულადი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ყოფილი პატიმრები ჰყვებიან, რომ ცხინვალის იზოლატორში ქართველი ექიმი საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს.

დავით ღვინიაშვილი, "გორმედის" ექიმი: "ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული პირები და მათ გავესაუბრე. როგორც ამბობენ, ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ითხოვენ, აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ის კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ".

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი: - მსოფლიო ექიმთა ასოციაციას მივმართავთ და ვეცდებით, რაც შეიძლება მეტად ჩავრთოთ საერთაშორისო საზოგადოებრიობა. საოკუპაციო რეჟიმი ისე გათავხედდა, რომ ექიმიც კი დაატყვევა. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელიც ჰყავდათ გატაცებული.

როგორც ვიცი, ექიმმა მოითხოვა თარჯიმანი და განაცხადა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა. ვფიქრობ, ეს საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. ხელისუფლებამ გარანტია უნდა მისცეს ხალხს, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში იმას მაინც მიაღწევენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კორიდორი არსებობდეს. სამხედრო მოქმედების ზონებში, სირიაშიც კი არის ჰუმანიტარული კორიდორი. გამოვიდა აკაკი ზოიძე და თქვა, პრობლემას ჩუმად და რბილად ვაგვარებდითო. საოკუპაციო რეჟიმთან ქართველი ხალხის ზურგს უკან ჩურჩული შეცდომაა. ჩვენს მთავრობას რომ სწორი პოლიტიკა ჰქონდეს, საოკუპაციო რეჟიმი ასე არ გათავხედდებოდა. საქმე გვაქვს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპის უხეშ დარღვევასთან, ექიმები და სამედიცინო პერსონალი ომის დროსაც კი ხელშეუხებელია. ხელისუფლებას პროკურატურაში უკვე აღძრული უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის მუხლით. სეპარატისტული რეჟიმი ამას ვერ გაბედავდა, რომ არა ჩვენი ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება საოკუპაციო რეჟიმის მიმართ.

"მეამაყები, მამი, შენთვის ყველაფერს ვაკეთებთ, სახლში აუცილებლად დაბრუნდები!"

დაკავებული ექიმის ქალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ირინა გაფრინდაშვილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მეგობრებო, შევეცდები სიახლეები გაგაგებინოთ, ვიყავით ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახში, რომელიც ორი დღის წინ გაათავისუფლეს.

სამწუხაროდ, ცხინვალის ციხიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად, შეუძლებელია. გვიწევს ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა მეთოდით. გათავისუფლებულებმა გვითხრეს, რომ ფიზიკურად კარგად ექცევიან, რა თქმა უნდა, პირობები ძალიან რთულია, სადაც ჰყავდათ იზოლატორში.

მამა ნამდვილად არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და "საზღვარი" გადაკვეთა, ამიტომაც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული საზღვრის განზრახ გადაკვეთის მუხლით.

მთავრობიდან მაქსიმალურად ყველა ჩართულია და ცდილობენ სწრაფად მოგვარდეს ყველაფერი. ჩართულია ასევე საერთაშორისო წითელი ჯვარი, რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია ცხინვალის ტერიტორიაზე ოფიციალურად შევიდეს და დაკავებული პირადად მოინახულოს. ამ ორგანიზაციიდან ველოდებით სიახლეებს, მაგრამ რამდენიმე დღეა ვერ მოახერხეს შესვლა და ვაჟას მონახულება.

ახლა გვინდა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, წითელი ჯვრის მთავარ ოფისს ჟენევაში. გამოვიწვიოთ მაქსიმალური საერთაშორისო ჩართულობა, რომ როგორღაც სწრაფად დასრულდეს ეს ამბავი.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ თქვენგან, მიხარია და მეამაყებით.

მეამაყება მამა!!"

"ექიმი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს"

ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში: - ნებისმიერი უკანონო დაკავება ძალიან მტკივნეულია. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ექიმს, ადამიანს, რომელსაც თავად აქვს უზარმაზარი გამოცდილება უმკურნალოს ყველას, განურჩევლად ეთნიკურობისა. არ გამოვრიცხავ, რომ ის, ვინც საოკუპაციო რეჟიმში ეს გადაწყვეტილება მიიღო, ფიქრობს, ამით ჩრდილს მიაყენებს რეფერალურ პროგრამას, რომელსაც საქართველო ახორციელებს. ბევრი ოსისთვის ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია. მათი ღირსების შემლახავია, რომ ექიმი ამდენი დღის განმავლობაში უკანონოდაა დაკავებული. ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე საქმეში მყისიერად ჩაერთვნენ სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ინფორმირებული იყვნენ ჟენევის თანათავმჯდომარეები, ყველა საერთაშორისო აქტორი. ჩვენმა პარტნიორებმა თავიანთი პოზიცია საჯაროდ გამოხატეს - ექიმი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილების თანამონაწილეა - საქმე ეხება ექიმს და მის უზენაეს ვალდებულებას, პაციენტებს ყველა შემთხვევაში და ყველგან უმკურნალოს. ამის გათვალისწინებით მინდა გამოვხატო იმედი, რომ ბატონი ვაჟას გათავისუფლება დაუყოვნებლივ იქნება შესაძლებელი.

