ვინ არიან სოხუმში მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდები? - კვირის პალიტრა

ვინ არიან სოხუმში მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდები?

სოხუმში, რესტორან "სან-რემოსთან" მოკლულები ე.წ. კანონიერი ქურდები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოკლულები არიან ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. ორივე გუდაუთელია.

შამბა და ავიძბა ე.წ გუდაუთის დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომელსაც რაულ ბარცბა, იგივე "პიზა" მეთაურობს. ასტამურ შამბა, იგივე "ასტიკი" (მთავარ ფოტოზე) და ალხაზ ავიძბა ანუ "ხასიკი", "პიზას" ნათულები იყვნენ და მათი დაჯგუფება გალის რაიონს აკონტროლებდა.

ბოლო დროს "პიზას" და მისი დაჯგუფების გავლენები პოლიტიკურ წრეებში გაძლიერდა, რამაც ის ერთგვარად წააქეზა. არც ისე დიდი ხნის წინ, მას ქართველ ქურდებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი "ქურდულ ოჯახში" შეყვანა, სწორედ სოხუმელი მერაბ ჯანგველაძისა და ხაჯიშვილის ინიციატივით მოხდა და მათვე "მონათლეს". ჯანგველაძე კი, თუ საიტ ПРАЙМ КРАЙМ-ის ინფორმაციას დავეყრდნობით, ციხიდან ახლად გამოსული ტარიელ ონიანის კლანშია.

სროლის დროს 22 წლის ოფიციანტი დაიჭრა. გოგონა მძიმე მდგომარეობაშია. ოპერაციის დროს მას გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

კიდევ სამი დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს რესტორან "სან-რემოსთან" ნიღბიანმა პირებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს. მოგვიანებით, მანქანა დამწვარი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"