"ვიცოდით, რომ და-ძმას პრობლემები ჰქონდათ, ბოლო ხანს თაკო ამბობდა ძმაზე, საშიშიაო, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ დედას და დას სასიკვდილოდ გაიმეტებდა" - კვირის პალიტრა

"ვიცოდით, რომ და-ძმას პრობლემები ჰქონდათ, ბოლო ხანს თაკო ამბობდა ძმაზე, საშიშიაო, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ დედას და დას სასიკვდილოდ გაიმეტებდა"

თბილისში, ატენის #20-ში დატრიალებულმა შემზარავმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით სამი ადამიანის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. მოკლულები ერთი ოჯახის წევრები არიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირინე გედევანიშვილი, მისი 34 წლის ქალიშვილი თამარ (თაკო) აბაშიძე და ვაჟი, ლევან აბაშიძე.

ტრაგედია, სავარაუდოდ, 17 ნოემბერს, გამთენიას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მკვლელობა ლევან აბაშიძემ ჩაიდინა, მან და და დედა მოკლა, ამის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცავებმა საქმე განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღძრეს. როგორც ირკვევა, ლევანს სახლში იარაღი ჰქონდა და მკვლელობები სწორედ ამ იარაღიდან გასროლით მოხდა.

მკვლელობის იარაღი უმძიმესი ტრაგედიის ადგილზეა ნაპოვნი. ჩვენი ინფორმაციით, ეს ვერსია სარწმუნოა, რადგან ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით დასტურდება, რომ ლევანს ბოლოს თავი აქვს მოკლული. ამას ადასტურებს ტყვიის ტრაექტორია. გარდაცვლილ დედას და მის ქალიშვილსაც თითო ნატყვიარი აქვთ სხეულზე. გაიგეს თუ არა მეზობლემა იმ ღამით გასროლის ხმა და ისმოდა თუ არა ბინიდან კონფლიქტის ხმა, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცალსახაა, რომ ამ ტრაგედიას წინ ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი უძღოდა.

როგორც ირკვევა, განგაში 17 ნოემბერს, დღისით ატყდა, რადგან მეზობლები ეზოდან საკუთარი მანქანების გაყვანას ვერ ახერხებდნენ. გზა გადაკეტილი ჰქონდა თაკო აბაშიძის ავტომანქანას, მასთან და ირინე გედევანიშვილთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობენენ მეზობლები, არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა ვინმე და არც ბინის კარს აღებდა. ამის შემდეგ მეზობელი აბაშიძეების ნათესავის სახლში ავიდა, რომელიც იმავე კორპუსში ცხოვრობს, შემდეგ მან სცადა დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ნათესავმა გამოიძახა სამაშველო სამსახური, რომ ბინის კარი გაეღოთ და გაერკვიათ იქ რა ხდებოდა. იქ შესულ ძალოვნებს და მაშველებს კი საშინელი ტრაგედია დახვდათ. ტრაგედიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ერთი ვერსიით, სავარაუდოდ ლევანი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო, როცა ეს უმძიმესი დანაშაუალი ჩაიდინა. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქმეში სხვა პირი ფიგურირებს და მან ამოხოცა ოჯახი, არ დასტურდება. როგორც შევიტყვეთ, და-ძმას შორის დიდი ხანია კონფლიქტი იყო. ძმასთან დაპირისპირებისთვის თავი რომ აერიდებინა, თაკო თურმე საცხოვრებლად ქირით გადავიდა.

ჩვენი ინფორმაციით, იმ ღამით თაკო ღამის 4 საათზეა სახლში მისული, რატომ მივიდა იქ ის ასე გვიან, ამაზე პასუხი ახლობლებს არ აქვთ. თაკო აბაშიძე და ეკო ფანგანი

ტრაგედიის ადგილას ბევრი მისი მეგობარი იყო და ყველა წუხს მომხდარი ტრაგედიის გამო.

