"თუ იცით რამე, ჩვენ, შვილებს, მაინც გვითხარით" - კვირის პალიტრა

"თუ იცით რამე, ჩვენ, შვილებს, მაინც გვითხარით"

ქართველები მალაიზიური თემიდას მოლოდინში

"რომ იცოდეთ, როგორ გვენატრება დედა!"

"რამდენიმე ნომრის წინ "კვირის პალიტრა" მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალბატონების შესახებ წერდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ საინფორმაციო საშუალებებში დაკავებულებზე არაფერი თქმულა. თითქოს მიივიწყეს ეს ადამიანები. არადა, ძალიან გვაინტერესებს, რა ბედი ელით ჩვენს თანამემამულეებს.

ნათია ვერულაშვილი, თბილისი"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მალაიზიაში ქართული დელეგაციის წევრებმა ბაბუცა გორდაძის მონახულება შეძლეს.  ის კარგად გრძნობს თავს. არაფერი თქმულა დარეჯან კოხტაშვილის შესახებ. მასზე არც მისი ოჯახის წევრებმა იციან რამე.

შეგახსენებთ, რომ დარეჯან კოხტაშვილი 28 ოქტომბერს მალაიზიის სამართალდამცველებმა ქვეყნის ერთ-ერთ აეროპორტში დააკავეს, ბაბუცა გორდაძე კი კუალა-ლუმპურის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულებს ფერწერული ტილოების ჩარჩოებში 5-5 კგ ნარკოტიკული ნივთიერება ამფეტამინის შემცველი აბები აღმოაჩნდათ. შემდეგ მოვლენები საკმაოდ უცნაურად განვითარდა: ბაბუცა გორდაძის ოჯახის წევრებმა მომხდარში დაადანაშაულეს სიძე, გიორგი (ელდარ) დავითიანი, რომელმაც ქალები თურქეთში სამუშაოდ თავად წაიყვანა.

ხათუნა (დარეჯან კოხტაშვილის უფროსი ქალიშვილი, 19 წლის): - მთელი დღე ტელევიზორს ვართ მიჯაჭვულნი - იქნებ რაიმეს მოვკრათ ყური. ბოლო ინფორმაცია სამი კვირის წინ იყო. მაშინ გამოაცხადეს, რომ დედას სასამართლო პროცესი გადაიდო. ადრე სახალხო დამცველის აპარატში ვრეკავდი ხოლმე. ამჯერად მითხრეს, - ის, ვინც ჩვენ ინფორმაციას გვაწვდიდა, აღარ გვიკავშირდება, თუ რამეს შევიტყობთ, გაგაგებინებთო.

რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დავრეკეთ, და ვთხოვეთ, ჩვენი დელეგაციის რომელიმე წევრის ტელეფონის ნომერი მოეცათ, მაგრამ თავაზიანი უარი მივიღეთ. სასოწარკვეთილები ვართ, - ცრემლი მოადგა ხათუნას თვალზე, - ბაბუცას  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტელევიზიით ხშირად საუბრობენ, დედაზე კი არაფერს ამბობენ, ეს ძალიან გვაშინებს. გამოდის, რომ ბაბუცაზე ყველაფერი იციან და დედაზე კი არა.

მარი (დარეჯანის უმცროსი ქალიშვილი, 17 წლის): "ფოტო მაინც გვაჩვენონ, ან რამე, რომ დავრწმუნდეთ, იქ არ აწამებენ და ჯანმრთელად არის. ვის მივმართოთ, აღარ ვიცით, ყველგან ვრეკავთ, მაგრამ ყველა თბილად გვიშორებს თავიდან".

ხათუნა: "დედამ იმ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, სადაც ბაბუცა მუშაობდა. დამეგობრდნენ. ბაბუცას ოჯახს თბილისში სახლი არ ჰქონდა და ვერც ქირის გადახდას ახერხებდნენ დროულად, ამიტომ გიორგი თურქეთში წავიდა სამუშაოდ, ბაბუცა კი ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. გიორგი თურქეთიდან თითქმის ყოველდღე ურეკავდა მეუღლეს. როდესაც თბილისში ჩამოვიდა, ბაბუცასთან დადიოდა მაღაზიაში და დედაც იქ გაიცნო. იცოდა, რომ გვიჭირდა. დედა მარტო გვზრდის, ამიტომ დედას თურქეთში შესთავაზა სამუშაო, მერე ბაბუცასაც წამოვიყვანო.

