ვინ იყო ბიჭი, რომელმაც, სავარაუდოდ, დედა და და მოკლა - ვის და რატომ სთხოვდა დახმარებას ლევან აბაშიძე?! - კვირის პალიტრა

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც, სავარაუდოდ, დედა და და მოკლა - ვის და რატომ სთხოვდა დახმარებას ლევან აბაშიძე?!

17 ნოემბერს ვაკეში, ატენის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეში საინტერესო დეტალებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი".

როგორც ცენტრის ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა AMBEBI.GE-ს უამბო, ლევან აბაშიძემ, რომელმაც სავარაუდოდ, დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, სამართალდამცველების მხრიდან შევიწროვების გამო დახმარებისთვის ცენტრს რამდენჯერმე მიმართა.

ლევან აბაშიძე 2016 წლის 9 სექტემბრით დათარიღებულ წერილში "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიმართავს და წერს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისგან იდევნება.

ცენტრის ადვოკატმა AMBEBI.GE-ს წერილის ასლი და ლევან აბაშიძის ფოტო ექსკლუზიურად მიაწოდა.

"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე (გულისხმობს 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს, ავტ.) ჩემთან სახლში მოვიდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. დედაჩემს სთხოვეს, რომ ჩემთვის დაერეკა და ეთქვა ეს ამბავი. დედას ვთხოვე, დაელაპარაკებინა რომელიმე მათგანი. ვესაუბრე მათგან ერთ-ერთს და ვთხოვე, არ ენერვიულებინათ ადამიანი, ხუთ წუთში სახლში ვიქნებოდი.

ამ დროს მე ვიმყოფებოდი აბაშიძის ქუჩაზე, მეგობართან. წავედი სახლში. სადარბაზოსთან დამხვდა ორი შავი "ტოიოტა ქამრის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც არავინ იჯდა. სახლში დამხვდა ხუთი ან მეტი ადამიანი, აქედან ერთ-ერთი გამეცნო, როგორც ვაკის პოლიციის უფროსი.

არასოდეს ვყოფილვარ ციხეში, არასოდეს ვყოფილვარ ნასამართლევი. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. მომთხოვეს ქვეყნის დატოვება რამდენიმე საათში, თუ არა შენს თავს დააბრალე რაც მოგივაო და წავიდნენ.

დავემორჩილე მათ მოთხოვნას იმ იმედით, რომ არჩევნები ჩაივლიდა და შევძლებდი გაურკვევლობის გარკვევას და სახლში დაბრუნებას. მაგრამ არავინ არაფერს მეუბნება, თითქოს არც ვარსებობ. გთხოვთ, დამიცვათ და დამეხმაროთ გაგებაში, რა ხდება ჩემს თავს",  - წერდა გარდაცვლილი ლევან აბაშიძე 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილში.

ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, ის პირადად გახდა მოწმე, როგორ ეუბნებოდნენ უარს მესაზღვრეები აბაშიძეს გადმოეკვეთა საქართველოს საზღვარი, ისე რომ არანაირ განმარტებას არ აძლევდნენ:

"2016 წელს ამ ბიჭმა მოგვმართა განცხადებით, ითხოვდა სამართლებრივ დახმარებას. ამბობდა, რომ მას სდევნიდნენ და საქართველოს საზღვარზე შემოსვლისა და გასვლის უფლებას უზღუდავდნენ. მე პირადად ვარ შემსწრე, როგორ აუხსნელად ეუბნებოდნენ უარს მესაზღვრეები გადმოეკვეთა ქვეყნის საზღვარი... იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ვიცოდით, რომ და-ძმას პრობლემები ჰქონდათ, ბოლო ხანს თაკო ამბობდა ძმაზე, საშიშიაო, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ დედას და დას სასიკვდილოდ გაიმეტებდა"

იხილეთ ასევე: "ალბათ, აქამდე დახვრეტილი ვიქნებოდი" - რა მიმართვა გაავრცელა გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე დედისა და დის მკვლელობაში ბრალდებულმა