ერთ-ერთი მეგობარი მეორეს იმასაც ეუბნებოდა, ღამით ვესაუბრე, მითხრა, დაღლილი იყო, სახლიდან არსად გასვლას არ აპირებდა და არ ვიცი, ღამის 3 საათზე ატენზე რატომ მოვიდაო. ინფორმაცია, რომ თითქოს იქ ვიღაც უცხო პირი მივიდა, არ დასტურდება. თაკოს უახლოესი მეგობარი ეკო ფანგანი ადასტურებს, რომ თაკო შუაღამით არის იქ მისული, თუმცა ამის მიზეზი მან არ იცის.

ეკო ფანგანი: - თაკო ძალიან კარგი ადამიანი იყო, უამრავი მეგობარი ჰყავდა, მეც ატენის ქუჩაზე ვცხოვრობდი. ჩემი მეზობლები იყვნენ, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით... ყველას განსაკუთრებულად უყვარდა თაკო. ხშირად ვეუბნებოდი, - უნდა შეგეძლოს, როცა  ვიღაც გაწყენინებს, გამოხატო რომ გეწყინა-მეთქი... ძალიან მიმტევებელი იყო, ლაღი ბუნების. უბრალოდ, ძმასთან ჰქონდა პრობლემები, ძმა არ იყო ცუდი ბიჭი, მაგრამ ბოლო ხანს და-ძმა ვერ ეწყობოდა ერთმანეთს, ამიტომ თაკო იმ სახლში არ ცხოვრობდა, დაახლოებით, ღამის 4 საათზეა იქ მისული. ამიტომ იდგა მისი მანქანა ასე შუა გზაზე და უშლიდა ხელს სხვა მანქანების გავლას. სახლიდან იმიტომ წავიდა, რომ ლევანთან კონფლიქტები არ უნდოდა.

- ლევანი უცხოეთში არ ცხოვრობდა? - კი, თუმცა პერიოდულად ჩამოდიოდა, ბრიტანელი ცოლი ჰყავდა, რომელსაც როგორც ვიცი, დაშორდა. ლევანი მძიმე ხასიათის იყო, მეგობრებმა ვიცოდით, რომ და-ძმას პრობლემები ჰქონდა, თაკო ამბობდა, საშიშიაო. დედა განსაკუთრებულად უყვარდა ლევანს ხატად ჰყავდა, არ ვიცი, როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ, ფხიზელი არ იყო ალბათ, ან შეიშალა... ფანტასტიკური ქალი იყო ირინა, ძალიან სიმპათიური და თბილი.. ცდილობდა შვილის ცხოვრების დარეგულირებას, მაგრამ არ გამოსდიოდა.

- ამბობენ, ლევანი ნარკოდამოკიდებული იყოო...

- ალბათ იყო, ბოლო დროს არ მინახავს, რადგან იქ აღარ ვცხოვრობ. ეს არ იქნება მიზეზი, რადგან ნახევარი საქართველოა ნარკომანი, მაგრამ ასეთი რამ არ ხდება, თუმცა ამანაც იმოქმედა ალბათ... თავის ტრავმა ჰქონდა ლევანს, რამდენიმე წლის წინ ჩხუბში მოხვდა და აგურით სცემეს, მაშინ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა და პრობლემებიც მას მერე დაიწყო.

- რატომ უნდა მისულიყო თაკო იქ ღამის 3-4 საათზე ატენის ქუჩაზე, დედის ბინაში?

- სავარაუდოდ, დედამ დაურეკა, ეტყობა რაღაც ისეთი გაიგო და გავარდა სახლში თავისიანებთან. ალბათ ამას გამოძიება დაადგენს, ზარები ან მიმოწერა იქნება. თან მანქანაც ისე გაუჩერებია უცებ რომ მივარდები სადღაც და მალევე რომ აპირებ უკან წამოსვლას, ზედ სადარბაზოსთან იდგა მანქანა... თაკო თავიდან ბიძაშვილებთან ცხოვრობდა, ახლა ნაქირავებში იყო. მეგობრებმა ვიცოდით, რომ ძმასთან უთანხმოება ჰქონდა, რაღაცები არ მოსწონდა თაკოს, რაღაც არ მოსწონდა ლევანს...

იხილეთ ასევე: ვინ იყო ბიჭი, რომელმაც, სავარაუდოდ, დედა და და მოკლა - ვის და რატომ სთხოვდა დახმარებას ლევან აბაშიძე?!

(სპეციალურად საიტისთვის)