ვინ არის ქალი, ვისაც არაერთი ქართველი მეზღვაური მოტყუებაში ადანაშაულებს? - კვირის პალიტრა

ვინ არის ქალი, ვისაც არაერთი ქართველი მეზღვაური მოტყუებაში ადანაშაულებს?

"მეზღვაურობა არის გზა, თითქმის არასდროს იცი, საით წაგიყვანს და დაგაბრუნებს თუ არა სახლში", - ამბობენ მეზღვაურები. ნაოსნობაში დაუწერელი კანონის თანახმად, გემთმფლობელმა უნდა დაიცვას საკუთარი ეკიპაჟი, თუმცა არსებობს არაერთი საეჭვო რეპუტაციის კომპანია, მათ შორის თურქულ-ბერძნული REX malturi Sovereign M-ი, რომელიც ამ კანონს უგულებელყოფს. მიუხედავად ამისა, მასთან თანამშრომლობას ქართველი მეზღვაურები არ ერიდებიან. შედეგად არაერთი მათგანი აღმოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ციხეში.

მეზღვაურთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სტანდარტებით, როდესაც გემთმფლობელსა და მეზღვაურს შორის წერილობითი ხელშეკრულება ფორმდება, ის ორივე მხარისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს შედგენილი. ასევე უნდა შეთანხმდეს სამუშაო ვადები და გრაფიკი, ხელფასის ოდენობა და თანხა, რასაც მეზღვაური დამატებითი სამუშაო საათების შესრულებისთვის მიიღებს. იმის გამო, რომ ქართველი მეზღვაურები დაბალი კვალიფიკაციის კადრებად ითვლებიან, ორივე მხარე საერთაშორისო სტანდარტის გვერდის ავლით ცდილობს შეთანხმებას, რაც უმეტეს შემთხვევაში სავალალოდ მთავრდება - დამსაქმებელი ქართველ მეზღვაურებს ართმევს პასპორტებს და თვეების განმავლობაში უხელფასოდ ამუშავებს. არის შემთხვევები, როდესაც მათ საეჭვო გარემოებებში სხვადასხვა ქვეყნის პორტებში აკავებენ და გასამართლების შემდგომ ციხეში გადაჰყავთ.

ვინ არის "დამსაქმებელი" ლაურა ჩადუნელი

ბოლო წლებში ამ სფეროში "ცნობილია" თურქეთის მოქალაქე ქართველი ლაურა ჩადუნელი, რომელიც მეზღვაურების არალეგალურ დამსაქმებლად ითვლება და მისი "დამსახურებით" არაერთი ქართველი მეზღვაური მოატყუეს ან მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში მიატოვეს. მის სახელს უკავშირდება 2012 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოტყუებით შეყვანილი ქართველი მეზღვაურების: გიორგი საპანაძის, მანუჩარ ბოლქვაძის, აზიზ ვარშანიძისა და სულხან ცეცხლაძის საქმე. ისინი პანამის დროშით მცურავი თურქული გემის ეკიპაჟის წევრები იყვნენ და სოხუმის პორტში ტყვეობაში წელიწადზე მეტხანს უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ექვსთვიანი ხელშეკრულების მიხედვით, ეკიპაჟი ბულგარეთის პორტში უნდა შესულიყო, თუმცა ქართველი მეზღვაურები ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ისინი დამსაქმებელ ლაურა ჩადუნელს ადანაშაულებდნენ.

საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა მეზღვაურებს, არ ეთანამშრომლათ ლაურა ჩადუნელთან, თუმცა უშედეგოდ, ის მაინც ახერხებს თურქეთიდან ბათუმში იაფი ქართველი მუშახელის შოვნას.

ჩვენი ინფორმაციით, ჩადუნელი საქმიანობას კვლავაც განაგრძობს. იხილეთ ასევე