აფხაზი კრიმინალების მკვლელობაში ქართველ "კანონიერ ქურდებს" ადანაშაულებენ - აფხაზეთში კრიმინალური დაპირისპირება ახალ ფაზაში გადავა? - კვირის პალიტრა

აფხაზი კრიმინალების მკვლელობაში ქართველ "კანონიერ ქურდებს" ადანაშაულებენ - აფხაზეთში კრიმინალური დაპირისპირება ახალ ფაზაში გადავა?

22 ნოემბერს, სოხუმში რესტორან "სან-რემოსთან" ე.წ. კანონიერი ქურდები მოკლეს. მოკლულები არიან 38 წლის ასტამურ შამბა იგივე "ასტიკი" და მისი თანატოლი ალხაზ ავიძბა, იგივე "ხასიკი". მათთან ერთად დაიჭრა მათ მაგიდასთან მყოფი მამაკაცი და ოფიციანტი ქალი, რომელიც "ქურდების" მაგიდას ემსახურებოდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ თავს სამი ნიღბიანი პირი დაესხათ, რომლებიც მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ დანაშაულის ადგილიდან. მოგვიანებით მანქანა ე.წ. სოხუმის დეპოს სიახლოვეს ცეცხლწაკიდებული იპოვეს. დანაშაულის ჩადენის ადგილი

დანაშაულის სავარაუდო მოტივი მოკლულების საქმიანობას შეეხება, ორივე "კანონიერი ქურდი" გუდაუთელია. შამბა და ავიძბა ე.წ გუდაუთის დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომელსაც 53 წლის რაულ ბარცბა, იგივე "პიზა" მეთაურობს. "ასტიკი" და "ხასიკი", "პიზას" ე.წ. ნათლულები იყვნენ, მათ "პიზას" მარჯვენა და მარცხენა ხელად ხშირად მოიხსენიებდნენ და არაერთ კრიმინალურ ისტორიაში ფიგურირებდნენ, მათ შორის მკვლელობებშიც. ცნობილია, რომ მათი დაჯგუფება გალის რაიონს აკონტროლებდა. ამიტომაც არის, რომ აფხაზურ სოციალურ ქსელებში ამ მკვლელობას გალს და ქართველებს უკავშირებენ და შურისძიებითაც იმუქრებიან.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ორმაგი მკვლელობის შემდეგ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ჩაკეტა, თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-იდან აცნობეს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზზე უკანონო შეზღუდვების დაწესება ცხელი ხაზის მეშვეობით არ დაადასტურეს.

იარაღი, რომელიც თავდამსხმელებმა გამოიყენეს

როგორც ჩანს, აფხაზეთში კრიმინალური დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის.

ვინ არის რაულ ბარცბა? ბარცბა ქურდულ სამყაროში "პიზას" მეტსახელით არის ცნობილი და წლებია, აფხაზეთში გავლენიან ქართველ, ასევე ე.წ. კანონიერ ქურდ ნიკოლოზ დგებუაძესთან, იგივე ნიკა გაგრინსკისთან არის დაპირისპირებული.

საინტერსოა ის ფაქტი, რომ დაახლოებით 2 წლის წინ აფხაზმა "ქურდებმა" ნიკოლოზ დგებუაძე სასტიკად სცემეს. დაპირისპირებას ისე არ ჩაუვლია, მოგვიანებით რაულ ბარცბას ავტომობილს ყუმბარსატყორცნი ესროლეს. როგორც ამბობენ, გასაფრთხილებლად...

ბარცბას ამბიციები, აფხაზეთში მთავარი "კანონიერი ქურდის" სტატუსი ჰქონდეს, არცთუ ისე უსაფუძვლოა, რადგან მოსახლეობის ცნობით, ბოლო ხანებში პოლიტიკურ წრეებში "გაითქვიფა". ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ბოლო ინიციატივა, აფხაზეთიდან "ქურდები" გაყარონ, მას ვერ შეეხება, რადგან სწორედ ხაჯიმბას მხარდამჭერი პოლიტიკოსების, მათი ოჯახებისა და ბიზნესწილების უკან სწორედ "პიზა" დგას. თუმცა მას აფხაზეთს გარეთ ისმაილოვისა და ჯანგველაძე-ონიანის კლანის გარდა, უამრავი მტერი ჰყავს, მათ შორის, სოხუმში დაბადებული კრიმინალების ბერძნული კლანი, რომელთაც აფხაზეთში დაბრუნება სურთ. (იხილეთ სრულად)

როგორც რუსულ მედიაში იწერება, ბარცბას აფხაზეთიდან ე.წ. კანონიერი ქურდების მოშორება სურს, განსაკუთრებით გალის რაიონიდან, სადაც გასულ წელს ის 300-მდე თანამოაზრესთან ერთად ჩავიდა. მათ შორის იყვნენ მოკლული მისივე "ნათლული" ასტამურ შამბა ("ასტიკი") და ალხაზ ავიძბა ("ხასიკი"). მოსახლეობა მათ "სამეულად" მოიხსენიებს და ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, ავტორიტეტები იყვნენ. თუმცა, "სამეული" "დაიშალა" და სავრაუდოდ, "ქურდულ სამყაროში" ახალ ომს უნდა ველოდოთ აფხაზი და ქართველი ე.წ. კრიმინალერი ავტორიტეტების მონაწილეობით.

ამ დროისთვის აფხაზეთში მყოფ "კანონიერ ქურდებზე" ლიდერობას ბარცბა ცდილობს. ის მიიჩნევს, რომ რეგიონში აფხაზის სიტყვა გადამწყვეტი უნდა იყოს. (იხილეთ სრულად)

მოამზადა ნიკა გულუამ