"მინისტრი ვიყავი და კარგად ვიცი, როგორ იქცევა მოსამართლე და როგორ იქცევა მანდატური" - რას მოჰყვა ხმაური, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულების პროცესზე - კვირის პალიტრა

"მინისტრი ვიყავი და კარგად ვიცი, როგორ იქცევა მოსამართლე და როგორ იქცევა მანდატური" - რას მოჰყვა ხმაური, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულების პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულების პროცესზე ხმაური იყო. ხმაური დარბაზიდან 3 პირის გაძევებას მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ მათი დარბაზიდან გაყვანა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ მანდატურები რობოკოპებივით იქცევიან.

"რობოკოპებად აქციეთ მანდატურები. მინისტრი ვიყავი და კარგად ვიცი, როგორ იქცევა მოსამართლე და როგორ იქცევა მანდატური. მანდატური არის ძალიან ზრდილობიანი ქცევის მაგალითი. ჭიდაობას დაიწყებდა ეს გოგო?",- განაცხადა ერთ-ერთი პირის გაყვანის შემდეგ გიორგი ბარამიძემ.

დარბაზში მყოფი პირებს მოსამართლემ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს გამართული აქციების დროს დაკავებულთა პროცესზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. დარბაზში დაკავებულებთან ერთად ჰიმნი დამსწრე საზოგადოებამაც იმღერა. ჰიმნის შესრულებას ტაში და ოვაციები მოჰყვა, რის შემდეგაც მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სამი პირი დარბაზიდან გააძევა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.

"ინტერპრესნიუსი"