რუსული მკაცრი რეჟიმის კოლონია Чёрный дель­фин-დან ესპანურ ციხეში - ვის მოქრთამვაში ადანაშაულებენ ტარიელ ონიანს? - კვირის პალიტრა

რუსული მკაცრი რეჟიმის კოლონია Чёрный дель­фин-დან ესპანურ ციხეში - ვის მოქრთამვაში ადანაშაულებენ ტარიელ ონიანს?

ა.წ. ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შერემეტევოს აეროპორტში ესპანელ სამართალდამცველებს ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი გადასცა, რომელიც ე.წ. ქურდული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად მიიჩნევა და ცნობილია "ტაროს" მეტსახელით. ონიანი რუსეთში გამოძალვისა და ადამიანის გატაცების გამო 2010 წელს მისჯილ 10-წლიან სასჯელს ორენბურგის ოლქში, მკაცრი რეჟიმის კოლონია Чёрный дельфин-ში იხდიდა და საპატიმროდან 2019 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, თუმცა ის თითქმის გათავისუფლებისთანავე ხელახლა დააკავეს. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ ესპანეთს მასზე ჯერ კიდევ 2006 წლიდან ჰქონდა საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული. დიდი განსჯა იყო იმაზე, თუ სად მოხდებოდა ონიანის ექსტრადიცია - ესპანეთში თუ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც გაირკვა, ონიანს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ჰქონდა ნათქვამი.

გავრცელებული ინფორმაციით, ონიანის გარემოცვის წევრები ცდილობდნენ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნებულიყო და ამ საკითხის მოსაგვარებლად საკმაოდ დიდი თანხაც გადაიხადეს. ამბობდნენ, რომ საქართველოში ჩასვლის შემდეგ, ტარო თურქეთში წავიდოდა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტები უკვე კარგა ხანია მშვიდად ცხოვრობენ. ამ გეგმებს ხელი რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეუშალა. რუსეთში გადაწყვიტეს, რომ ონიანი არა საქართველოსთვის, არამედ ესპანეთისთვის გადაეცათ.

"ონიანის ესპანეთში ექსტრადირებას ხელს უშლიდა მისი რუსეთის მოქალაქეობა. შსს-მ კომპეტენტურ სამსახურებთან თანამშრომლობით გაარკვია, რომ მას მოქალაქეობა მიღებული აქვს კანონდარღვევით, რის შედეგადაც, მას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა და გადაეცა ესპანეთს", - განაცხადა რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.

ესპანეთში ონიანს ბრალად ედება დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზება. ამ საქმეზე 2005 წელს ქვეყანაში ესპანეთის, რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის 25 მოქალაქე დააკავეს, რა დროსაც 800-ზე მეტი საბანკო ანგარიში დაიბლოკა.

ესპანეთში ექსტრადირებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი კიდევ ერთი გამხაურებული საქმის მონაწილე გახდა. ესპანელი სამართალდამცავების მტკიცებით, "კანონიერი ქურდი" და მისი გარემოცვა კატალონიის ხელისუფლების დელეგატს ედუარდო პლანელსს ქრთამს აძლევდნენ. რუსული საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებენ, რომ ამ საკითხით ესპანეთში ცდილობენ, რომ რუსული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს დაუკავშირონ.

საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, მაშინ, როცა ონიანის თანამოაზრეებმა გაიგეს მისი ესპანეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება, დიდი ფული დახარჯეს, რათა ქართველ "კანონიერ ქურდს" ესპანეთში თავი კომფორტულად ეგრძნო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ონიანს პატიმრობა ან ვადამდელი გათავისუფლებით ან შინაპატიმრობით შეეცვლებოდა და ის თავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმასაც გადაიხდიდა.

ესპანეთში გამართულ სასამართლო სხდომაზე, "კანონიერი ქურდის" ადვოკატმა წარადგინა ცნობა, რომ ონიანის ოჯახის წევრებმა სპეციალურად იქირავეს ბინა ბარსელონაში, სადაც შინა პატიმრობის შემთხვევაში დასახლდებოდა.

მიუხედავად მსგავსი მოთხოვნისა, ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ონიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა დარჩეს, რადგან ის არის "კანონიერი ქურდი", რომელიც 2015 წელს სპეცოპერაციისას სამართალდამცავებს გაექცა და არასრულწლოვანი ქალიშვილი მიატოვა.

საბოლოოდ, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ონიანი სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის.

რუსული გამოცემის თქმით, ახლა ესპანეთში აქტიურად ეძენებ კავშირს რუსეთსა და კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს შორის. ამბობენ, რომ ამის გამო ძველი საქმე განაახლეს, როცა კატალონიის ერთ-ერთი დელეგატი ქრთამს იღებდა, რათა რუსული მაფიის წარმომადგენლებს მალხაზ თეთრუაშვილს და ტარიელ ონიანს ესპანეთში ცხოვრების უფლება მიეღოთ.

იხილეთ ასევე: რა აკავშირებდა ქურდული სამყაროს "გენერალ სიმუსს" სააკაშვილთან