გიორგი ძალიან თბილი და გულღია ადამიანია, დაჯერებაც კი მიჭირს, რომ ბაბუცას სასიკვდილოდ ან თუნდაც ციხისთვის გაიმეტებდა, მათ ხომ მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. თურქეთიდან რომ რეკავდა, ხშირად გვეუბნებოდა, თუ რამე გინდათ, მითხარით და გამოგიგზავნითო. როდესაც დედა და ბაბუცა თურქეთიდან გვირეკავდნენ, გიორგიც გველაპარაკებოდა. დედა ტიროდა ხოლმე, - უჩემოდ როგორ ხართო, ის კი ამხნევებდა, - ყველაფერი კარგად იქნებაო".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაბუცა გორდაძის  ოჯახის მოთხოვნით გიორგი დავითიანზე ძებნა გამოაცხადა. თურქეთში მიმალვაში მყოფმა დავითიანმა 4 ნოემბერს კოხტაშვილების ოჯახში დარეკვა მოახერხა და დარეჯანის ქალიშვილებს უთხრა, რომ ის ამ საქმეში სრულიად უდანაშაულო იყო და ამას აუცილებლად დაამტკიცებდა (ამ სატელეფონო საუბრის შესახებ "კვირის პალიტრაც" წერდა. - ავტ.); თუმცა ორიოდე დღის შემდეგ იგი საქართველოში ჩამოფრინდა და პოლიციაში გამოცხადდა.

დავითიანის გამოჩენამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ყველა ფიქრობდა, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება მალაიზიაში დაკავებულებს სასიკვდილო განაჩენს თავიდან ააცილებდა. მოულოდნელად გიორგი დავითიანმა  აღიარა, რომ  ჩარჩოებში ჩატანებული ნარკოტიკების შესახებ ყველაფერი იცოდა და რომ მან გაატანა სურათები ქალბატონებს...

გიორგის ჩვენებამ კიდევ მეტი კითხვა გააჩინა, - იყო რეალურად გიორგი დავითიანი დანაშაულებრივი ჯაჭვის რგოლი, თუ უბრალოდ მეუღლის გადასარჩენად აიღო დანაშაული საკუთარ თავზე? როდესაც ყველა გახმაურებულ საქმეზე დაკავებულები ჩვენებას ხშირად  პირდაპირ ეთერში იძლევიან, დავითიანის ჩვენების დეტალები რატომღაც არ გაახმაურეს. ამიტომ საზოგადოებაში კითხვები ისევ კითხვებად დარჩა - გიორგი დავითიანის საქმეში ფიგურირებდა კიდევ ერთი პიროვნება, ვინმე ბესო.

ხათუნა: "ჩვენ ვიცოდით, რომ ბესო გიორგის მეგობარი იყო. როდესაც დედა და ბაბუცა თურქეთში მიდიოდნენ, ბაბუცამ ბესოს ტელეფონი დაგვიტოვა, - თუ გიორგის ტელეფონი გამორთული ექნება, ბესოს ნომერზე დარეკეთ, ერთად ცხოვრობენო. დედა რომ დაიჭირეს, ბესოს დავურეკეთ, თან არაერთხელ, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო.  გიორგი ჯერ დაკავებული არ ჰყავდათ, რომ მეც დამკითხეს - სად გაიცნო დედამ გიორგი, რაზე საუბრობდნენ დედა და ბაბუცა სახლშიო და ა.შ."

ქართული კანონმდებლობით, დაკავებულ გიორგი დავითიანს უვადო პატიმრობა ემუქრება.

მარი: "დედას არ უნდოდა თურქეთში წასვლა. ადრეც იყო ნამყოფი - როცა ძალიან გაგვიჭირდა, სტამბოლში წავიდა, თუმცა ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა. ბებიას ატირებული უყვებოდა, - დასაქმების ოფისში რამდენიმე დღე დავყავი. როდესაც თურქები ჩვენს დასაქირავებლად მოდიოდნენ, ჩაგვამწკრივებდნენ და ვინც მოეწონებოდათ, ის მიჰყავდათ. მეც ერთმა ოჯახმა წამიყვანა ბავშვის მოსავლელად, მაგრამ ისეთ მძიმე პირობებში ვიყავი, ვეღარ გავძელიო...

დედასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით, ამიტომ მიჭირს იმის დაჯერება, თითქოს იცოდა, მალაიზიაში რომ მიდიოდა და ჩვენ არ გვითხრა".

ხათუნა: "დღემდე მგონია, რომ ეს ყველაფერი სიზმარია, ჩვენთვის ხომ ყველაფერი დამთავრდა... ბაბუცას ოჯახი გვირეკავს და გვამხნევებს, ისინი იმედიანად არიან. საწყალი ბებიაჩემი ხან ისეთი სასოწარკვეთილია, ტირილით აღამებს დღეებს, ხან იმედიანად არის - სიავე სიცოცხლეში არ გამიკეთებია და უფალი არ გამწირავსო. სავარაუდოდ, 7 დეკემბერს სასამართლო პროცესია. როგორც გავიგეთ, ორივესი ერთად იქნება.

ვიცით, რომ ადვოკატის მომსახურება ჩვენს  ხელისუფლებას ძვირი უჯდება და მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ თუ იციან რამე, იქნებ ჩვენ, შვილებს, მაინც გვითხრან. სული დაგველია მოლოდინში. ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა. ახლა ყველაზე მძიმე და აუტანელი გაურკვევლობაა. რომ იცოდეთ, როგორ გვენატრება დედა, ვინ იცის, როგორ დამთავრდება ეს ამბავი, ამიტომ როგორ გვინდა რომ ერთი წუთით მაინც შევავლოთ თვალი დედას".