"ორივე ხელს ვწევ ამ კაცის ღირსების წინაშე"

ჯემალ ღაღანიძე, არტისტი: - რამდენს ბედავენ?! შეიძლება ექიმს, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, რომლისთვისაც მტერი და მოყვარე განურჩეველია, პირნათლად მიჰყვება თავის პროფესიას, ადამიანებისთვის გადადებულია, ასე სასტიკად მოექცე?! მედიცინის მუშაკის დატყვევება უკვე თავზე ხელაღებაა. სულ ვამბობ, რომ ექიმების პროფესია ნომერ პირველია. ადამიანს ტკივილი მოუხსნა, სიცოცხლე აჩუქო, ამაზე დიდი რა უნდა არსებობდეს ქვეყანაზე? ასეთ ადამიანს დაფასება და ხელშეწყობა უნდა, არამცთუ მოიტაცო და ტყვეობაში ამყოფო. მას რომ საზღვრის გადაკვეთისა და კანონის დარღვევის აღიარებას აიძულებენ, ეს უკვე ფაშიზმია. ყველანი ვნერვიულობთ ამ ადამიანზე... თავს გავიდნენ, ყოველ დღეს ვიღაცას იტაცებენ, ყველა სანერვიულოა, მაგრამ ექიმი - განსაკუთრებით. ორივე ხელს ვწევ ამ კაცის მოქალაქეობისა და ღირსების წინაშე. ღმერთმა ყველას მშვიდობა მოგვცეს და უვნებლად დაგვიბრუნოს ბატონი ვაჟა.

"ამ ამბავმა ანწუხელიძე გამახსენა"

ერეკლე საღლიანი, პოეტი: - ექიმი არის ხელშეუხებელი! გაცხარებული ომის დროსაც კი ავადმყოფთან მისვლა, დაჭრილის ყურადღების მიქცევა ექიმის ზნეობრივი მოვალეობაა. ამაში რომ შენ ხელს შეუშლი, რა გქვია?! ერთი რამ მიკვირს - როცა იქ, ადგილზე ავადმყოფებს ვერ უვლიან, ანუ აქედან ოსებს ჩვენი ყურადღება სჭირდებათ, რატომ დგება ქართველებსა და ოსებს შორის ის გარეშე ძალა, რომელიც ცდილობს აბურდოს ყველაფერი?! გასაგებია, ეს მიზანმიმართულია, მაგრამ გონიერებაზე ხომ უნდა იყოს დამყარებული? თავად რუსეთს გონიერი პოლიტიკა რომ ჰქონდეს, იმხელა რესურსები გააჩნია, ეს ქვეყანა აყვავდებოდა. თუმცა რუსეთს არა აქვს მთავარი რამ - გონიერება. ქართველებსა და ოსებს შორის ასეთი ურთიერთობა თვითონ რუსეთისთვისაა საზიანო, მაგრამ როდესაც ადამიანს ველიკოდერჟავული ამბიციების გარდა არაფერი გამოძრავებს, სხვას რას ელი? ამ ამბავმა ანწუხელიძე გამახსენა. მადლობა უფალს, არიან ასეთი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში. ცხინვალის იზოლატორში ყოველგვარი საშუალებით შეეცდებიან, ექიმისგან აღიარება მიიღონ. ალბათ იმიტომ გვიბედავენ ამდენს, რომ საქართველო ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია... ძალაუფლებისთვის ბრძოლამ თავგზა აგვიბნია და მთავარი სათქმელი და საკეთებელი დაგვავიწყა.

"ასეთი გმირები ბევრნი არ არიან..."

დათო ტურაშვილი, მწერალი: - ქართველი ექიმი საოცარი მაგალითია სამოქალაქო გმირობის, პასუხისმგებლობისა და საუკეთესო მოქალაქეობის. ასეთები შეიძლება ბევრნი არ არიან, მაგრამ საქართველოში სულ იყვნენ და იქნებიან ისეთები, როგორიც ბატონი ვაჟაა.

ჩვენ თუ მართლა გვაქვს სახელმწიფო, ეს კაცი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. სამწუხაროდ, როცა საკუთარი ხელისუფლებაც შეურაცხყოფას გვაყენებს და ისე გვექცევა, როგორც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მოგვექცა და მოგვატყუა, მერე დამპყრობელიც და ყველა სხვა დანარჩენიც უარესად დაგვჩაგრავს. ბატონ ვაჟას დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ გათავისუფლებას ვუსურვებ.